ახალი ამბები

ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორი ადასტურებს, რომ მისი ანაზღაურება 5750 ლარია

18 იანვარი, 2017 • 10364
ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორი ადასტურებს, რომ მისი ანაზღაურება 5750 ლარია

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი თემურ თორდინავა აცხადებს, რომ ინფორმაციის  გავრცელება მისი თანამდებობრივი სარგოს შესახებ, რომელიც ხელზე 4600 ლარს შეადგენს, სააგენტოს საქმიანობისთვის ჩრდილის მიყენებას ისახავს მიზნად.

კითხვაზე, თუ რატომ არ შემცირდა მისი თანამდებობრივი სარგო 2017 წელს, მაშინ, როცა სააგენტოს საპრემიო ფონდი 113 400 ლარის ოდენობით შემცირდა, პასუხობს, რომ მას 2014, 2015 და 2016 წლებშიც თანამდებობრივი სარგო არ გაუზრდია.

“რაც შეეხება დანამატს, მე არ ამიღია 2016 წლის განმავლობაში პრემია არც ერთხელ და არც სადღესასწაულო პრემია, მაგრამ თანამშრომლებს ჰქონდათ და აქვთ როგორც საახალწლო პრემია 80%-ის ოდენობით, ასევე, კვარტლური პრემია… რა თქმა უნდა, დანამატს ვიღებ და პრემია არასოდეს არ ამიღია. როგორც ვიღებდი წინა წლებში, ისე ვიღებ ახლაც… ეს [ინფორმაციის გავრცელება მის თანამდებობრივ სარგოზე]  სააგენტოს მიერ ამ ორი წლის განმავლობაში გატარებული მნიშვნელოვანი ძირეული რეფორმების დისკრედიტაციაა და ჩრდილქვეშ დაყენება”, – ამბობს თორდინავა.

სააგენტოს დირექტორის თქმით, აღნიშნული ბიუჯეტი წარდგენილი იყო საკრებულოში 2016 წლის ნოემბერში და თვეების განმავლობაში თუ ვინმეს კითხვები დაუგროვდა, შეეძლოთ მისთვის დაესვათ ეს კითხვები.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, რატომ არ შემცირდა მისი და მისი მოადგილეების თანამდებობრივი სარგო, რადგან 2017 წელს 10%-ით შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები, თემურ თორდინავა პასუხობს, რომ ბაღის თანამშრომლებს ხელფასები მოემატათ 2016 წლის განმავლობაში და ამაზე კიდევ აგრძელებს მუშაობას, რაც შეეხება მის და მისი მოადგილეების ხელფასს, ის არც გაზრდილა და არც შემცირებულა.

დღეს, 18 იანვარს თბილისის საკრებულოს ფრაქცია “რესპუბლიკელების” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს თანაშრომლების ხელფასი 4-ჯერ აღემატება ბაგა-ბაღების აღმზრდელების ხელფასს.

ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელფასები – 2017
Create bar charts

მასალების გადაბეჭდვის წესი