ახალი ამბები

სამ ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

8 ოქტომბერი, 2012 •
სამ ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში, ტარდება საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები.

 

“თუ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარებამდე დარჩენილია 60 დღეზე ნაკლები, შუალედური არჩევნები ტარდება მომავალი წლის ოქტომბერში”, – ნათქვამია საარჩევნო კოდექსში.

 

ივანიშვილის მთავრობის კაბინეტში მინისტრობის სამი კანდიდატია დასახელებული, რომლებმაც მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვეს: ნაძალადევის მაჟორიტარი – თეა წულუკიანი (რომელიც იუსტიციის მინისტრის პოსტზე დაინიშნება), ბაღდათის მაჟორიტარი არჩილ კბილაშვილი (რომელიც მთავარი პროკურორის პოსტზეა წარდგენილი) და სამტრედიის მაჟორიტარი კახი კალაძე (რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს დაიკავებს).

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, წულუკიანის, კბილაშვილისა და კალაძის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის შემდეგ, ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს მომავალი წლის ოქტომბერში, რა დროსაც, ასევე, ჩატარდება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები.

 

“ბევრი იმუშავეს მათ საკუთარ ამომრჩეველთან, დამეგობრებულები არიან და მგონია, რომ ღირსეულად აირჩიეს, თუმცა მათ ძალიან მაღალი პოსტები მიიღეს და ამიტომაც თქვეს უარი მაჟორიტარულ კანდიდატობაზე. აქედან შეიძლება უფრო მეტიც გააკეთონ და დანაპირები, რაც აქვთ, შეუსრულონ თავის ამომრჩეველს. პრინციპულად აქვს სამივეს ეს დამოკიდებულება, რომ გარდა იმისა, რომ თანამდებობები ექნებათ, ყურადღებას მიაქცევენ, რომ დანაპირების შესრულებაში მიიღონ მონაწილეობა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა დღეს იმ კანდიდატების წარდგენისას, რომლებმაც მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვეს, მაგრამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოუწევთ საქმიანობის გაგრძელება.

 

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა.

 

შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევა პარტიას ან საარჩევნო ბლოკს, რომელიც ცესკოში რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას. მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ ან საარჩევნო ბლოკმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ უნდა მიმართოს, თუმცა მიმართვა უნდა გაკეთდეს არჩევნებამდე არაუგვიანეს 57–ე დღისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი