“შევაჩეროთ ფსიქიატრიული სისტემის ნგრევა” – ამ ლოზუნგით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან 23 იანვარს, 12:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი სოციალურ ქსელში “საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრია”.
უფლებადამცველებს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და შშმ ბავშვის მშობელი დაუკავშირდა. მისი თქმით, იგეგმება ფსიქიატრიული სერვისების დახურვა; კერძოდ, მწვავე განყოფილებების, რომელიც განთავსებული იყო ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში. უფლებადამცველ ანა არგანაშვილის ინფორმაციით, ამის გამო ძალიან ცოტა მწვავე განყოფილება დარჩება.
“პირველ რიგში, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა – ვისაც ეს სერვისი სჭირდება. ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმაზე დარტყმა. ბუნებრივია, ჩვენ, ვინც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე ვმუშაობთ, ამას გავაპროტესტებთ,” – განუცხადა ანა არგანაშვილმა ნეტგაზეთს.
დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა ფსიქიატრი მანანა გეგეშიძე, რომელიც 20 წელია აშშ-ში მუშაობს. როგორც გეგეშიძე სოციალურ ქსელში წერს, საზოგადოება ფსიქიატრიის დასავლურ ყაიდაზე გარდასაქმნელად იბრძვის, სურვილი აქვს ამბულატორიული, სათემო სერვისების განვითარება-ჩამოყალიბების, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრო ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში ფსიქიატრიულ განყოფილებებს ხურავს და საბჭოთა ეპოქის “სიგიჟეებს” აძლიერებს.
ჩვენ, საზოგადოება, ფსიქიატრიის დასავლურ ყაიდაზე გარდაქმნისთვის ვიბრძვით; ამბულატორიული, სათემო სერვისების განვითარება-ჩა…
Posted by Manana Gegeshidze on Sunday, January 22, 2017
ფსიქიატრიული განყოფილებების დახურვისა და ამით საფრთხის ქვეშ მყოფი რეფორმისა და ამ რეფორმაში ჩართული ადამიანების შესახებ ინგლისურ ენაზე ითარგმნა მიმართვა, რომელსაც უფლებადამცველები საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისთვის გაავრცელებენ.
როგორ მუშაობს სათემო ფსიქიატრიული სერვისი – გაეცანით ნეტგაზეთზე 2016 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული სტატიას.

© Flickr / Floodllama (Creative Commons)