ახალი ამბები

საია: ენერგეტიკის სამინისტრომ კანონი დაარღვია

26 იანვარი, 2017 • 3859
საია: ენერგეტიკის სამინისტრომ კანონი დაარღვია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 18 იანვარს ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურად მიმართა და “გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის გაცემა ითხოვა. სამინისტრომ კი მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში არაა დაცული:

ორგანიზაცია სამინისტროსგან შემდეგ დოკუმენტაციას ითხოვდა:

  • საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცლოდ გაზპრომთან გაფორმებული იმ ხელშეკრულების (შეთანხმების) ასლი, რომლის მოქმედების ვადაც 2016 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა;
  •  2017 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ახალი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, გაზპრომთან წარმოებული მოლაპარაკების ამსახველი ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი;
  • 2017 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, გასაფორმებელი ახალი ხელშეკრულების თაოაბზე გაზპრომთან მიღწეული შეთანხმების ასლი.

საიას განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ იმ შეთხვევაში, თუ მათ მიერ მოთხოვნილი რომელიმე ინფორმაცია წარმოადგენდა საიდუმლოს, სამინისტროს საიასათვის უნდა მიეწოდებინა მოთხოვნილი ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევის დამადასტურებული ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის სანაცვლოდ სამინისტრომ საიას უპასუხა, რომ მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია დაცული არ არის სამინისტროში, შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ვერ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას.

“იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია გაზპრომთან მოლაპარაკებებში აქტიურდ იყო ჩართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და მიღწეული შეთანხმების თაობაზე თავად მინისტრმა აცნობა საზოგადოებას, გაურკვეველია, რას ეფუძნება სამინისტროს მიერ წერილობითი სახით წარმოდგენილი პასუხი. სამინისტროს მოქმედება კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის კომპანია გაზპრომთან მიღწეული შეთანხმების საიდუმლოდ მიჩნევის რეალურ საფუძველს. ეს აძლიერებს ეჭვს, რომ სამინისტრო ცდილობს არ გასცეს ინფორმაცია, რომლის გაცემის ვალდებულებაც კანონმდებლობით აკისრია” – ნათქვამია საიას მერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, წარმოდგენილი კორესპონდენციით ენერგეტიიკის სამინისტრომ კანონმდებლობის არაერთი მოთხოვნა დაარღვია. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანხმად: თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, არაუგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. თუმცა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ენერგეტიკის სამინისტრომ აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა.

“გარდა იმისა, რომ კანონმდებლობის თანახმად, სამინისტროს განცხადება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის უნდა გადაეგზავნა, ენერგეტიკის სამინისტრო ასევე ვალდებული იყო, რომ განცხადების უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნის პარალელურად, აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობებინა საიასათვის. სამინისტრომ არც ეს ვალდებულება შეასრულა. ამასთან, იმ შეთხვევაში, თუ განცხადებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლებელი იყო უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, სამინისტრო ვალდებულები იყო, რომ განცხადება შესაბამისი დასაბუთებით საიასათვის დაებრუნებინა” – ნათქვამია საიას განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდეს ენერგეტიკის სამინისტროს, რომ დღესვე უზრუნველყოს განცხადების შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში გადაგზავნა და აღნიშნულის შესახებ წერილობითი დასაბუთება მიაწოდოს საიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი