ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის მომხრეა – მოსაზრებები საკონსტიტუციო ცვლილებებზე

17 იანვარი, 2017 • 25918
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის მომხრეა – მოსაზრებები საკონსტიტუციო ცვლილებებზე

დღეს, 17 იანვარს, დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე.

სალომე ზურაბიშვილის აზრით, საქართველოს კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოში მომავალ რეინტეგრაციას და ტერიტორიული მოწყობის საბოლოო განსაზღვრას:

“ტერიტორიული მოწყობის თემას უკავშირდება ორპალატიანი პარლამენტის შექმნა. ორპალატიანი საპარლამენტო სისტემა ეკონომიკური თუ პოლიტიკური კუთხით  ქვეყნის რეგიონალურ განვითარებაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება. ასევე, პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი გადაწყდება მარტივად,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, უნდა გაუქმდეს კონსტიტუციის ის ჩანაწერი, რომელიც საქართველოს მოქალაქეს უკრძალავს,  იმავდროულად, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეც იყოს.

“შესაბამისად, გაუქმდება მოქალაქეობის შეწყვეტის და ჩამორთმევის საფუძველი  და გზა გაეხსნება ყოფილი მოქალაქეებისა და მათი შვილებისთვის მოქალაქეობის უმარტივესი ფორმით აღდგენას. ორგანული კანონი კი განსაზღვრავს შემდეგ მოქალაქეობის გამონაკლისი წესით მინიჭების, მოპოვების და დაკარგვის წესს.”

დეპუტატის აზრით, კონსტიტუციაში ქვეყნის ერთ-ერთ ვალდებულებად  გამოხატული უნდა იყოს უცხოეთში მყოფ ქართველებზე სახელმწიფოს ზრუნვა და მათი ინტერესების დაცვა:

“ასევე, დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, ქვეყნის გარეთ მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებში ვერ მონაწილეობენ, უნდა მიეცეთ პარლამენტში თავიანთი წარმომადგენლების არჩევის უფლება,” – აღნიშნავს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ მიწების უცხოელებზე მიყიდვა კონსტიტუციით არ უნდა აიკრძალოს:

“ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მიწების უცხოელებზე გაყიდვის კუთხით შეზღუდვები აუცილებლად უნდა დაწესდეს, თუმცა ეს საკითხი კანონით უნდა დარეგულირდეს და არა კონსტიტუციით. კონსტიტუცია კანონით შეზღუდვის უფლებას უნდა ცნობდეს საკუთრების ხელშეუხებლობისა და თანასწორობის პრინციპთან ერთად, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს იმის საფუძველი არ ჰქონდეს, რომ მორატორიუმი ან სხვა ფორმის შეზღუდვა გააუქმოს.

დეპუტატი ასევე ფიქრობს, რომ პრეზიდენტს ხალხი უნდა ირჩევდეს და პარლამენტი არ უნდა ნიშნავდეს:

“ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების არსებული გადანაწილების სისტემა საკმაოდ დაბალანსებულია. ზოგი ხარვეზი გამოსწორებადია, მაგალითად, უშიშროების საბჭოს მთავრობის დაქვენდებარებაში გადატანა, რაც მის ეფექტურობას გაზრდის. სახელისუფლებო ბალანსის შენარჩუნების მიზნით, პრეზიდენტის საყოველთაო არჩევის წესი მართებულია, რამეთუ პრეზიდენტს აძლევს ლეგიტიმაციას. ეს მას ეფექტურ საშუალებას აძლევს, იყოს ადამიანის უფლებების, კონსტიტუციური პრინციპებისა და ქვეყნის მთლიანობის გარანტი,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილს არ უსაუბრია კონსტიტუციით ქორწინების, როგორც კაცისა და ქალის კავშირის განსაზღვრის საკითხის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, საკონსტიტუციო კომისია სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრებს 21 იანვრიდან გამართავს.  საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაამტკიცა და მასში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით სალომე ზურაბიშვილიცაა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი