ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებების ნაწილი წარუდგინა. წინადადებაში შედის მოსამართლეთა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის გაუქმება და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაც.
მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ შექმნილი საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი პირველ სხდომას 21 იანვარს გამართავს, ასევე, უკვე დაგეგმილია სხვა სამუშაო ჯგუფების სხდომებიც.
EMC-ის მიერ წარდგენილი წინადადებების თანახმად, კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილებები პროკურატურასთან, სახელმწიფო უსაფრღხოების სამსახურთან, სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით. ასევე, კონსტიტუციით უნდა განისაზღვროს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ.
სუს-ის დამოუკიდებლობისა და ნეიტრალიტეტის კონსტიტუციის განსაზღვრა
EMC მიიჩნევს, რომ უკვე გატარებულმა რეფორმამ, რაც შსს-დან უსაფრხოების სამსახურის გამიჯვნვას ეხებოდა, სამართალდამცავი სისტემის დეპოლიტიზების და დემოკრატიული მოწყობისა და კონტროლის მყარი გარანტიები ვერ შექმნა. მათი განცხადებით, სუს-ის დამოუკიდებლობის და ნეიტრალიტეტის პრინციპები კონსტიტუციური გარანტიებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი:
[checklist]
- კონსტიტუციით უნდა განისაზღვროს პარლამენტის წინაშე უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშვალდებულების ფორმა და პროცედურა. მნიშვნელოვანია, თავად კონსტიტუციამ მიუთითოს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანგარიშვალდებულია პარლამენტში უსაფრთხოების სექტორის კონტროლის მიზნით შექმნილი სპეციალური კომიტეტის წინაშე;
- კონსტიტუციით უნდა დადგინდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისათვის აუცილებელი კრიტერიუმები, რაც ამ პროცესს დაიცავს პოლიტიკური განწყობებით გადაწყვეტილების მიღებისგან;
- კონსტიტუციით უნდა განისაზღვროს პრემიერის მიერ ნომინირებული კანდიდატის საკანონმდებლო ორგანოს მიერ განხილვისა და დამტკიცების პროცედურა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება გადაწყვეტილების მიღების პროცესში საპარლამენტო უმცირესობის უშუალო მონაწილეობა. ასევე, კონსტიტუციამ უნდა გაითვალისწინოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების განსაკუთრებული პროცედურა, იმპიჩმენტის მექანიზმი.
[/checklist]
კონსტიტუციით პრკურატურის ადგილის განსაზღვრა
EMC-ის მიერ წარდგენილი წინადადებების თანახმად, პროკურატურის საქმიანობაზე პოლიტიკური გავლენების ყოველგვარი რისკი გავლენას ახდენს მართლმსაჯულების ხარისხზე ქვეყანაში, საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებების დაცვას და საზოგადოებას უკარგავს ნდობას სისხლის სამართლის პოლიტიკისა და მმართველობის სისტემის მიმართ. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პროკურატურასთან დაკავშირებოთ კონსტიტუციაში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
[checklist]
- სახელისუფლებო სისტემაში პროკურატურის ადგილთან ერთად კონსტიტუციით უნდა განისაზღვროს მისი სამართლებრივი ბუნება და ის, რომ პროკურატურა წარმოადგენდეს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელ ორგანოს, რომელიც ამ ფუნქციის უზრუნველსაყოფად უფლებამოსილი იქნება განახორციელოს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობა;
- მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალმა წესმა სამი მნიშვნელოვანი თემა უნდა გაითვალისწინოს: 1. მთავარი პროკურორის კანდიდატურების პროფესიული შერჩევის შემოტანა, რომელსაც სპეციალური საკონკურსო კომისია განახორციელებს; 2. მთავარი პროკურორის კანდიდატურის დასახელება (ნომინირება), რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი განახორციელებს; 3. მთავარი პროკურორის ხმათა 2/3-ით პარლამენტის მიერ არჩევა;
- მთავარი პროკურორის დამოუკიდებლობის და, შესაბამისად, პროკურატურის მთელი სისტემის დამოუკიდებლობის დაცვის მიზნით, კონსტიტუციამ ასევე უნდა გაითვალისწინოს მთავარი პროკურატურის თანამდებობიდან გათავისუფლების განსაკუთრებული პროცედურა, იმპიჩმენტის მექანიზმი;
- კონსტიტუციით უნდა განისაზღვროს პრინციპი, რომლის თანახმადაც, პროკურატურისათვის განკუთვნილი ბიუჯეტის საერთო მოცულობის შემცირება წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავად ამ უწყების წინასწარი თანხმობით.
[/checklist]
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა
EMC-ის განხადებით, სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე ადეკვატური და ეფექტური რეაგირება კვლავ უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.
მათ მიერ შეთავაზებული წინადადების თანახმად, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს, რომლის უფლებამოსილება და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება კონსტიტუციით უნდა განისაზღვროს.
“ეს იქნება პოლიტიკური პასუხი უფლებების დარღვევის სისტემურ ფაქტებზე და განაცხადი ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ასევე მყარი კონსტიტუციური გარანტია იმისა, რომ სისტემა ისე აღარასოდეს არ ჩაიკეტება, როგორც წლების განმავლობაში იყო,”- აცხადებს EMC.
ცვლილებები კონსტიტუციაში სასამართლოს შესახებ
EMC-ის განცხადებით, სასამართლო სისტემაში დღეს არსებული კრიზისი, არაჯანსაღი პროცესები და ხარვეზიანი კანონმდებლობა საფრთხეს უქმნის სამართლიანი სასამართლოს იდეას და მართლმსაჯულების მაძიებელი პირის კონსტიტუციურ უფლებას, მისი საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და კომპეტენტურმა მოსამართლემ.
ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ცვლილებების თანახმად, კონსტიტუციის მეხუთე თავში (სასამართლო ხელისუფლება) უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
[checklist]
- მიეთითოს, რომ მოსამართლის მიერ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დაშვებული სამართლებრივი შეცდომა არ შეიძლება გახდეს მისი სამართლებრივი ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთადერთი საფუძველი;
- საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მესამე პუნქტის ჩანაწერი, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“, იცავს ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებას, როგორიცაა სამართლიანი სასამართლოს უფლება, შესაბამისად, ის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლში უნდა იქნას გადატანილი;
- უფრო კონკრეტულად უნდა განისაზღვროს მოსამართლის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის პროცედურა, რომლითაც მოსამართლე შესაბამისი გარანტიებით აღიჭურვება. მოსამართლის სხვა სამოსამართლო თანამდებობაზე გადაყვანა დასაშვები უნდა იყოს მისი თანხმობის ან შესაბამისი სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში. ასეთ დროს მოსამართლის სოციალური მდგომარეობა არ უნდა გაუარესდეს;
- მოსამართლეთათვის იმუნიტეტის მოხსნის უფლებამოსილება ერთპიროვნული გადაწყვეტილების ნაცვლად კოლეგიურ ორგანოს უნდა მიენიჭოს. იმუნიტეტის მოხსნის საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციაში უნდა მოექცეს;
- კონსტიტუციიდან უნდა ამოიღონ ჩანაწერი, რომელიც მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შესაძლებლობას იძლევა და მოსამართლეთა განწესება უნდა განხორციელდეს უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე;
- სასამართლო ხელისუფლების დაფინანსება უნდა უზრუნველყოფდეს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებების დამოუკიდებლად და ჯეროვნად განხორცილებას. სასამართლო ხელისუფლებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის საერთო ოდენობის შემცირება წინა წლის შესაბამის ოდენობასთან შედარებით შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაში – საკონსტიტუციო სასამართლოს, წინასწარი თანხმობით;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებების კონსტიტუციით გათვალისწინებული ჩამონათვალი უნდა გაფართოვდეს და მიეთითოს, რომ საერთო სასამართლოებისა და მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
- კონსტიტუციით უნდა განისაზღვროს უზენასი სასამართლოს მოსამართლეთა კონკრეტული ოდენობა;
- საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების პროცესში, ნაცვლად უზენაესი სასამართლოს პლენუმისა, საერთო სასამართლოების კვოტით წარსადგენი 3 წევრის არჩევის უფლებამოსილება უნდა გადაეცეს მოსამართლეთა კონფერენციას.
[/checklist]