ახალი ამბები

რესპუბლიკელების 11 შეკითხვა და ენერგეტიკის სამინისტროს პასუხი “გაზპრომსა” და გაზმომარაგებასთან დაკავშირებით

9 დეკემბერი, 2015 • 2464
რესპუბლიკელების 11 შეკითხვა და ენერგეტიკის სამინისტროს პასუხი “გაზპრომსა” და გაზმომარაგებასთან დაკავშირებით

საქართველოს ხელისუფლების მიერ კომპანია „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკების გამო არსებულ მწვავე საზოგადოებრივი დისკუსის თაობაზე რესპუბლიკელების საპარლამენტო ფრაქცია ენერგეტიკის სამინისტროსთან მიმოწერას აქვეყნებს.

რესპუბლიკელების ფრაქციის მხრიდან წერილს ხელს თამარ კორძაია აწერს, ხოლო სამინისტროს მხრიდან ფრაქციის მიერ დასმულ კითხვებს მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი პასუხობს:

შეკითხვა:ცნობილია, რომ საქართველო აზერბაიჯანიდან („სოკარისგან“) იღებს სხვადასხვა მოცულობის გაზს განსხვავებულ ფასებში. კონკრეტულად, რა მოცულობების გაზს რა ფასებში იღებს საქართველო აზერბაიჯანიდან? და რა არის აზერბაიჯანიდან მოწოდებული გაზის მთლიანი მოცულობის საშუალო ფასი?

საქართველოს გაერთიანებულ ენერგეტიკულ ბალანსში ბუნებრივი აირის წილი შეადგენს დაახლოებით 40%-ს. 2015 წლის განმავლობაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 2.4 მილიარდი კუბური მეტრია. ჯამურ მოხმარებაში მოსახლეობის წილი 28%-ია, თბოსადგურების- 27%, ხოლო დანარჩენი 43 %- კომერციული სექტორის მოხმარება.

კომერციული სექტორის მოთხოვნის უზრუნველყოფას ახდენს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია სოკარი კომერციულ მომხმარებელთან გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში, ხოლო ე.წ. სოციალური სეგმენტის (მოსახლეობა და თბოსადგურები) მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება საქართველოს მთავრობასა და სოკარს შორის გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ სოციალური გაზის (2015 წელს 1.35 მილიარდი მ3) ძირითად წყაროს წარმოადგენს შაჰ-დენიზის კონსორციუმთან გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებები (სამხრეთკავკასიური მილსადენით გატარებული მოცულობის 5% და 500 მილიონი დამატებითი მოცულობის სახით, ჯამში, დაახლოებით 750 მილიონი მ3-ის ფარგლებში), აგრეთვე, სომხეთის ტრანზიტის შედეგად მიღებული ბუნებრივი აირის მოცულობა 200 მილიონი მ3-ის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი მოცულობის შევსება უზრუნველყოფილია სოკართან გაფორმებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით.

რაც შეეხება კომერციულ სექტორს, მიწოდების საქმიანობა სრულად დერეგულირებულია, რაც იძლევა კომერციულ მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის ორმხრივ ფორმატში ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობას ორივე მხარისთვის მისაღები პირობებით.

მოწოდების გეოგრაფიის გათვალისწინებით საქართველოს გაზმომარაგება (დაახლოებით 92%) ხდება აზერბაიჯანიდან ორი მილსადენის საშუალებით, ხოლო დანარჩენი 8 % – რუსეთიდან ჩრდილოეთ- სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით.
მოსახლეობისთვის მისაწოდებელი სოციალური გაზის ფასი დღეისათვის შეადგენს 120 აშშ დოლარს 1000 მ3-ზე, ხოლო თბოსადგურებისთვის- 143 აშშ დოლარს 1000 მ3-ზე. სოციალური სეგმენტისთვის სხვადასხვა კონტრაქტების ფარგლებში მიღებული გაზის ფასი წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას. ჩვენი ინფორმაციით, კომერციული მომხმარებლებისათვის მიწოდების საშუალო ფასი 1000 მ3-ზე- 260 აშშ დოლარის ფარგლებშია.

აქვე აღვნიშნავთ, რომ პერიოდულად სომხეთის ტრანზიტის შედეგად მისაღები მოცულობების გარდა ხდება დამატებითი (კომერციული მიზნით) მოცულობების მიღება რუსეთიდან და სომხეთიდან მცირე მოცულობებით.

Screen Shot 2015-12-09 at 3.27.38 PM

2. დღევანდელ ეტაპზე, თუ რაიმე მიზეზით შეწყდება გაზის მოწოდება აზერბაიჯანიდან, როგორ მოხდება საქართველოს გაზით უზრუნველყოფა?

როგორც აღვნიშნეთ საქართველოს გაზმომარაგება ხდება ორი დამოუკიდებელი მილსადენით აზერბაიჯანიდან (სამხრეთ-კავკასიური მილსადენი და სოკარის ოპერირების ქვეშ მყოფი ე.წ. ყაზახის მილსადენი) და ერთი მილსადენით რუსეთიდან. თუ გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზია შაჰ-დენიზის საბადოზე ან მომწოდებელ მილსადენებზე მომხდარი ავარია (მაგალითად, თურქეთში ამ წლის განმავლობაში 2-ჯერ მოხდა სამხრეთ-კავკასიური მილსადენის აფეთქება, გეგმიური სამუშაოების მიზნით ყაზახის მილსადენით შეწყვეტილი იყო გაზის მოწოდება 10 დღით. პერიოდულად ხდება შაჰდენიზის საბადოზე ავარიებიც, რაც იწვევს მოკლე ვადით სამხრეთ-კავკასიური მილსადენიდან გაზის მიღების შეწყვეტას), ეს, როგორც წესი, დროებითი ხასიათისაა და სხვა არსებული წყაროებით, ხელშეკრულებების ფარგლებში, ოპერატიულად ხდება დაბალანსება.

აზერბაიჯანიდან ხანგრძლივად გაზის მოწოდების შეფერხება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ფიზიკურად საქართველოს სხვა წყარო არ გააჩნია მოკლევადიან პერსპექტივაში გარდა რუსეთისა. შესაძლოა ირანიდანც გაზის მოწოდება, რასაც, მაგალითად, მცირე მოცულობებით ადგილი ჰქონდა 2006 წელს, თუ, რასაკვირველია, შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქნება ხელმისაწვდომი.

განიხილება თუ არა ირანის გაზის საქართველოში იმპორტის საკითხი ირანის მიმართ საერთაშორისო სანქციების გაუქმების შემდეგ?

როგორც თქვენთვის ცნობილია, რეგიონში ირანი ნავთობის და გაზის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომპოვებელი ქვეყანაა და, ბუნებრივია, მასთან თანამშრომლობა ჩვენთვის პერსპექტიულია. ორმხივი კომისიის ფარგლებში გამოითქვა მზადყოფნა ელექტროენერგიის და გაზის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით და დღეისათვის შესაბამისი უწყებების მიერ ხდება გაზითა და ელექტროენერგიით ვაჭრობის ტექნიკური შესაძლებლობების და ფინანსური პირობების მოკვლევა/შესწავლა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ირანული გაზის დასავლეთის ბაზრებზე მიწოდების პერსპექტივის განხილვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების თვალსაზრისით.

განიხილება თუ არა ირან-სომხეთის და საქართველოზე გამავალი რუსეთ- სომხეთის („ჩრდილოეთ-სამხრეთის“) გაზსადენების მეშვეობით ირანიდან რუსეთში გაზის მიწოდების პერსპექტივა (ირან-სომხეთის გაზსადენის გამტარუნარიანობის გაზრდით) და თუ კი, რა სტადიაშია ეს პროექტი? დამუშავებულია თუ არა თურქეთიდან უკუდინებით საქართველოს გაზმომარაგების პოტენციური ალტერნატივა?

ირანი-სომხეთი-რუსეთის მიმართულებით გაზის მიწოდების საკითხი არ განიხილება. ჩვენი აზრით პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს საქართველოს გავლით ევროპის მიმართულებით გაზის ტრანსპორტირებას შავი ზღვის მეშვეობით და, როგორც ავღნიშნეთ, ამ მიმართულებით მიმდინარეობს შესაძლებლობების შეფასება. თურქეთიდან უკუდინებით საქართველოს გაზმომარაგება არ არის აქტუალური. დღეს ჩვენი პრიორიტეტია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა, კასპიის რეგიონიდან დამატებითი მოცულობების ტრანსპორტირება დასავლეთის ბაზრებისკენ და სწორედ ამ პროექტების ფარგლებში ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

რა პერსპექტიული პროექტები არსებობს საქართველოზე ახალი გასზადენების გატარების და/ან არსებულის დატვირთვის გაზრდის მხრივ? ასეთი პროექტების რეალიზების შემთხვევაში, რამდენად გაიზრდება საქართველოს გაზმომარაგება?

განხორციელების ეტაპზეა სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შაჰ-დენიზის საბადოდან ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობების წლიურად 22 მილიარდამდე გაზრდას. შედეგად, არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში საქართველოს შესაძლებლობა ექნება 2019 წლიდან დამატებით მიიღოს ბუნებრივი აირი (ტრანზიტის 16 მილიარდი მ3-ით გაზრდის შემთხვევაში 800 მილიონი მ3) გატარებული მოცულობის 5%-ის ოდენობით შეღავათიან ფასად.

აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირის მხრიდან თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორიტრების მიზნით სამხრეთის გაზის დერეფნის მეშვეობით. კერძოდ, ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობის საკითხი. ასევე აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით არსებული და დამატებით საჭირო ინფრასტრუქტურის შეფასება. ხუთი მხარის (თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და ევროკავშირი) მონაწილეობით ბრიუსელში შედგა პირველი სამუშაო შეხვედრა. პროექტის განვითარების პერსპექტივებსა და კონკრეტულ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ველოდებით ევროკავშირის წინადადებებს.

თუკი რუსეთი (გაზპრომი) გაზრდის სომხეთში გაზის ექსპორტს, გაზის რა დამატებით მოცულობას მიიღებს საქართველო ტრანზიტის საფასურად? და ჩვენი შიდა გაზმომარაგების რომელ სეგმენტს მიეწოდება ეს მოცულობა? რა ფასად? ნიშნავს ეს თუ არა, რომ შესაბამისად შემცირდება აზერბაიჯანული (სოკარის) წილი საქართველოს გაზმომარაგებაში? იმოქმედებს ეს თუ არა აზერბაიჯანიდან მოწოდებული გაზის საშუალო ფასზე?

სომხეთის მიმართულებით ტრანზიტის გაზრდის შემთხვევაში საქართველო დღეს მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში მიიღებს გაზრდილი მოცულობის 10%-ს. სომხეთის ტრანზიტის საფასურად მიღებული გაზის მიწოდება ხდება სოციალური სეგმენტისთვის. აღნიშნული გაზის მონეტიზაცია ხდება მთავრობის გადაწყვეტილებით და არ არის საჯარო ინფორმაცია. თუმცა აქვე ავღნიშნავთ, რომ ზოგადად მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ფასი დღეისათვის 120 აშშ დოლარია, ხოლო თბოსადგურებისთვის- 143 აშშ დოლარი 1000 მ3-ზე.

ყოველწლიურად საქართველოს მოხმარების ზრდა გაცილებით დიდია, ვიდრე სომხეთის ტრანზიტით მიღებული დამატებითი გაზის მოცულობები. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აზერბაიჯანის წილი ქვეყნის გაზმომარაგებაში ამ ფაქტორის გამო არ შემცირდება, ბუნებრივია, იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანიდან შესაძლებელი იქნება საჭირო მოცულობების სრულად მოწოდება. ზოგადად არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში მოცულობების ცვლილების ფაქტორს ფასზე ზემოქმედება არ აქვს.

განიხილება თუ არა გაზპრომისგან გაზის დამატებითი მოცულობის შეძენის საკითხი (გარდა იმისა, რასაც ვიღებთ სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურად) და თუ კი, რა ფასად?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოციალური სეგმენტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით სოკართან გაფორმებულია გრძელვადიანი ხელშეკრულება 2009 წლიდან. სახელმწიფო გაზპრომიდან კომერციული სექტორისთვის ამ ეტაპზე არ გეგმავს ბუნებრივი აირის შესყიდვას, რადგან კომერციული სექტორი დარეგულირებულია და კომერციულ მომხმარებელებს აქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ მომწოდებელი და გააფორმონ ორმხრივი ხელშეკრულება ორივე მხარისთვის მისაღები პირობებით.

გათვლილია თუ არა ის პოლიტიკური ფასი, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს არასაიმედო პარტნიორის („გაზპრომის“) მიერ მოწოდებული გაზის მოცულობის ზრდამ?

იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება სახელმწიფოს მიერ გაზპრომიდან კომერციული გაზის შესყიდვა, პოლიტიკური რისკების მონეტიზაციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. თუმცა გაზპრომის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შემთხვევაში არსებობს მეთოდოლოგია ე.წ. stress tests, რომელიც გამოყენებული იქნა ენერგეტიკული გაერთიანების სხვადასხვა ქვეყნების რუსეთიდან მოწოდებული ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შეფასების მიზნით. საქართველოც იყო ჩართული ამ პროცესში და დღევანდელი ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით რისკები მინიმალურად შეფასდა.

ნავარაუდევია საქართველოში გაზზე მოთხოვნის 2-ჯერ და მეტად ზრდა. რა წყაროებიდან იგეგმება გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილება?

2030 წლისათვის ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება ისევ შესაძლებელი იქნება გრძლევადიანი ხელშეკრულებების ფარგლებში (სამხრეთკავასიური მილსადენი), ხოლო რეგიონში არსებული რესურსული ბაზის გათვალისწინებით შესაძლებელია როგორც აზერბაიჯანიდან, ასევე, რუსეთიდან, თურქმენეთიდან და ირანიდან გაზის მიღება, იმის გათვალისწინებით, რომ იმ მომენტისთვის იარსებებს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კონკურენტული გარემო.

იგეგმება თუ არა ქვეყანაში გაზის სტრატეგიული მარაგების შექმნა გაზის მოწოდების მოკლევადიანი შეწყვეტით გამოწვეული რისკის შესამცირებლად?

გაზის სექტორში მოთხოვნა მიწოდების ეფექტურად დაბალანსების და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის კუთხით იგეგმება მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა დაახლოებით 150-200 მილიონი მ3 აქტიური მოცულობით. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების მომზადებას ახორციელებს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. დადებითი რეკომენდაციების შემთხვევაში გაზსაცავის მშენებლობის დაწყება იგეგემება 2017 წლის დასაწყისში, ხოლო ექსპლუატაციაში გაშვება- 2019 წლის ბოლოსთვის.

მთლიან პირველად ენერგომოწოდებაში გაზის წილი ყველაზე მაღალია და ის დაახლოებით 43%-ს შეადგენს (ნავთობი – 22%, ჰიდროენერგია – 15%, ბიომასა – 13%, ქვანახშირი – 7%. წყარო: გერმანიის ეკონომიკური გუნდი. კვლევითი ნაშრომების სერია. საქართველოს ენერგოუსაფრთხოება. 2014). თუ იგეგმება ან ტარდება რამე ღონისძიებები გაზზე მოთხოვნის შესამცირებლად?

ბუნებრივ აირზე მზარდი მოთხოვნის ტენდენცია მთელ მსოფლიოშია და, მით უმეტეს, ზრდის ტემპი შედარებით მაღალია განვითარებად ქვეყნებში. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული პროგნოზიც ამასვე ადასტურებს. საქართველოს ეკონომიკური განვითარების პარალელურად ნაკლებ სავარაუდოა გაზზე მოთხოვნის შემცირება, თუმცა ეფექტური ხარჯვის მიმართულებით უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯი. კერძოდ, აშენდა მაღალ- ტექნოლოგიური ეფექტური თბოელექტროსადგური გარდაბანში 238 მგვტ დადგმული სიმძლავრით (მქკ 52-53 %), რომელიც 1000 მ3 გაზით 40%-ით მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ზოგადად ენერგოეფექტური და ენერგოდამზოგი ღონისძიებების გატარებით შესაძლებელი იქნება ენერგოინტენსივობის შემცირება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. გარდა ამისა, ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება და მიწოდების წყაროების, მარშუტებისა და მომწოდებელების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანად აამაღლებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხარისხს.

მასალების გადაბეჭდვის წესი