ახალი ამბები

თარგამაძე: უკრაინის გენპროკურორი იძლევა გარანტიას, რომ გია ცერცვაძეს გაათავისუფლებენ

25 იანვარი, 2017 • 6588
თარგამაძე: უკრაინის გენპროკურორი იძლევა გარანტიას, რომ გია ცერცვაძეს გაათავისუფლებენ

პარტია “ევროპული საქართველოს” წევრის, გივი თარგამაძის განცხადებით, უკრაინის გენერალური პროკურორისგან მიიღო გარანტია, რომ გია ცერცვაძეს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ მან ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა.

“მთელი დღის განმავლობაში მქონდა კომუნიკაცია უკრაინის გენერალურ პროკურორთან, იური ლუცენკოსთან და აი, სულ რამოდენიმე წუთია მივიღე მისგან პასუხი – ის დაეკონტაქტა უკრაინაში ქართულ ლეგიონს, რომელმაც დაუდასტურა გიორგი ცერცვაძის მონაწილეობა ყველა იმ ოპერაციაში, რომლებზეც ჩვენ ამ დღეებში ვსაუბრობდით, რაზე დაყრდნობითაც იური ლუცენკო იძლევა გარანტიას აპელაციისას გიას გათავისუფლებაზე. გილოცავთ და დარწმუნებული ვარ, მთლიანად პროცესიც წარმატებით დასრულდება და გია, რომლითაც მეც თქვენთან ერთად ვამაყობ, კიდევ იტყვის თავის სიტყვას სამშობლოს სასიკეთოდ,” – წერს გივი თარგამაძე.

48 წლის გია ცერცვაძეზე ინტერპოლმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე ძებნა 2016 წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა. 2017 წლის 15 იანვარს ცერცვაძე უკრაინის სამართალდამცავებმა დააკავეს, 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ ცერცვაძის შესახებ მონაცმები რუსეთს საქართველომ გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი