თუმცა, როგორც დღევანდელ სხდომაზე ითქვა, N31-ე უბნის ხმებს ხვალ, 7 ოქტომბერს, ცესკო ხელმეორედ გადათვლის.
ცესკოს პრესსპიკერის ეკა აზრაშვილის განცხადებით, ცესკოს გადაწყვეტილება ხმების ხელმეორედ გადათვლასთან დაკავშირებით გასაჩივრებულია თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში, სადაც პროცესი ჩანიშნულია ხვალ, 7 ოქტომბერს. სანამ სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, მანამდე ცესკოს არ აქვს საშუალება, გადაითვალოს ეს ხმები.
”სხდომაზე გაიხსნა მხოლოდ დალუქული დოკუმენტაცია, საიდანაც ამოღებულ იქნა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი, სადაც არის აღნიშნული იმ პირთა ვინაობა, ვინც ესწრებოდნენ 31-ე უბანზე საარჩევნო პროცესს. ისინი იქნებიან გაფრთხილებულები და მათ ექნებათ საშუალება, რომ თუ კი ცესკო გადაითვლის ამ ხმებს თავიდან, დაესწრნონ და დააკვირდნენ გადათვლის პროცესს”, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ უბანზე სადავო სიტუაცია იყო.
”იქ მხოლოდ არ იკვეთებოდა დარღვევის ერთი ფაქტი, კერძოდ ის, რომ საარჩევნო ყუთში არ იყო საკონტროლო ფურცელი”, – აღნიშნა აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, ცესკომ გააუქმა თეთრიწყაროს საოლქო კომისიის ის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, N31-ე უბნის შედეგები ბათილადაა ცნობილი. ცესკო ხელმეორედ გადათვლის ხმებს.
საოლქო კომისიის მიერ გამოტანილი ბათილად ცნობის განკარგულება “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, აკაკი მინაშვილმა გაასაჩივრა.
თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 48,29 პროცენტით ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დავით ბეჟუაშვილი ლიდერობს, ხოლო ”ქართული ოცნების” კანდიდატს, შალვა ხაჭაპურიძეს ხმათა 46,3 პროცენტი აქვს მიღებული..
