ახალი ამბები

როლანდ ახალაიას კანდიდატურა არ მოუხსნია

4 ოქტომბერი, 2012 •
როლანდ ახალაიას კანდიდატურა არ მოუხსნია

ახალაიას არჩევნებიდან გამოთიშვის შესახებ განცხადება “ფეისბუქით” “ქართული ოცნების” გვერდმა რამდენიმე წუთის წინ გავრცელა. 

 

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, როლანდ ახალაიამ მიიღო ხმების 57.58%, “ქართული ოცნების” კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ კი –36.22%.

 

ირაკლი ალასანიას მომხრეები მიიჩნევენ, რომ ზუგდიდში არჩევნები გაყალბდა და ზუგდიდის საოლქო კომისიისგან აღნიშნული შედეგების გაუქმებას ითხოვენ. უკვე მერამდენე დღეა “ქართული ოცნების” აქცია იმართება ზუგდიდში.

 

ზუგდიდს დღეს ეწვია საქართველოში აშშ–ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, რომელმაც ალასანიას მხარდამჭერ მიტინგზე ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთა:

 

“ეს შესანიშნავი კვირა იყო საქართველოს ისტორიაში. დემოკრატიული არჩევნების შედეგად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა, მაგრამ პროცესი სრულად არ დასრულებულა. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში საოლქო-საარჩევნო კომისიები აგრძელებენ მუშაობას, რომ დადგინდეს, ვინ გაიმარჯვა არჩევნებში. საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალ წევრთან ერთად ვაკვირდებოდი ამ არჩევნებს და აქაც დამკვირვებლის სტატუსით ვიმყოფები. რატომ სამეგრელო? იმიტომ, რომ ეს სპეციფიკური რეგიონია და აქ სპეციფიკური დინამიკაა. მნიშვნელოვანია ის, რაც აღნიშნა ირაკლი ალასანიამ, რომ საოლქო კომისიებში პარტიების წარმომადგენლებმა და პროფესიონალებმა გააგრძელონ მუშაობა შიშისგან თავისუფალ გარემოში. მთელი მსოფლიო უყურებს საქართველოს და იმედი აქვს, რომ ეს პროცესი მშვიდობიანად დასრულდება”, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი