ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების უმეტესობა ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნის

12 იანვარი, 2017 • 5843
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების უმეტესობა ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნის

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებისა და ლიდერების უმეტესობა ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნის. განცხადება ამის შესახებ, დავით ბაქრაძემ და მისმა თანამოაზრეებმა დღეს, 12 იანვარს, გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

დეპუტატებს შორის, რომელბიც ახალ პოლიტიკიკურ გაერთიანებაში გადაინაცვლებენ, არიან:

  1. გიგა ბოკერია
  2. ელენე ხოშტარია
  3. სერგი კაპანაძე
  4. ოთო კახიძე
  5. გიორგი ტუღუში
  6. ირაკლი აბესაძე
  7. დავით ბაქრაძე
  8. აკაკი ბობოხიძე
  9. ხათუნა გოგორიშვილი
  10. თენგიზ გუნავა
  11. ლაშა დამენია
  12. გიორგი კანდელაკი
  13. ზაზა კედელაშვილი
  14. ირმა ნადირაშვილი
  15. რამაზ ნიკოლაიშვილი
  16. სერგო რატიანი
  17. ლელა ქებურია
  18. გიორგი ღვინიაშვილი
  19. მამუკა ჩიქოვანი
  20. გიგი წერეთელი
  21. ზურა ჭიაბერაშვილი

დეპუტატების გარდა ახალ ძალას შეუერთდებიან გიგი უგულავა, დავით დარჩიაშვილი და პარტიის სხვა ლიდერებიც.

დაპირისპირება “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. პარტიის წევრთა ნაწილი, მათ შორის, გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, ზურაბ ჭიაბერაშვილი და პარტიის დეპუტაცია მოქმედი პოლიტსაბჭოს სხვა წევრებთან ერთად მიხეილ სააკაშვილსა და პოლიტსაბჭოს სხვა წევრებს, ლევან ვარშალომიძეს, ზაზა ბიბილაშვილს, ჩიორა თაქთაქიშვილს, ნუგზარ წიკლაურს, აკო მინაშვილსა და სხვა ლიდერებს დაუპირისპირდა.

ძირითად საკითხებს შორის, რომელზეც პარტიის წევრები ვერ თანხმდებოდნენ, პარლამენტის ბოიკოტი და მეორე ტურებში მონაწილეობის მიღება იყო. მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ მეორე ტურებში მონაწილოების აზრს ვერ ხედავდა, საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო პარტიის პოლიტსაბჭომ. პარლამენტში შესვლის იდეას პოლიტსაბჭოს მხოლოდ 9 წევრი შეეწინააღმდეგა.

კიდევ ერთი საკითხი, რამაც პარტიაში დაპირისპირება გაამწვავა, მიხეილ სააკაშვილის როლი იყო“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”.

თემაზე საჯარო დისკუსია შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა შოთა უტიაშვილმა გახსნა, რომელმაც თქვა, რომ მარცხის ერთ-ერთი მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ფაქტორთან დაკავშირებული რიტორიკა იყო, რომელიც გამოიხატებოდა შემდეგში: “ჩამოდის თუ არ ჩამოდის მიშა”. უტიაშვილის აზრით, თავდაპირველად ენმ-ს კარგი კამპანია ჰქონდა, თუმცა შემდეგ აგრესიული გახდა და ხალხმა დაიჯერა, რომ ენმ-ის მიზნებზე ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები სწორი იყო.

