ახალი ამბები | , , ,

შრომის ინსპექტირების არსებული მექანიზმის ხარვეზები – EMC კვლევას აქვეყნებს

13 იანვარი, 2017 | | 3185
შრომის ინსპექტირების არსებული მექანიზმის ხარვეზები – EMC კვლევას აქვეყნებს

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) საქართველოში შრომის ინსპექტირების მექანიზმებსა და დასაქმებულთა შრომითი უფლებების შესახებ კვლევას აქვეყნებს. მიუხედავად იმისა, რომ შრომის ინსპექციის გაუქმებიდან თითქმის ათი წლის შემდეგ საქართველოში ახალი დეპარტამენტის შექმნას EMC მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს, ამ კუთხით ხარვეზებს ხედავს.

ხარვეზებს შორის, რომელიც ორგანიზაციამ კვლევის ფარგლებში გამოვალინა, დეპარტამენტის მოდელის ამ სახით არსებობაა. კერძოდ, EMc-ის თქმით, შრომითი პირობების ინსპექციის დეპარტამენტი უმეტესად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნებაყოფლობით მონიტორინგს მოიცავს, რაც დეპარტამენტს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებასა და კონსულტირებაზე პასუხისმგებელ სარეკომენდაციო დაწესებულებად აქცევს. კვლევაში ნათქვამია, რომ არსებული მოდელი გამორიცხავს დასაქმების ადგილზე წინასწარი თანხმობის გარეშე დაშვებას, რაც ორგანიზაციის აზრით, არაეფექტურია და ცვლის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების იდეას.

ორგანიზაციის აზრით, სრულფასოვანი საქმიანობისთვის დეპარტამენტს არ გააჩნია ტერიტორიული დანაყოფების ფინანსური და ადამიანური რესურსი საჭირო რაოდენობით. ამას ემატება არსებული თანამშრომლების გამოცდილების არარსებობაც. მაგალითისთვის, კვლევაში ნათქვამია, რომ დეპარტამენტში ამჟამად 22 ინსპექტორი მუშაობს, რაც  ორგანიცაზიის შეფასებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ საწარმოთა რიცხვის გათვალისწინებით შეუძლებელია, მივიჩნიოთ ინსპექტორთა სათანადო რაოდენობად.

ამასთანავე, კვლევაში ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, შრომის ინსპექცია დაკომპლექტებული უნდა იყოს საჯარო მოხელის სტატუსის მქონე კვალიფიციური ინსპექტორებით, რომელთაც ექნებათ თანამდებობის შენარჩუნების გარანტია, პოლიტიკური ძალების ცვლილების მიუხედავად. ინსპექტორთა დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მათი სათანადო თანამდებობრივი სარგოსა და სოციალური დაცვის ბენეფიტებით უზრუნველყოფა.

“დღეს მოქმედი ინსპექტირების დეპარტამენტი არ არის დაკომპლექტებული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე ინსპექტორებისაგან. ინსპექტორები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედებენ და წარმოადგენენ სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურეებს, 3-თვიანი შრომითი ხელშეკრულებებით, რაც შრომის კოდექსის რეგულირების სფეროა, ინსპექტორთა თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია 1000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტორები, არსებული პირობებისა თუ მოქმედი რეგულაციების ფარგლებში, არ შეიძლება, მივიჩნიოთ დამოუკიდებლობის გარანტიებით აღჭურვილ კადრებად, რამდენადაც მათ არ გააჩნიათ შესაბამისი სამსახურებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, სამართლებრივი სტატუსისა და შრომითი ურთიერთობის ფორმის გათვალისწინებით” – ნათქვამია კვლევაში.

ორგანიზაციამ სხვადასხვა სექტორში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობაც შეისწავლა.  წიაღისეულის მომპოვებელ და გადამამუშავებელ საწარმოებში, ასევე, სარკინიგრო სატრანსპორტო სფეროში, EMC-ის მიერ გამოკითხული რესპონდენტები უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მწვავე საჭიროებებზე საუბრობდნენ. მათი შეფასებით, ამ სფეროში დასაქმებულებს არ აქვთ სათანადო ხელფასი. დასაქმებულები გამუდმებით, უშედეგოდ ითხოვენ ჰიგიენური ნორმების დაცვას და მათი საქმიანობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას, ასევე, მომსახურების მიღება სურთ.

EMC-ის კვლევაზე დაყრდნობით, კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხად რჩება მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულთა სამსახურეობრივი ინციდენტების და გარდაცვალების შემთხვევების გამოძიება და სათანადო რეაგირების საკითხი. სტაბილური დასაქმებისა და ხანგრძლივვადიანი სტაჟის მიუხედავად, დასაქმების ამ სექტორში შრომის სოციალური გარანტიები მწირია.

“ასევე, მძიმე, მავნე თუ საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულები შესაბამისი სოციალური პაკეტების საჭიროებაზე საუბრობენ. მეორე მხრივ, მსუბუქი მრეწველობისა და მომსახურების სფეროში სამუშაო პირობები შრომითი უფლებების დარღვევის გარემოებებს იმ სიმწვავით არ წარმოშობს, როგორც ეს მძიმე ინდუსტრიისა და ტრანსპორტის შესწავლილ სფეროებში ხდება. თუმცა სხვადასხვა დასაქმების ადგილზე, სადაც სამუშაო საათები და შრომის დანაწილება, საწარმოებისა და სარკინიგზო რანსპორტის მსგავსად, რეგლამენტირებული და ნორმირებული არ არის, მძიმე გამოწვევაა თანამშრომლებს შორის უფლებამოვალეობების გამიჯვნა, ზეგანაკვეთური შრომის ინტენსივობა და მშრომელთა დაჯარიმების არაადეკვატურად მკაცრი სანქციები დასაქმებულთა დისციპლინირებისთვის” – ნათქვამია კვლევაში.

EMC-ის თქმით, ხანგრძლივვადიანი თუ უვადო ხელშეკრულებების არქონა, თავის მხრივ, გამორიცხავს შრომის სოციალურ გარანტიებს ამ სეგმენტში.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანად განსხვავდებოდა დასაქმებულთა ინფორმირებულობა შრომითი უფლებების მდგომარეობის შესახებ სფეროებში, სადაც პროფესიული კავშირები მოქმედებს და სფეროებში, სადაც დასაქმებულთა გაერთიანების გამოცდილება არ არსებობს.

კვლევის საფუძველზე ორგანიზაცია შრომითი უფლებების სფეროში რეფორმის დაუყოვნებლივ განხორციელების საჭიროებას ხედავს და შესაბამის სახელმწიფო უწყვებებს რეკომენდაციებით მიმართავს:

  • შრომის ინსპექტირების მექანიზმის მთავარ ფუნქციად განისაზღვროს შრომითი უფლებების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება და ამ ნაწილში მისი მანდატის დაუყოვნებლივ ამოქმედება;
  • შრომის ინსპექტირების მექანიზმის საზედამხედველო მანდატი გაფართოვდეს და დაფაროს შრომითი უფლებების ყველა ასპექტი, ILO-ს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მისი უფლებამოსილება გავრცელდეს შრომითი უფლების რეალიზებასთან დაკავშირებული საკითხების სრულ სპექტრზე, რომელიც მოიცავს, როგორც შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის, ასევე შრომის უფლების ყველა სხვა კომპონენტის შემოწმებას;
  • შრომის ინსპექტირების მექანიზმი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აღიჭურვოს ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე უპირობო/თავისუფალი დაშვებით, რაც გულისხმობს ინსპექტორების უფლებამოსილებას, წინასწარი თანხმობის გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში აწარმოონ დასაქმების ადგილის ინსპექტირება;
  • შრომის ინსპექტირების მექანიზმი აღიჭურვოს შრომითი უფლებების დარღვევებზე რეაგირებისა და შესაძლო რისკის პრევენციის სათანადო ეფექტური მექანიზმებით, რაც თანხვედრაში იქნება ILO-ს მიერ დადგენილ სტანდარტებთან. მათ შორის, კანონმდებლობამ ცხადად განსაზღვროს შრომის ინსპექტორთა უფლებამოსილება, მიიღონ სავალდებულოდ შესასრულებელი გადაწყვეტილებები შესაბამისი სანქციის გამოყენების თაობაზე;
  • კანონმდებლობამ განსაზღვროს და ცხადად გაწეროს სანქცირების სისტემა, რაც პასუხისმგებელი იქნება როგორც პრევენციული, ასევე რეაგირებითი ღონისძიებების გამოყენებაზე და მოიცავს როგორც სანქცირების ფორმებს/ღონისძიებებს, ასევე განსაზღვრავს მათი გამოყენების კრიტერიუმებს და უზრუნველყოფს მათ აღსრულებადობას;
  • სანქცირების სისტემამ, საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, გაითვალისწინოს შესაბამისი ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობა, მათ შორის, მოიცვას გაფრთხილება, შენიშვნა გონივრული ვადის განსაზღვრით, ფულადი ჯარიმა, დაწესებულების საქმიანობის ან კონკრეტული სამუშაო/საწარმოო პროცესის შეჩერება/შეწყვეტა;
  • დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მყისიერი საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში შრომის ინსპექტირების მექანიზმს უნდა ჰქონდეს მყისიერი და ეფექტური ბერკეტების დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობა, მის ხელთ არსებული სანქცირების სისტემის ფარგლებში;
  • სანქცირების მექანიზმების სავალდებულოდ აღსრულებადობის საკითხი კანონმდებლობამ დაუყოვნებლივ გაითვალისწინოს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხებთან, ასევე იძულებითი შრომის, შრომითი ექსპლუატაციისა და დისკრიმინაციის შემთხვევებთან მიმართებით. ხოლო შრომის უფლების სხვა კომპონენტებთან მიმართებით სანქცირების მექანიზმი სავალდებულო გახდეს 2017 წლის ბოლომდე;
  • დაუყოვნებლივ განისაზღვროს შრომითი ექსპლუატაციის ცნების შინაარსი და ინსპექტირების მექანიზმის ქმედითი მანდატი სრულად გავრცელდეს ამ შემთხვევებზე;
  • ცხადად გაიმიჯნოს ინსპექტირების მექანიზმისა და საქართველოს სახალხო დამცველის მანდატები შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის შემთხვევების გამოვლენისა და შესწავლის კუთხით და დადგინდეს შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის შესწავლის წესი, პროცედურა და გადაწყვეტილებათა აღსრულებადობის საკითხი;
  • დაუყოვნებლივ გაუქმდეს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წარმოებული ინსპექტირების ანგარიშების, დასკვნებისა და რეკომენდაციების ავტომატური, ბლანკეტური დახურვის წესი და ინსპექტირების შედეგად მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება და პროცესთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის საჯაროობა მოექცეს საქართველოს კონსტიტუციასა და ზაკ-ით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების არსებული რეგულირების ქვეშ;
  • კანონმდებლობით ცხადად განისაზღვროს დეპარტამენტის მანდატს დაქვემდებარებულ სუბიექტთა წრე; შრომის ინსპექტირების მექანიზმის თვითდასაქმებულ და არაფორმალურ ეკონომიკურ სექტორში დასაქმებულ პირებზე გავრცელების საკითხზე დაიწყოს დისკუსია სახელმწიფოს მხრიდან;
  • კანონმდებლობამ ცხადად გაითვალისწინოს შრომის ინსპექტორების უფლებამოსილება და პროცედურა შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული სფეროს ექსპერტისა თუ სპეციალისტის ინსპექტირების პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით; ასევე, ინსპექტირებისას გამოსაყენებელ ინსტრუმენტებს შორის კანონმდებლობამ გაითვალისწინოს შრომის ინსპექტორთა უფლებამოსილება დასაქმების ადგილიდან მასალების, ნივთიერებების ნიმუშების აღებისა და შემოწმების თაობაზე; რეკომენდაციები შრომის ინსპექტირების მექანიზმის ინსტიტუციური ჩარჩოს ფორმირებასა და ეფექტურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით:
  • გადაიხედოს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის არსებული მოდელი, რაც გაითვალისწინებს მისი დამოუკიდებლობის, ეფექტურობისა და მდგრადობის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდას;
  • შრომის ინსპექტირების მექანიზმის საქმიანობაში გათვალისწინებული იქნას სოციალური პარტნიორების მონაწილეობის შესაძლებლობები და ამ მიზნით შეიქმნას მხარეთა მონაწილეობის ინსტიტუციონალიზებული ფორმატი, რაც უზრუნველყოფს უწყების გამჭვირვალე, კორუფციისაგან თავისუფალ და სანდოობაზე დაფუძნებულ მუშაობას;
  • სახელმწიფომ უზრუნველყოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ეფექტური მუშაობა, რაც სხვა საკითხებთან ერთად, გაითვალისწინებს შრომის ინსპექტირების საკითხებზე სისტემურ და განგრძობად მუშაობას;
  • კანონმდებლობით ცხადად გაიწეროს შრომის ინსპექტირების მექანიზმის ანგარიშვალდებულების ფორმები და შინაარსი;
  • სახელმწიფომ ეტაპობრივად მოახდინოს შრომის ინსპექტირების მექანიზმის ტერიტორიული ერთეულების ფორმირება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ფინანსური, ინფრასტუქტურული და ადამიანური რესურსით;
  •  დღეს არსებული გამოცდილებისა და ინსპექტირების მანდატის გაფართოების გათვალისწინებით, შესწავლილ იქნეს ეფექტური და სათანადო ინსპექტირებისათვის საკმარისი ადამიანური, ფინანსური, საინფორმაციო და ადმინისტრაციული რესურსის საჭიროება და მოხდეს მისი ალოკაცია;
  • შრომის ინსპექტორები აღიჭურვონ დამოუკიდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი დაცვის გარანტიებით, რაც მოიცავს შესაბამისი სამსახურებრივი (მათ შორის, საჯარო მოხელის სტატუსის განსაზღვრა) და სოციალური დაცვის მექანიზმების საკანონმდებლო რეგლამენტირებას;
  • შრომის ინსპექტორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებმა გაითვალისწინოს შესაბამის სფეროში კანდიდატთა სათანადო განათლებისა და/ან გამოცდილების მოთხოვნები; უზრუნველყოფილ იქნას შრომის ინსპექტორთა სისტემური გადამზადების პროცესი;
  • კანონმდებლობით ცხადად განისაზღვროს და გაიმიჯნოს შრომის ინსპექტირების მექანიზმის, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაბამისი სამსახურების უფლებამოსილებები და ფუნქციები, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საკითხების ზედამხედველობის ნაწილში;
  • შეიქმნას მოქმედი საზედამხედველო თუ სხვა შესაბამისი კომპეტენციის მქონე დაწესებულებების კოორდინირებული მოქმედების გამართული მექანიზმი და ჩამოყალიბდეს ინსპექტირებისას მათი კომპლექსური მუშაობის პრაქტიკა;
  •  შრომის ინსპექტირების მექანიზმსა და სხვა რელევანტურ უწყებებს შორის შეიქმნას ინფორმაციის გაცვლისა და გადამისამართების, რეფერალის ეფექტური სისტემა; ამასთან, შრომის ინსპექტირების სფეროში შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის, პრაქტიკისა და პოლიტიკის ფორმირების მიზნით:
  • სახელმწიფომ მოახდინოს შრომის ინსპექტირების სფეროში ILO-ს შესაბამისი კონვენციებისა და ევროპის სოციალური ქარტიის შესაბამისი მუხლების რატიფიცირება;
  • სახელმწიფომ უზრუნველყოს სათანადო საკანონმდებლო ბაზის ამოქმედება შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, რაც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის, ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან;
  • შრომის ინსპექტირების მექანიზმის რეფორმირების პროცესი წარიმართოს სოციალური პარტნიორებისა და სხვა დაინტერესებული პირების მაქსიმალური ჩართულობის პირობებში;
  • შრომის ინსპექტირების მექანიზმის მიზნები, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვროს კანონის მიერ, მათ შორის, შრომის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების უზრუნველყოფის გზით;
  • განხორციელდეს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რაც უზრუნველყოფს ფართო საზოგადოებისათვის შრომის ინსპექტირების მექანიზმის მანდატისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი