ახალი ამბები

თეთრიწყაროს სასამართლომ ორივე გადაწყვეტილება ‘ნაცმოძრაობის’ სასარგებლოდ გამოიტანა

6 ოქტომბერი, 2012 •
თეთრიწყაროს სასამართლომ ორივე გადაწყვეტილება ‘ნაცმოძრაობის’ სასარგებლოდ გამოიტანა

პირველი სასამართლო გადაწყვეტილება თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაბათილებულ 23-ე საარჩევნო უბანს შეეხებოდა. სასამართლომ საოლქოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააბათილა. ადმინისტრაციული სარჩელი აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ სასამართლოში ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატმა, დავით ბეჟუაშვილმა შეიტანა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ბეჟუაშვილის სასარგებლოდ გამოიტანა. სასამართლო პროცესს მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიის ადვოკატი, ნონა აბულაძე ესწრებოდა. 

 

მეორე საჩივარი, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ გამოიტანა, თეთრიწყაროს მე-40 საარჩევნო უბნის გაბათილებას შეეხებოდა. საჩივარი კახა კუკავას პარტია “თავისუფალი საქართველოს” მიერ იყო შეტანილი. 

 

 “თავისუფალი საქართველოს” წევრმა, ადვოკატმა ლალი აფციაურმა განაცხადა, რომ “სასამართლო კრიმინალთა ჯგუფს წარმოადგენს.” 

 

  

თეთრიწყაროს მე-40 უბანი სოფელ კოდაში, დევნილთა დასახლებაში მდებარეობს. არჩევნების დასრულებისთანავე აღნიშნული უბნიდან ოქმის შედეგები საოლქოს ნაცვლად თბილისში, როგორც საოლქოს თავმჯდომარეც განმარტავს, პირდაპირ ცესკოში წაიღეს.

 

ზურაბ ჯაშიაშვილი, საოლქოს კომისიის თავმჯდომარე ამ უპრეცენდენტო ფაქტს იმით ხსნის, რომ “კომისიის ზოგიერთ წევრს მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს საოლქომდე მისასვლელ გზაზე გარკვეული შეფერხებები იყო და, შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, ოქმის უსაფრთხოების მიზნით ის პირდაპირ თბილისში, ცესკოში ჩამოეტანათ.” 

 

“კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და გადაწყდა, რომ არ უნდა გაგვეუქმებინა ამ მიზეზის გამო ეს უბანი,”- ამბობს ჯაშიაშვილი.

 

საოლქო კომისიის გადაწყვეტილება სასამართლომაც უცვლელი დატოვა. ლალი აფციაური კი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ უფრო მაღალ ინსტანციებში. 

 

სასამართლოსთან იმყოფებოდა დაახლოებით 10 -მდე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, რომელთაც რუსთავი 2– ის ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც ორმხრივი დაპირისპირება მოჰყვა. 

  

მასალების გადაბეჭდვის წესი