ახალი ამბები

მინისტრებსა და მათ შემცვლელებს შორის კომუნიკაცია შედგება

8 ოქტომბერი, 2012 • 1293
მინისტრებსა და მათ შემცვლელებს შორის კომუნიკაცია შედგება

როგორც შეხვედრის შემდეგ კომისიის წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, ეს სხდომაზე მიღებული ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა:

 

“შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე ვიმსჯელეთ, მათ შორის გადაწყდა, რომ რადგან ახლა უკვე დასახელებულია მინისტრთა კაბინეტი, მოქმედი მთავრობისა და მინისტრობის ახალ კანდიდატებს შორის კომუნიკაცია უნდა შედგეს. სხდომაზე ასევე განვიხილეთ საარჩევნო თემატიკა, კერძოდ, საარჩევნო კომისიებზე ქართული ოცნების წევრების მიერ განხორციელებული ზეწოლა და მუქარა”, – განაცხადა კუბლაშვილმა. მისი თქმით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამის შესახებ ინფორმირებულნი არიან და მათი განცხადებით, მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება.

 

“პირველი შეხვედრის მსგავსად, მეორემაც ჩაიარა საქმიან ვითარებაში”, – განაცხადა კომისიების შეხვედრის დასრულების შემდეგ კომისიის წევრმა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან  გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, მინისტრებმა და მინისტრობის კანდიდატებმა კომუნიკაციის დონეზე უნდა იურთიერთონ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმემ ვინმეს ხელისუფლება გადააბარა:

 

“არავინ არსად არ ჯდება, როგორც ლეგიტიმური წარმომადგენელი, ეს არის მხოლოდ კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცემა ზოგად დონეზე. მთავრობა აგრძელებს მუშაობას ჩვეულებრივად, ვიდრე არ მოხდება ახალი კაბინეტის დამტკიცება. არანაირი შერეული უფლებამოსილება ხელმძღვანელებს შორის არ იარსებებს,  ეს არის ცივილიზებული მეთოდი ხელისუფლების გადაბარების”, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

კანცელარიაში გამართულ შეხვედრას კოალიციის მხრიდან ესწრებოდნენ: ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, სოზარ სუბარი და ირაკლი ღარიბაშვილი. მოქმედი ხელკისუფლებიდან კი – დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და პავლე კუბლაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი