ახალი ამბები

რა გამოცდილება აქვთ მინისტრობის ახალ კანდიდატებს

16 ოქტომბერი, 2012 • • 2009
რა გამოცდილება აქვთ მინისტრობის ახალ კანდიდატებს

დავით დარახველიძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატი დავით დარახველიძე “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო ამბროლაურში. მან 1 ოქტომბრის არჩევნები “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გოჩა ენუქიძესთან 126 ხმით წააგო. “ქართული ოცნების” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბიოგრაფიაში წერია, რომ დავით დარახველიძეს გააჩნია იურისტის კვალიფიკაცია, მაგრამ არ არის მითითებული, თუ რომელ სასწავლებელში მიიღო აღნიშნული განათlება.

 

დავით დარახველიძე შევარდნაძის მთავრობის პერიოდის ჩინოვნიკია, “ვარდების რევოლუციამდე” ის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი იყო.

 

ბიძინა ივანიშვილი მინისტრობის კანდიდატების წარდგენისას
ბიძინა ივანიშვილი მინისტრობის კანდიდატების წარდგენისას

ხათუნა გოგალაძე – გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი ხათუნა გოგალაძე პროფესიით ბიოლოგია, მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1992 წელს დაამთავრა.მინისტრობის კანდიდატმა 2008 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ინდიანას უნივერსიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში, მანამდე კი დაამთავრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი უნგრეთში. აღნიშნულ უნივერსიტეტში მან ასევე მიიღო მაგისტრის ხარისხი გარემოს დაცვითი მეცნიერებისა და პოლიტიკის განხრით. ხათუნა გოგალაძე წლების მანძილზე მუშაობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, 2008 წლიდან კი მუშაობა გააგრძელა ეუთოს სხვადასხვა გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორად. მინისტრის პოსტზე ხათუნა გოგალაძე ბიძინა ივანიშვილმა 16 ოქტომბერს წარადგინა.

 

ნოდარ ხადური– ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი პროფესიით ეკონომისტია, მას მიღებული აქვს ეკონომიკის დოქტორის ხარისხი. ის 1997 წლიდან 2000 წლამდე პერიოდულად მუშაობდა როგორც ფინანსთა, ისე ეკონომიკის სამინისტროებში სხვადასხვა მნიშვნელოვან პოსტებზე. გარდა ამისა, 2000–2003 წლებში ნოდარ ხადური იყო გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსი. ამის შემდეგ მას რამდენიმე თვის მანძილზე, 2004 წლის აპრილამდე ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტი. ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი 2004–2008 წლების მანძილზე გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ეროვნული კოორდინატორი იყო, გარდა ამისა, ის 2006 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

დავით ნარმანია– რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი დავით ნარმანია ეკონომიკის აკადემიური დოქტორია. ის 2009 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. დავით ნარმანია 2009 წლიდან დღემდე ასევე არის “კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი. მინისტრობის კანდიდატი 2009 წლამდე სხვადასხვა არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა.

 

გიორგი კვირიკაშვილი – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს ამავე სფეროში მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ილინოისის უნივერსიტეტში, აშშ–ში. ის წლების მანძილზე სხვადასხვა ბანკში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის იყო “ქართუ ბანკი”, რომლის გენერალური დირექტორიც იყო 2006 წლის თებერვლიდან 2011 წლის ოქტომბრამდე.

 

2005–2006 წლებში გიორგი კვირიკაშვილს პირველი კომერციული ბანკის აღმასრულებელი საბჭოს მრჩევლის პოზიცია ეკავა, მანამდე კი იყო 1999 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი. პარლამენტარობამდე გიორგი კვირიკაშვილი მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში, ექსპორტ–იმპორტის ბანკსა და გაერთიანებულ ქართულ ბანკში.

 

დავით სერგეენკო – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი დავით სერგეენკო პროფესიით ბავშვთა და მოზარდთა კარდიოქირურგი და რეანიმატოლოგია. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ასევე სწავლობდა ბოსტონისა და ბერლისნის სამედიცინო სასწავლებლებში. დავით სერგეენკო ბოლო დრომდე, წლების მანძილზე, ხელმძღვანელობდა საჩხერის სამედიცინო ცენტრს, რომელსაც სრულად აფინანსებს ბიძინა ივანიშვილი.

 

გიორგი მარგველაშვილი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი არის მეცნიერებათა კანდიდატი ფილოსოფიის დარგში. მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით. მინისტრის პოსტზე წარდგენამდე ის მუშაობდა ზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის[GIPA] რექტორის თანამდებობაზე.

 

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის სხვა კანდიდატები რამდენიმე დღის წინ, 8 ოქტომბერს დაასახელა. 

 

შინაგან საქმეთა მინისტრად ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი  დაასახელა, თავდაცვის მინისტრი  და ვიცე პრემიერი– ირაკლი ალასანია, იუსტიციის მინისტრი კი თეა წულუკიანი იქნება. 

 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად სოზარ სუბარია წარდგენილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს  მაია ფანჯიკიძე უხელმძღვანელებს. თავდაპირევლად ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ამირან გამყრელიძე დასახელდა, თუმცა მოგვიანებით მან ინტერესთა კონფლიქტის გამო პოსტზე უარი თქვა, რადგან მისი შვილი საქართველოს ბანკის ერთ–ერთ ხელმძღვანელ პოსტზე მუშაობს. 

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე 8 ოქტომბერს კახი კალაძე იყო წარდგენილი, თუმცა, კოალიციის გადაწყვეტილებით, ის ენერგეტიკის სამინისტროს ჩაუდგება თავში. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია გახდება, სოფლის მეურნეობის მინისტრი კი  – დავით კირვალიძე.  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფეხბურთელ დავით ყიფიანის შვილი ლევან ყიფიანი ჩაიბარებს. 

 

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი იქნება, ევროანტლანტიკურ საკითხებში კი –ალქსი პეტრიაშვილი. კოტე სურგულაძე დიასპორის სამინისტროს უხელმძღვანელებს, მოადგილეებს თავად მინისტრები აირჩევენ.

 

პარლამენტის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დავით უსუფაშვილი გახდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი