“ვისაუბრეთ შენობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენი თანამშრომლებიც იყვნენ ადგილზე და შეაფასეს სიტუაცია. ჩვენი ინფორმაციით, მთავარი დარბაზი, სადაც უნდა ჩატარდეს სხდომა, არის მზადყოფნაში. თუმცა შენობის ბოლომდე დასრულებამდე ბევრი სამუშაოა შესასრულებელი”, – აცხადებს აბაშიძე.
ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა 2009 წლის 19 დეკემბერს “დიდების მემორიალის” დემონტაჟით დაიწყო. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტის მშენებლობისთვის 2009 წელს 5 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2010 წელს – 68 მილიონი ლარი, 2011 წელს კი – 60 მილიონი ლარი. 2012 წლის მაისში ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთლიანობაში პარლამენტის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 133 700 000 ლარია დახარჯული.
ახალი პარლამენტის შენობა ქუთაისში ესპანური კომპანიის CMD Ingenieros მიერ მომზადებული პროექტით აშენდა, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “მენო ინტერნეიშენალის” ქვეკონტრაქტორი ფირმა “მაგი სტილი” აწარმოებს. ორივე კომპანიის მფლობელები არიან: ირაკლი ჩიქოვანი (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე), გიორგი გეგეშიძე (ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორი და 10%-იანი წილის მფლობელი) და გიორგი კურცხალია.
ზურაბ აბაშიძის თქმით, 20 ოქტომბრისთვის ქუთაისში, პარლამენტის შენობაში შესაძლებელი იქნება სხდომის ჩატარება. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 26 მაისს ქუთაისის პარლამენტის შენობაში პირველი ერთჯერადი სხდომა გაიმართა.