აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიების ვერსიით, გ.გ არის ის პირი, რომელმაც ბრალდებულ ქალს – ვალერია კირლიუკს ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ გადასცა, რომელიც ამ უკანასკნელმა და ბუავამ მოიხმარეს.
„მათ თავადაც მიიღეს ის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დაურ ბუავამდე მივიდა ასე ვთქვათ და რომელიც მანაც მოიხარა. ორივე ბრალდებული თავად აცხადებს ჩვენებებში, რომ გახდა ცუდად ამ ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად. თუმცა, რა თქმა უნდა, არც ერთ მათგანს არ შეუტყობინებია ბუავასთვის ან მესამე ბრალდებულისთვის, რომ ასეთი შედეგი მოჰყვა ნარკოტიკული საშუალების მიღებას და რა თქმა უნდა, ეს კიდევ მათი ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა“, – თქვა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.
ერთ-ერთი ბრალდებულის, ს.ბ.-ს ადვოკატის, გიორგი მეგრელიშვილის თქმით, საქმის მასალებით არ მტკიცდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გადასცა რაიმე ნარკოტიკული საშუალება გარდაცვლილს.
„უბრალოდ მას ჰქონდა ურთიერთობა, იცნობდა გარდაცვლილს, ზუსტად ამიტომ მოხდა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, და ერთადერთი რაც საგამოძიებო ორგანოებმა აღმოაჩინეს მის საცხოვრებელ სახლში იყო 0.24, ძალიან მცირე ოდენობით მარიხუანა გამომშრალი, რომელიც მას ჰქონდა პირადი მოხმარების მიზნით, და სწორედ ამასთან დაკავშირებით აქვს მას ბრალი წარდგენილი“, – ამბობს ადვოკატი.
მან არ უპასუხა კითხვას, გახდა თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფიც შეუძლოდ.
დაკავებულ გ. გ.-ს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემის მუხლებით წარედგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ს. ბ.-ს ბრალდება ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვისთვის წარედგინა.
ბუავას საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულს – უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირილიუკს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
32 წლის ბლოგერი აფხაზეთიდან, დაურ ბუავა 28 აგვისტოს თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. ბუავა 2021 წლიდან „ტიკტოკზე“ აქვეყნებდა ვიდეოებს ქართველებისა და აფხაზეთის მეგობრობაზე, ერთად თანაცხოვრების პერსპექტივაზე და ა.შ.
ის 2021 წელს ტყვარჩელიდან ჩამოვიდა თბილისში და უკან აღარ დაბრუნდა. 2022 წელს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბუავას ბრალი წაუყენა.
