ახალი ამბები

II მოსმენის შემდეგ საარჩევნო სისტემის ცვლილებას ორი მხარდამჭერი შეემატა

29 ივნისი, 2020 • 1363
II მოსმენის შემდეგ საარჩევნო სისტემის ცვლილებას ორი მხარდამჭერი შეემატა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, საბოლოოდ დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული მოდელით ჩატარდება. მეორე მოსმენასთან (115) შედარებით, კანონპროექტმა დღეს 2 დეპუტატით მეტის მხარდაჭერა მიიღო და 117 ხმით დამტკიცდა.

დეპუტატებს შორის, რომლებმაც დოკუმენტს, მეორისგან განსხვავებით, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს, “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ადა მარშანია და დამოუკიდებელი დეპუტატი, ნატო ჩხეიძე არიან.

ადა მარშანიამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, თუმცა მეორე მოსმენას არ ესწრებოდა.

მაშინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მარშანია სხდომას ჯანმრთელობის მდგომაროების გამო არ ესწრებოდ და, შესაბამისად, კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მიიღო, ნატო ჩხეიძე კი სხდომებს ესწრებოდა, თუმცა წინა მოსმენებზე კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავს იკავებდა.

კანონპროექტის წინააღმდეგ მესამე მოსმენაზეც ხმა მისცა სამმა დეპუტატმა: გეგიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ და კახაბერ ოქრიაშვილმა.

კენჭისყრას კვლავ არ ესწრებოდნენ “ევროპული საქართველოს” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები, რომლებიც მმართველ პარტიას 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და “მთავარი არხის” მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.

დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით:

  • 150 დეპუტატიდან 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, 30 კი – მაჟორიტარული;
  • პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილია 1%-იანი ბარიერი;
  • რამდენი პარტიაც შედის ბლოკში, იმდენპროცენტიანი ბარიერი უწესდება მას;
  • გაუნაწილებელი მანდატები გადანაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებსაც უდიდესი ნაშთი აქვთ მიღებული;
  • ხმების 40%-ის მიღების შემთხვევაში პარტია ვერ მიიღებს მანდატების 50%-ზე მეტს, ანუ 75 ადგილზე მეტს პარლამენტში. შესაბამისად, ის დამოუკიდებლად ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას და საჭირო იქნება კოალიციური მთავრობის შექმნა;
  • იცვლება ოლქების განაწილება;
  • მარტივდება პარტიების რეგისტრაციის წესი. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება პარტიას, რომელიც წარადგენს 5 ათას ხელმოწერას. ამ ვალდებულებისგან გათავისუფლება კვალიფიციური სუბიექტის მქონე 19 პარტია და ყველა ის პარტია, რომელსაც დამოუკიდებლად ან ბლოკთან ერთად ბოლო არჩევნებზე 15 ათასზე მეტი ხმა აქვს მიღებული;
  • თუ 2024 წლამდე ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ეს არჩევნები ჩატარდება 2020 წელს მიღებული სისტემით და რიგგარეშე პარლამენტის უფლებამოსილების ვადა იქნება 2024 წლის ოქტომბრამდე. 2024 წელს კი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით.

ოქრუაშვილის საქმის გარემოებები მიუკერძოებლობაზე კითხვებს აღძრავს – ჰარცელი

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი