ახალი ამბებისამართალი

რა ვიცით უკრაინაში დაკავებული გიორგი ცერცვაძის საქმეზე

23 იანვარი, 2017 • 7324
რა ვიცით უკრაინაში დაკავებული გიორგი ცერცვაძის საქმეზე

ვინ არის გიორგი ცერცვაძე, რომელიც 15 იანვარს საქართველოდან უკრაინაში გამგზავრების შემდეგ კიევის აეროპორტში დააკავეს? რა ბრალდებით იძებნებოდა იგი? რა კითხვები არსებობს საქართველოს ხელისუფლების მიმართ და რამდენად დამაჯერებელია ოფიციალური პასუხები?

ვინ არის გიორგი ცერცვაძე?

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ოთარ კახიძე გვიყვება, წარმოშობით სოხუმელი გიორგი ცერცვაძე საქართველოს შსს-ის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე იყო შიდა ქართლში. იგი მონაწილეობდა ქართული მხარის პრაქტიკულად ყველა ბრძოლაში ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომშიც და დაჯილდოებულია სამხედრო მამაცობისთვის.

ოთო კახიძის ინფორმაციით, გიორგი ცერცვაძე 2014-2015 წლებში მოხალისეობრივად იცავდა უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უკრაინის ერთ-ერთ ბატალიონში. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მართალია, გიორგი ცერცვაძე ამჟამად არ ირიცხება თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, თუმცა გასულ წლებში ნამდვილად მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმში.

2016 წლის ბოლოს ცერცვაძე “საქართველოში იყო ჩამოსული ოჯახთან, სადაც გაატარა, ასე ვთქვათ, საახალწლო არდადეგები. ერთი კვირის წინ ბრუნდებოდა კიევში, სადაც დააკავეს”, – გვიამბობს კახიძე.

ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს დააკავეს უკრაინის სამართალდამცავებმა, 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

რა ბრალდებით იძებნებოდა გიორგი ცერცვაძე?

48 წლის გიორგი ცერცვაძეზე ძებნა 2016 წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა ინტერპოლმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე. ამ ინფორმაციას საქართველოს შსს-ც ადასტურებს, თუმცა გიორგი ცერცვაძის სახელს ვერ იპოვით ინტერპოლის საიტზე, სადაც ძებნილი ადამიანების სიაა გამოქვეყნებული. ამის მიზეზი, როგორც ოთარ კახიძე გვიხსნის, ის არის, რომ იგი ე.წ კონფიდენციალური ცირკულარით იძებნებოდა და არა “საჯარო წითელი ცირკულარით”. შესაბამისად, ინფორმაცია, რომ იგი იძებნებოდა, საჯაროდ ხელმისაწვდომი არ იყო.

ცერცვაძე რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ 2003 წელს ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით იძებნებოდა – “მკვლელობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად, იარაღის უკანონო ტარება”.

ოთარ კახიძეს მიაჩნია, რომ საეჭვოა დანაშაულში ბრალდებულის ძებნის დაწყება 13 წლის შემდეგ: “2016 წელს მოხდა მისი დასმა ძებნაზე 2003 წელს ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით… 13 წლის შემდეგ “გაახსენდათ”, რომ ცერცვაძის ჩადენილია თურმე ეს დანაშაული”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ არც ცერცვაძე და არც სხვა ქართველი სპეცრაზმელები, “ზოგადად, რუსეთის ფედერაციას არ სტუმრობდნენ”. ამიტომაც, ეს დანაშაული რომ შეთითხნილია, აშკარაა, – გვეუბნება ოთო კახიძე.

რას აკეთებს საქართველო, თუკი მის მოქალაქეს ინტერპოლი ეძებს?

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია.

შსს-ს განმარტებით, ჩვეულებრივ, სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის 21–ე მუხლის თანახმად, ძებნის ინიციატორი სახელმწიფოს [ამ შემთხვევაში, რუსეთის] კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიმართოს შუამდგომლობით იმ ქვეყნის კომპეტენურ ორგანოს, რომლის მოქალაქეც არის ძებნილი პიროვნება [საქართველოს], და მოითხოვოს საქმის განხილვა.

ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქის საქართველოს ტერიტორიაზე დასაკავებლად, იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა სავარაუდო დანაშაულის ჩადენა [ამ შემთხვევაში, რუსეთს], უნდა გადმოეგზავნა სისხლის სამართლის საქმის მასალები საქართველოს შესაბამის ორგანოებში შემდგომი რეაგირებისთვის.

თუმცა, როგორც შსს გვარწმუნებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი კომუნიკაცია არ შემდგარა, ვინაიდან საქართველოსა და რუსეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობა საერთოდ არ ხორციელდება. “ამდენად, ქართულ მხარეს არც საკმარისი ინფორმაცია, არც საფუძველი და არც არავითარი მოტივი არ ჰქონდა ზემოთ აღნიშნული პირის დაკავებისთვის, ან მისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვისთვის”, – აცხადებს შსს.

ოთო კახიძე სწორედ ამ ნაწილში ითხოვს შსს-სგან პასუხს – მაშ, საიდან აღმოჩნდა რუსეთის ხელში ინფორმაცია ცერცვაძის შესახებ?

საქმე ისაა, რომ როგორც ოთარ კახიძე გიორგი ცერცვაძის ადვოკატისგანგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გვეუბნება, ის დოკუმენტები, რომლებიც რუსეთის ფედერაციას აქვს წარდგენილი უკრაინის სასამართლოსთვის, ადასტურებს, რომ ქართული მხარე მონაწილეობდა ამ მტკიცებულებების შეგროვებაში.

“სხვანაირად [ქართული ოფიციალური უწყების მონაწილეობის გარეშე] რუსეთის ხელში ვერ მოხვდებოდა დეტალური და პერსონალური ინფორმაცია ცერცვაძის შესახებ (დაბადების ადგილი, თარიღი, ქვეყნები, რომლებსაც იგი ხშირად სტუმრობდა)”, – ამტკიცებს ოთო კახიძე. თუმცა შსს ამ ბრალდებას უარყოფს.

შსს პირდაპირ არ ამბობს, რომ ინტერპოლის შუამავლობით მიაღწია ცერცვაძის პერსონალურმა ინფორმაციამ რუსეთამდე, თუმცა განმარტავს, რომ ინტერპოლის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, ერთმანეთთან საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მიზნებისათვის გაცვალონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია.

“ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფორმაციის გაცვლა ინტერპოლის 190 წევრ ქვეყანაში ძებნილ პიროვნებაზე წარმოადგენს ვალდებულებას… ინფორმაციის გაცვლა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსა და წევრი ქვეყნების ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებს შორის ხორციელდება ინტერპოლის სპეციალური, დაცული ქსელის მეშვეობით”, – ამბობენ შსს-ში.

სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მას შემდეგ, რაც ინტერპოლმა ცერცვაძეზე ძებნა გამოაცხადა (2016 წლის დეკემბერში), საქართველოს ინტერპოლის ბიუროს მიმართა კითხვით – იყო თუ არა გია ცერცვაძე ნამდვილად საქართველოს მოქალაქე და შეესაბამებოდა თუ არა გადმოგზავნილი მონაცემები მის პირად, საპასპორტო მონაცემებს. აღნიშნულ კითხვაზე საქართველოს ინტერპოლმა უპასუხა და მხოლოდ დაადასტურა ის ინფორმაცია, რომ გია ცერცვაძე მართლაც საქართველოს მოქალაქე იყო და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები იყო სწორი. ამის შემდეგ თბილისის ინტერპოლის ბიუროს აღნიშნულ საკითხზე ინტერპოლის ცენტრალურ ბიუროსთან სხვა სახის კომუნიკაცია არ ჰქონია.

ოთარ კახიძე კი მიუთითებს, რომ დაუშვებელია ინტერპოლის მექანიზმების გამოყენება პოლიტიკური ან სამხედრო მიზნებით. ამიტომ, მისი თქმით, ქართული მხარე აუცილებლად უნდა დაინტერესებულიყო, თუ რომელი ქვეყანა, რა მოტივაციითა და მტკიცებულებებით ითხოვდა ქართველი ოფიცრის ძებნილად გამოცხადებას და ეთქვა ლეგიტიმური უარი მონაცემების გაცვლაზე ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლზე დაყრდნობით.

ამ საკითხთან დაკავშირებით შსს-ის მისამართით საჯაროდ კითხვები გაავრცელა პარტია “გირჩმაც”:

“იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საუბარია აფხაზეთისა და 2008 წლის ომების მონაწილე სამხედრო პირზე, რომელიც მიმდინარე მომენტისთვის დახმარებას უწევდა უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს რუსეთთან ბრძოლაში, ხელისუფლებამ უნდა განმარტოს, რატომ არ გამოიყენეს ქართულმა სახელმწიფო სტრუქტურებმა ინტერპოლის წესების შესაბამისად ინფორმაციის არგადაცემის უფლება”, – წერენ ისინი.

რატომ არ დააკავა ქართულმა მხარემ ცერცვაძე?

“ნეტგაზეთის” კიდევ ერთ შეკითხვაზე, — თუ რატომ მისცეს ქართველმა მესაზღვრეებმა გია ცერცვაძეს საშუალება, გადაეკვეთა საზღვარი მაშინ, როდესაც მასზე ინტერპოლით ძებნა იყო გამოცხადებული, შსს-ში პასუხობენ, რომ საქართველოს მოქალაქის დაკავების და მისი სხვა ქვეყნისთვის გადაცემის უფლება ქვეყანას არ აქვს.

შსს-ის განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, მესაზღვრის ვალდებულებაა, შეამოწმოს საზღვრის გადაკვეთისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტები, მათი ვადები, კანონიერება და რამდენად უფლებამოსილია პირი, გადაკვეთოს საზღვარი წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. სამინისტრო აცხადებს, რომ თუ დოკუმენტაციაში რაიმე სახის დარღვევა არ იკვეთება, ამავე დროს, პირი არ არის ძებნილი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მესაზღვრე ან საპატრულო პოლიციის წარმოამდგენელი ვალდებულია, შეუფერხებლად გაატაროს იგი. თუმცა ოთარ კახიძე ამბობს, – იმის გამო, რომ საქართველო ინტერპოლის წევრია, მან არ უნდა გაატაროს ძებნილი პირი და თავად დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები:

“სასაზღვრო პოლიციას უნდა შეეჩერებინა ეს პირი, უნდა ეთქვა, რომ იგი იძებნება წითელი ცირკულარით, შემდეგ ქართულ მხარეს უნდა გამოეთხოვა მასალები რუსეთის ფედერაციისგან, გაერკვია, თუ რას ედავებიან და საქართველოში უნდა გამართულიყო სამართლებრივი პროცედურები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად”, – გვეუბნება კახიძე.

“ქართულმა მხარემ  არ გააფრთხილა [ცერცვაძე, რომ მას ეძებნდნენ], გაატარა საზღვარზე და დააკავეს იგი. უკრაინის სამართალდამცავ უწყებებს არ ეკრძალებათ პირების ექსტრადირება რუსეთში”, ეს კი ცერცვაძის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, ამბობს კახიძე.

კიევის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ,  ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა არ მოხდეს საქართველოს მოქალაქის გადაცემა რუსეთისთვის, სადაც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. ამასთან, ყველა ეს ნაბიჯი უნდა იყოს საჯარო, რათა საზოგადოებას მიეცეს ხელისუფლების ქმედებებზე თვალყურის დევნების შესაძლებლობა.

საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს, “ვინ ითანამშრომლა რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან, უნდა გამოავლინოს პასუხისმგებელი პირი; უნდა დაადგინოს, ვინ დაავალა მესაზღვრეებს, დაუბრკოლებლად გაეტარებინათ ცერცვაძე საზღვარზე, რათა ის უკრაინაში დაეკავებინათ”, – გვეუბნება ოთარ კახიძე. მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფომ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა ცერცვაძე პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

საპარლამენტო უმცირესობამ 23 იანვარს შეიმუშავა ე.წ თავდებობის წერილი, რომელსაც გიორგი ცერცვაძის ადვოკატს გადასცემენ, რომელიც ამ წერილს სასამართლოში წარადგენს. “აგრეთვე, დავეხმარებით ადვოკატს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 39-ე მუხლის შესაბამისად ევროპულ სასამართლოს მიმართონ, რომ გამოიყენოს ე.წ დროებითი შეჩერების მექანიზმი და არ მოხდეს ცერცვაძის ექსტრადირება, ვინაიდან რუსეთში შეიძლება იგი დაექვემდებაროს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, ამგვარ სასჯელს და მიიღოს გამოუსწორებელი ზიანი”, – გვეუბნება ოთარ კახიძე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი