“საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ” პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციულ საქმეებზე საქალაქო სასამართლოში პირის ინტერესების დაცვის უფლება მხოლოდ ადვოკატს ექნება. დღეს მოქმედი ნორმით ამის უფლება ნებისმიერ ქმედუნარიან ადამიანს აქვს.
“ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოში საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ადვოკატი. სისხლის სამართალწარმოებაში მხარის (ბრალდებულის/დაზარალებულის) ინტერესების დამცველი სამივე ინსტანციის სასამართლოში, ისევე როგორც საგამოძიებო ორგანოებში, შეიძლება იყოს მხოლოდ ადვოკატი. იგივე წესია დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოებისას სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ სამოქალაქო სამართალწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოებში, სადაც მოქმედი კანონმდებლობით, მხარის წარმომადგენელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი პირი, მათ შორის- არაიურისტიც.
კანონპროექტის ავტორების აზრით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის აღნიშნული დანაწესი არ შეესაბამება როგორც “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონს, ისე ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებს და საფრთხის ქვეშ აყენებს პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების სათანადოდ რეალიზაციას:
“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოადგენს საქმის არსებითად, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განხილვის ძირითად ინსტანციას და ამდენად, სათანადო კვალიფიკაციის, გამოცდილების და უნარ-ჩვევების მქონე პროფესიონალის მეშვეობით მხარის წარმოდგენას პირველი ინსტანციის სასამართლოში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქმის ბედის სწორად გადაწყვეტისათვის. ხშირ შემთხვევაში, ზემდგომი ინსტანციების სასამართლოებში ძალზედ ძნელდება და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც ხდება პირველი ინსტანციის სასამართლოში დაშვებული სამართლებრივი შეცდომების გამოსწორება,” – აღნიშნულია პარლამენტისთვის გაგზავნილ განცხადებაში.
კანონპროექტის თანახმად, უნდა გაუქმდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ის ნაწილი, რომელიც ქმედუნარიან პირს უფლებას აძლვს, სასამართლოში წარმომადგენელი იყოს.
ამასთან, პროექტის თანახმად, ახლებურად ყალიბდება კოდექსის 440-ე მუხლი. კერძოდ, სამოქალაქო პროცესში პირებს, რომლებიც არ არიან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება როგორც პირველი, ისე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.
დღეს მოქმედი რედაქციით კი, “პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.”
ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, პირს სასამართლოში საკუთარი ინტერესების დაცვა შეეძლება, თუმცა ოჯახის წევრისას/ახლობლისას ვეღარ დაიცავს.
“ვაცხადებთ მზაობას, მონაწილეობა მივიღოთ აღნიშნული ცვლილების განხილვაში და არგუმენტირებული პასუხი გავცეთ დისკუსიის პროცესში წამოჭრილ ყველა შესაძლო შეკითხვას,” – აღნიშნულია პარლამენტისთვის გაგზავნილ ტექსტში, რომელსაც ხელს ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი და ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი აწერენ ხელს.