ენმ-ის შიგნით დისკუსიის საგანი იყო, რატომ ვერ დაიცვა პარტიამ საარჩევნო ხმები. ეს იყო შეკითხვა, რომლითაც პარტიის მხარდამჭერების ნაწილი ენმ-ის მენეჯმენტს მიმართავს. მიხეილ სააკაშვილიც ამ დისკუსიის მონაწილე და ლიდერია. ენმ-ის ეს ფლანგი თვლის, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რამდენი პროცენტის დაცვაზეა საუბარი.
ენმ-ის მეორე ფლანგის წარმომადგენელი, დეპუტატი სერგი კაპანაძე თვლის, რომ არჩევნებში ხმების დაახლოებით 3-5% გაყალბდა. ზუსტი არგუმენტაცია, რატომ 3-5% და არა მეტი ან ნაკლები, ამ შემთხვევაშიც უცნობია.
“ძალიან ბევრი დოკუმენტაცია წარვადგინეთ როგორც პირველ, ისე მეორე ტურში. ამის ნაწილი გასაჩივრებულია, ნაწილი საჯაროდ გამოვიტანეთ. ეს ყველაფერი გვაქვს და სხვადასხვა მეთოდებით ვიბრძოლეთ ამ შედეგების გასაბათილებლად. თუმცა, სამწუხაროდ, ეს წარმატებით არ დასრულდა. საუბარი იმაზეა, მერე რა მეთოდები უნდა გამოეყენებინა პარტიას, ასეთი დარღვევების წინააღმდეგ უნდა მოეწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, თუ არა. პარტიის შიგნით ამ საკითხზეც არის აზრთა სხვადასხვაობა. მე მჯერა, რომ საქართველოში ამ ეტაპზე არ არის წინაპირობა, რომ ეს მომხდარიყო. არავისთვის კარგი არ იქნებოდა ასეთი აქციების აგორება”, – ამბობდა სერგი კაპანაძე.

მხარეებს შორის დაპირისპირების კიდევ ერთი ტალღა ენმ-ის პოლიტსაბჭოს იმ განცხადებას მოჰყვა, რომელიც 4 ნოემბერს გავრცელდა. განცხადებაში ეწერა, რომ კატეგორიულად გმობენ და ემიჯნებიან ყველას, ვინს ცილისმწამებლურ ბრალდებებს ავრცელებს ენმ-ის ლიდერებისა და ივანიშვილის გარიგების შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ  ცილისმწამებლური ბრალდებების გამვრცელებლები ვერ იქნებიან ენმ-ის ნაწილი ან მასთან რაიმე სახით აფილირებულნი.
განცხადების ეს ნაწილი პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების იმ ნაწილმა, რომელიც ამ კონკრეტულ დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილთან არის აფილირებული, შეაფასა, როგორც ენმ-ის გამიჯვნა პარტიის წევრებისაგან. განსხვავებული აზრი აქვს მეორე ფლანგს, რომელიც ამბობს, რომ აქ ლაპარაკია არა მხარდამჭერებზე, არამედ კონკრეტულ ჯგუფებზე, რომლებიც ენმ-ის ლიდერების ბიძინა ივანიშვილთან გარიგების შესახებ ავრცელებდნენ ინფორმაციას.

სადავო გახდა ენმ-ის ლიდერის, გიგი უგულავას ღია წერილი, რომელიც უგულავამ ჯერ კიდევ საპატიმროში ყოფნისას გამოაქვეყნა და  შემდგომში რამდენიმე თემად გაიშალა. ერთგან უგულავა წერს: “ოცნების გამარჯვების მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქართველოში პოლიტიკური მმართველობის ციკლი 8-10 წელიწადს, ორ საარჩევნო პერიოდს მოიცავს. ანუ მოსახლეობა ამ ვადით აძლევს პარტიას/ლიდერს მართვის მანდატს და, შესაბამისად, ამდენი ხნით იტანს მას”.

მიხეილ სააკაშვილს თავის ერთ-ერთ განცხადებაში კონკრეტული სახელი და გვარი არ დაუსახელებია, თუმცა თქვა შემდეგი:

“ლაპარაკი დაიწყეს, რომ თითქოს არსებობს 8-წლიანი ციკლი, 10-წლიანი ციკლი და უნდა დაველოდოთ თურმე კიდევ რამდენიმე წელში, როგორ გააყალბებენ. მათ პრობლემა სააკაშვილთან კი არ აქვთ, მათ პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან და პირველ რიგში ჩვენს მრავალრიცხოვან მხარდამჭერებთან, 600 ათას ამომრჩეველთან.
“იმ ხალხთან, ვინც არ უსმენს ჩვენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა, ვინც პრაქტიკულად გამოგვიწერა დამარცხებები, არა მხოლოდ წარსულში, არამედ უკვე წინასწარ აქვთ გამოცხადებული დამარცხება მომავალში, ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონასთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობის შიგნით, ხალხმა მინდა იცოდეს, მე არაფერი საერთო არ მინდა, რომ მქონდეს”, – რუსთავი 2-ის ცნობით, თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უგულავას შესახებ თქვა, რომ ის სრულიად უსამართლოდ ზის ციხეში და გაიხსენა მასთან საფრანგეთში გამართული შეხვედრა, როცა თბილისის ყოფილი მერი საქართველოში ბრუნდებოდა:

“მე გიგის ვუსურვებ, რომ გამოვიდეს ციხიდან. როცა მიდიოდა [საქართველოში], მე ის ვნახე საფრანგეთში და ვუთხარი, რომ არ წახვიდე, ჩაგსვამენ ციხეში. მას სხვა აზრი ჰქონდა, მას მიაჩნდა, რომ წლის ბოლომდე თითს არ დამაკარებენო, მე ვუთხარი, საშიშია, ,ჩაგსავამენ და შეიძლება გამოგიყენონ მძევლად”, – თქვა სააკაშვილმა ისე, რომ არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა მძევლად ჩასმაში.

პარტიის წევრები ერთმანეთს ყრილობის მოწყობის წესზეც დაუპირისპირდნენ. ენმ-ის პოლიტსაბჭოზე განიხილებოდა პარტიის ყრილობის ჩატარების ორი ვარიანტი. ამ დაპირისპირებაში სააკაშვილთან აფილირებული ჯგუფი მხარს უჭერდა ყრილობაზე დელეგატების 7000-იან წარმომადგენლობას, ხოლო მეორე ფლანგის აზრით, ყრილობა 2158 დელეგატით უნდა ჩატარებულიყო. სააკაშვილი მხარს დელეგატთა 7000-იან წარმომადგენლობას უჭერდა, რომელმაც პოლიტსაბჭოში 1 ხმით გაიმარჯვა. გამარჯვებული ჯგუფის არგუმენტი იყო ის, რომ ბევრი დელეგატი ყრილობის გადაწყვეტილებას მეტ ლეგიტიმაციას შესძენს, ხოლო მეორე ჯგუფის აზრით, დელეგატების 2000-ის ფარგლებში წარმომადგენლობით ენმ ევროპული ტიპის ყრილობას ჩაატარებდა, სადაც სამუშაო გარემო იქნებოდა.

დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილთან აფილირებული ჯგუფი აცხადებს, რომ ენმ-ში გადაწყვეტილებების მიღების არადემოკრატიული და არაფორმალური პრაქტიკა ჩამოყალიბდა. ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ეს შეეხებოდა, მაგალითად, ენმ-ის საპარლამენტო სიის ჩამოყალიბების პროცესსაც. მეორე მხარის არგუმენტია ის, რომ გადაწყვეტილებებს პარტია შიდადემოკრატიით ანუ პოლიტსაბჭოში ხმათა უმრავლესობით იღებს.

პარტიაში განსხვავებული პოზიციები იყო ენმ-ის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებითაც. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, ენმ-ს თავმჯდომარე არ ჰყავს. განვითარების არგუმენტაციით, ახალი თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობაზე საჯაროდ პირველად გიგი უგულავამ ისაუბრა თავის ღია წერილში. ამას დაპირისპირების მორიგი ტალღა მოჰყვა. მიხეილ სააკაშვილის მომხრეების აზრით, იმ ვითარებაში, როდესაც მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური დევნილია, ახალი თავმჯდომარის არჩევა არ შეიძლება, რადგან ეს მასთან გამიჯვნად აღიქმება და სააკაშვილისა და ენმ-ის მოწინააღმდეგეები ამით ისარგებლებენ. მეორე ფლანგის აზრით, მიხეილ სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარე ისედაც არ არის, ახალი თავმჯდოამრის არჩევა პარტიას ინსტიტუციონალური განვითარებისათვის ესაჭიროება და ეს არანაირად არ ნიშნავს სააკაშვილთან გამიჯვნას.

ამის შემდგომ, 8 იანვარს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ პარტიაში პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდთან დაპირისპირებული ჯგუფი საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან ნიკა მელიას გადაყენებას გეგმავს.
ამის შესახებ ბიბილაშვილმა 8 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ ფრაქციის ხუთი წევრი ამ საკითხის დაყენებას 9 იანვარს აპირებდა, თუმცა ფრაქციის სხდომა გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქცია ამ საკითხზე 13 იანვარს იმსჯელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი