“თანამდებობების დანაწილება ამ შემთხვევვაში არის უმრავლესობის გადასაწყვეტი. ალბათ, თუკი გაგრძელდება ეს გარკვეული კონსტრუქციული პროცესი, რომელიც ამ პერიოდში ჯერჯერობით შეიმჩნევა და მკვეთრი კონფრონტაცია არ არის, ნებისმიერ საკითხზე შესაძლებელი იქნება კონსულტაციების ჩატარება. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მთავრობისა და პარლამენტის დაკომპლექტებას ხელოვნურად ხელს არ შევუშლით. მე კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებებზეა ახლა საუბარი, ამასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ალბათ აჭარის დეპუტაცია იმსჯელებს და დანარჩენი კონსულტაციების გზით გადაწყდება”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” “ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა მურმან დუმბაძის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ერთ–ერთ მოადგილის პოსტზე კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” აჭარის

ა/რ–ის ქვოტით მურმან დუმბაძე დაასახელა. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, მურმან დუმბაძე აჭარის ქვოტით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რომ გახდეს, ის დასამტკიცებლად პარლამენტს უნდა წარუდგინოს აჭარის ა/რ–ში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობამ. ცესკოს მონაცემებით, აჭარის ექვსი ოლქიდან სამში გაიმარჯვა “ქართული ოცნების” კანდიდატმა, სამში კი – “ნაციონალურმა მოძრაობამ”. შესაბამისად, მურმან დუმბაძის წარდგენას მინიმუმ ერთმა ‘ნაციონალმა’ დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი.
ქედის ოლქში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატი იქნება იაშა შერვაშიძე, შუახევში–ომარ მეგრელიძე, ხულოში–ანზორ ბოლქვაძე. სწორედ ამ სამიდან მინიმუმ ერთ–ერთმა უნდა დაუჭიროს მხარი მურმან დუმბაძის წარდგენას ვიცე–სპიკერის თანამდებობაზე.