ახალი ამბებისამართალი

სააპელაციო სასამართლო ე.წ. კაბელების საქმეზე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს

25 იანვარი, 2017 • 3211
სააპელაციო სასამართლო ე.წ. კაბელების საქმეზე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, ე.წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლო 2017 წლის 26 იანვარს 15:00 საათზე გამოაცხადებს განაჩენს. ვეფხვაძე სასამართლოში ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი ლობჟანიძის ინტერესებს იცავს.

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების საბოლოო სიტყვა 16 იანვარს მოისმინა. გამართლდებიან თუ არა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, ხვალ გავიგებთ.

“თავისუფალი დემოკრატები” იმედოვნებენ, რომ სააპელაციო სასამართლო გაამართლებს ბრალდებულებს და გაათავისუფლებს პატიმრობიდან, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით ოფიციალურად მიმართავენ და დავას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები და მათი თანამებრძოლები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.

ბრალდების მხარე (პროკურატურა) კი მიიჩნევს, რომ ე.წ. კაბელების საქმეში არის უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს დაკავებულთა დანაშაულს.

ე.წ. კაბელების საქმის საბოლოო განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 16.01.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ე.წ. კაბელების საქმის საბოლოო განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 16.01.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს – გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ეს განაჩენი უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, დაკავებული პირები კი – უდანაშაულოები არიან. “სასამართლომ ვერ გაუძლო პოლიტიკურ ზეწოლას” – განაცხადა IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, ხოლო ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სასამართლო უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ხელმძღვანელობდეს.

პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულეს. 18 მაისს “ეროვნულმა ფორუმმა” პრეზიდენტს ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების შეწყალებისკენ მოუწოდა. თავად პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ამ საქმეს განსაკუთრებით დააკვირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი