ახალი ამბები

ცნობს თუ არა პარლამენტი როლანდ ახალაიას სადეპუტატო უფლებამოსილებას

21 ოქტომბერი, 2012 • 1216
ცნობს თუ არა პარლამენტი როლანდ ახალაიას სადეპუტატო უფლებამოსილებას

“მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ კიდევ არის ჯიბის სასამართლო, მისი გადაწყვეტილება არის გადაწყვეტილება. ჩვენ სამართლებრივ ქვეყანას ვაშენებთ და ვიღებთ სასამართლო გადაწყვეტილებას”, – განუცხადა პარლამენტში პირველ სხდომაზე დასასწრებად მისულმა ირაკლი ალასანიამ “ნეტგაზეთს”.

 

მისცემენ თუ არა ხმას როლანდ ახალაიასთვის დეპუტატის მანდატის მინიჭებას, ამ კითხვას არ უპასუხეს “ქართული ოცნების” წევრებმა მურმან დუმბაძემ და დავით უსუფაშვილმა. 

 

“დღეს უნდა ვცნოთ უფლებამოსილება პარლამენტის წევრების და ეს უნდა ვცნოთ. დანარჩენი თუ რამეა გასარკვევი და ბევრი რამეა გასარკვევი, ამაზე შემდგომ ვიმსჯელებთ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა როლანდ ახალაიასთან დაკავშირებით.

 

“რესპუბლიკური პარტიის” წევრის, ლევან ბერძენიშვილის თქმით, მას გაუჭირდება იმის დაჯერება, რომ ახალი პარლამენტი მხარს დაუჭერს როლანდ ახალაიას სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას. აღნიშნული განცხადება ლევან ბერძენიშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

 

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში როლანდ ახალაიამ ირაკლი ალასანია დაამარცხა. “ქართული ოცნება” მიიჩნევს, რომ ამ ოლქში არჩევნები გაყალბდა, შესაბამისად, შედგები გასაჩივრებულია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი