ახალი ამბები

თიბისი ბანკის განცხადება

15 ოქტომბერი, 2012 • 1018
თიბისი ბანკის განცხადება

თიბისი ბანკი მიიჩენვს, რომ ქოქოლაძე უბრალოდ ცდილობს ისარგებლოს ბოლო დროს განვითარებული ცვლილებებით, მოისხას „ჩაგრულის“ მანტია, გამოიყენოს მასმედია იარაღად თიბისი ბანკის დაშანტაჟებაში და შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.


თიბისი ბანკის მენეჯმენტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ „ანზორ ქოქოლაძე არის ადამიანი, რომელმაც აიღო თიბისისგან და 3 სხვა ბანკისგან 26 მილიონი ლარის სესხები, თავისი არასწორი მართვით მიიყვანა კომპანია იქამდე, რომ სესხები ვერ დაბრუნდა და კომპანია აღმოჩნდა ფინანსურ კრიზისში.“ ბანკის წარმომადგენელთა თქმით, თიბისი ბანკი იძულებული გახდა, სესხის სანაცვლოდ გირაოში ჩადებული აქტივები სასამართლო წესით საკუთრებაში მიეღო და გაესხვისებინა საერთაშორისო ინვესტორზე, რათა როგორმე სესხი დაებრუნებინა. შედეგად, კომპანიამ განაგრძო ფუნქციონირება, ბანკმა სესხის მხოლოდ ნაწილი დაიბრუნა და რამდენიმე მილიონი ზარალი მიიღო.“


თიბისი ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ანკი არ აპირებს დაექვემდებაროს ქოქოლაძის შანტაჟს და არ მისცემს მას მედიით მანიპულირების შესაძლებლობას: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამართლებრივად და მორალურად აბსოლუტურად მართლები ვართ, გვსურს არავის და, მათ შორის, არც ბატონ ანზორს არ დარჩეს  რაიმე კითხვები ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ მას, შანტაჟის ნაცვლად გვერჩია ისეთი გამჭვირვალე და დემოკრატიული გზები,როგორიცაა დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება და კერძო არბიტრაჟი. სამწუხაროდ, ქოქოლაძემ ორივე შეთავაზებაზე უარი თქვა, რაც გვაფიქრებინებს, რომ მისი მთავარი მოტივაცია სამართლიანობის აღდგენა  ნამდვილად არ არის.“ – ნათქვამია თიბისი ბანკის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი