“სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ფინანსური მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, დეტალურად შეისწავლა საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის შემოსავლებისა და ხარჯების ამსახველი ფინანსური ანგარიშგების ამსახველი დეკლარაცია, რათა ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მიეღო გონივრული რწმუნება საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშების სისწორისა და სისრულის თაობაზე”, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის განცხადებაში.
ძირითადი შეცდომები, რაც აუდიტის სამსახურის ცნობით გამოიკვეთა, შემდეგია:
1. არასწორად არის დეკლარირებული არაფულადი შემოწირულობები;
2. არ სრულდება ფულის მოძრაობის ბალანსი, რაც ნიშნავს, რომ ფულის საწყის ნაშთს დამატებული შემოსავალი, გამოკლებული გასავალი არ უტოლდება ფულის საბოლოო ნაშთს;
3. არაფინანსური აქტივების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ედრება საბალანსე ანგარიშგებაში დეკლარირებულ შესაბამის მონაცემებს;
4. არ არის შევსებული მოხალისეთა აქტივობის რეესტრი, ან არ არის სრულად დეკლარირებული ორგანიზაციის მიერ და არ ასახავს რეალურად პოლიტიკური სუბიექტის მიერ ჩატარებულ აქტივობებს;
5. საბალანსო ანგარიშგებაში მოცემული ნაშთები არ ედრება საბანკო ანგარიშებას და საბანკო ამონაწერს.
“დარღვევების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმართავს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომელთაც არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 1 თვის განმავლობაში წარმოსადგენი აქვთ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშგების ფორმები, გაითვალისიწინონ ზემოთ ჩამოთვლილი შეცდომები, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს მსგავსი ტიპის დარღვევების არსებობა”, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც, წინასწარი მონაცემებით, მიიღებენ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, − კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 8 დღისა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აუდიტორულ (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად წარუდგენენ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშს ფულადი სახსრების წყაროს მითითებით.
როგორც სახელმწიფო აუდიტის პრესსამსახურმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, აღნიშნულმა პარტიებმა არჩევნებისთვის გამოყენებული ფინანსური სახსრების შესახებ ანგარიშები კანონის დაცვით წარადგინეს. თუმცა პარტიების მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშები აუდიტის სამსახურს ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია.