ახალი ამბები

დარახველიძის ბოდიში

19 ოქტომბერი, 2012 • 1213
დარახველიძის ბოდიში

“არანაირი სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამი არ გამომიყენებია. მე რაღაც შეცდომები დავუშვი. “ზანგი” ვახსენე და ამაზე მოვიხადე რამდენჯერმე ბოდიში, უნდა მეთქვა აფრო–ამერიკელი, ან ფერადკანიანი. მაგრამ წამომცდა,”- ამბობს მინისტრობის კანდიდატი და აცხადებს, რომ ITV-ის ჯგუფის მიერ გადაღებულ სიუჟეტები დამონტაჟებულია. 

 

– “ეს მასალა, რასაც არასამთავრობოები ეყრდნობიან, დამონტაჟებულია ITV-ის ჯგუფის მიერ, რომელიც 2 თვის მანძილზე ცდილობდა ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლას. შესაბამისად, მათ ჟურნალისტებად არ განვიხილავდი. მათ ეს აქვთ დამონტაჟებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები. მე არასამთავრობოებთან გავაკეთებ განმარტებას, მათ ეს განიხილეს ცალმხრივად. ყველა ის სიუჟეტი, რომელიც ITV–იმ დაამონტაჟა, გადაღებული აქვს ასევე ინფო9–ს და ძალიან მარტივად შეიძლება შედარებების გაკეთება. არც ერთი ჟურნალისტი ამ ქვეყანაზე, გარდა ამ ჯგუფისა, არ არსებობს, ვისთვისაც მე რამე მეწყენინებინოს, ან არ მეთანამშრომლოს. მე მზად ვარ ნებისმიერ დროს, არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციასთან ამ საკითხზე ვისაუბრო,”- აცხადებს ის. 

 

 

გარდა ამისა, მისი განმარტებით ირკვევა, რომ მინისტრობის კანდიდატი ITV-ს ჯგუფს უჩივის.

“მე ITV-ს ჯგუფს ვუჩივლე 3 ადგილას: მარეგულირებელ კომისიაში, ცესკოსა და საოლქო კომისიაში იმიტომ, რომ ისინი არღვევდნენ ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს.”  

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 19 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ცხრა წამყვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილისგან მოითხოვს, რასისტული გამონათქვამების გაკეთების გამო გადახედოს ლტოლვილთა მინისტრობის თანამდებობაზე დავით დარახველიძის კანდიდატურას და მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს კანდიდატების შერჩევისას.

 

“არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მინისტრობის კანდიდატის მიერ ამბროლაურის რაიონში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამები, ისევე, როგორც აგრესიული ტონი მასმედიასთან ურთიერთობისას. აღნიშნული გამონათქვამები ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულებებს და ევროინტეგრაციის კურსს, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაცხადებული პრიორიტეტია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს”, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

 

ორგანიზაციები სთხოვენ პრემიერ  მინისტრობის კანდიდატს, გადახედოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის დასახელებულ კანდიდატურას და უფრო მეტი სიფრთხილე და პრინციპულობა გამოიჩინოს სხვადასხვა თანამდებობებზე დასანიშნი საჯარო მოხელეების შერჩევისას, ხოლო საჯარო მოხელეები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საჯარო გამონათქვამებს და თავი შეიკავონ სიძულვილის ენის და რასისტული გამონათქვამების გამოყენებისაგან.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი