ახალი ამბები

ხობში “საუკუნენახევრის” მაგნოლიის ხე 50 ათას დოლარად იყიდება

22 იანვარი, 2017 • 4278
ხობში “საუკუნენახევრის” მაგნოლიის ხე 50 ათას დოლარად იყიდება

“იყიდება საუკუნენახევრის მაგნოლიის ხე. მდებარეობს ხობში, ხეთა. ფასი შეთანხმებით,” – ცოტა ხნის წინ ეს განცხადება MyMarket-ზე გამოქვეყნდა, რასაც სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

ნეტგაზეთი განცხადების ავტორს დაუკავშირდა, რომელიც ადასტურებს, რომ ხეს ნამდვილად ყიდის, ხოლო მისი ფასი 50 ათასი დოლარია.

“დიახ, ნამდვილად ვყიდი. ჩემს პირად ეზოშია დარგული ეს ხე,” – ამბობს განცხადების ავტორი, ვალერი მელაძე და აღნიშნავს, რომ რეალური მყიდველი ჯერჯერობით არ გამოჩენილა.

კითხვაზე, ვინ დაადგინა, რომ ხე ნამდვილად საუკუნენახევრისაა, ამბობს: “ვიცით, როდის არის დარგული და იქიდან. ჩვენ თვითონ ვიცით. გამოცდილი თვალი და სპეციალისტი რომ შეხედავს, მიხვდება, რომ საუკუნენახევრის წინ არის დარგული.”

"საუკუნე ნახევრის" მაგნოლიის ხე, რომელსაც სოფელ ხეთაში მოქალაქე 50 ათას დოლარად ყიდის

“საუკუნე ნახევრის” მაგნოლიის ხე, რომელსაც სოფელ ხეთაში მოქალაქე 50 ათას დოლარად ყიდის

საქართველოში 50 ათას დოლარად ხე ჯერ არავის შეუფასებია და არც ის არის ცნობილი, უყიდია თუ არა ვინმეს ასეთ ფასად მცენარე. 2016 წლის ნოემბერში “გურიის მოამბებემ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეკვეთილში მშენებარე პირადი დენდროლოგიური პარკისთვის ბაობაბის ჯიშის ასწლოვანი ხე 45 ათას დოლარად შეიძინა.

გასულ წელს ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ტიტა სპეციალური ბორანით შავი ზღვის გავლით გადაიტანეს. 2017 წლის 12 იანვარს კი ყოფილმა პრემიერმა კვლავ განაახლა ხეების გადატანა საკუთარი პარკისთვის. ჩაქვიდან, ბუკნარიდან, ციხისძირიდან ივანიშვილისთვის რამდენიმე ძირი ხე გაამზადეს, მათ შორის: მაგნოლიები, ტიტას ხეები, ჭადარი და სხვ. ხეების გატანის მიზნით, რამდენიმე მიმართულებით გზების გაყვანაც დაიწყო. სპეციალისტების შეფასებით, ეს პროცესი შეიცავს ციხისძირში ლანდშაფტის დაზიანების რისკებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი