ახალი ამბები

ადა მარშანია: “შევთანხმდით, რომ პარლამენტი თბილისში გადმოვა”

21 იანვარი, 2017 • 3209
ადა მარშანია: “შევთანხმდით, რომ პარლამენტი თბილისში გადმოვა”

პარლამენტის წევრი, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი ადა მარშანია ამბობს, რომ 21 იანვარს თბილისში, პარლამენტის სასახლეში გამართულ სხდომაზე საკონსტიტუციო კომისია შეთანხმდა, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობად განისაზღვროს თბილისი. თუმცა შეხვედრის სხვა მონაწილეები ამ განცხადებას ნაადრევად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით  მიღებული არ არის.

“შევთანხმდით იმაზე, რომ პარლამენტი თბილისში იმუშავებს და გადმოვა აქ. ეს ჩანაწერი დამტკიცებული იქნება მაშინ, როდესაც მივიღებთ კონსტიტუციას. თავად პროექტი, რასაც დღეს ჩვენ ვიხილავდით, თავად პროექტში იყო ჩაწერილი. არავინ იყო წინააღმდეგი ამისა”, – თქვა ადა მარშანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოფო კილაძე კი ამბობს, რომ საბოლოო შეთანხმება არ მომხდარა: “ჯერჯერობით ვართ სამუშაო რეჟიმში ყველანი. ყველა საკითხთან დაკავშირებით არის პირველად კონსენსუსი მიღწეული. ეს სამუშაო რეჟიმია, აქედან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ბოლო პროექტზე, რასაც პარლამენტი წარმოადგენს. ამიტომ, ვფიქრობ, ჯერჯერობით რაიმე განცხადებების გაკეთება ნაადრევია”, – უთხრა ჟურნალისტებს სოფიო კილაძემ.

ამას გარდა, როგორც ადა მარშანიამ უთხრა ჟურნალისტებს, კონსტიტუციის პრეამბულის განხილვისას კომისიის ერთ-ერთმა წევრმა კომისიას შესთავაზა, კონსტიტუციის პრეამბულაში შეიტანონ ჩანაწერი, რომელიც ეხება საქართველოს მისწრაფებას ნატოსკენ და ევროკავშირისკენ: “ამ საკითხთან დაკავშირებით ცხარე კამათი გაიმართა. ეს არ არის მიუღებელი მხოლოდ ჩვენთვის, საერთოდ, არ არის ნორმალური არც პოლიტიკური თვალსაზრისით, არც იურიდიული  თვალსაზრისით, რომ ამდაგვარი გაჩნდეს ქვეყნის კონსტიტუციაში. ეს არ ეხება მხოლოდ ნატოს ბლოკს. საერთოდ, ბლოკებს, პოლიტიკურ თუ სამხედრო ბლოკებს. ასეთი ჩანაწერი პრეამბულაში არის გასაკვირი და გაუგებარი ამბავი”, – თქვა ადა მარშანიამ.

ამ საკითხთან დაკავშირებითაც იგივე გაიმეორა სოფიო კილაძემ, რომელმაც თქვა, რომ კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრაზე წარმოადგენენ უფრო დეტალურ პროექტს და დეტალურად განიხილავენ საკითხებს. “დღეს მხოლოდ პოზიციების შეჯერებაზე გვაქვს საუბარი”, – უთხრა კილაძემ ჟურნალისტებს.

ჟურნალისტებს კითხვაზე, თავად ემხრობა თუ არა პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას, სოფიო კილაძემ პასუხს თავი აარიდა და თქვა: “შესაძლებელია, ქუთაისშიც იყოს და შესაძლებელია, თბილისში იყოს. ვერ ვხედავ პრინციპულ განსხვავებას… კონკრეტულ გადაწყვეტილებას გეტყვით, როდესაც გვექნება საბოლოო, შეჯერებული პოზიციები”.

სამუშაო ჯგუფში საუბარი იყო, რომ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების სტანდარტმა დაიწიოს, რაც შემაშფოთებელია, – ამის შესახებ ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი სასამართლოსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამუშო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც კახიძემ აღნიშნა, საუბარი იყო კონსტიტუციის მე-19 მუხლში ცვლილებაზე, რაც დეპუტატის აზრით, სიტვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტებს დაბლა დაწევს.

შენიშვნა:

მასალების გადაბეჭდვის წესი