საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის ვინაობა 6 იანვარს დასახელდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის საუმეურვეო საბჭომ დაასრულა გენერალური დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრებები. ისინი ხუთ კანდიდატს – თინათინ ბერძენიშვილს, ნათია კუპრაშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, ნინო ზაუტაშვილსა და ზაალ ანჯაფარიძეს 4 და 5 იანვარს გაესაუბრნენ. კანდიდატებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვები საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებასთან დაკავშირებით და უპასუხეს საბჭოს წევრთა კითხვებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო კონკურსის გამარჯვებულს ხვალ, 6 იანვარს დაასახელებს. მანამდე კი, დღეს საღამოს, კანდიდატები ისევ შეიკრიბებიან და მაუწყებლის პირდაპირ ეთერში 3 შეკითხვას უპასუხებენ.

პირველი საბჭოს წინაშე ზაალ ანჯაფარიძე წარგდა, რომელმაც ისაუბრა მის მიერ საზოგადოერივი მაუწყებლის საქმიანობაში დანახულ ხარვეზებზე. მისი თქმით, მაუწყებლის გაუმჯობესების პროცესი საქმიანობის შესწავლითა და პრობლემების აღმოჩენით უნდა დაიწყოს. ამიტომ მენეჯმენტმა უნდა შეიმუშაოს განვითარების გეგმა. ანჯაფარიძის თქმით, საზმაუწყებელმა უნდა ჩაატაროს სოციოლოგიური კვლევები, რათა უკეთ იცნობდეს საზოგადოების პრობლემებს და მოთხოვნებს.

ანჯაფარიძე ამჟამად ევროპის ფონდის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამების უფროსი მენეჯერია.

ზაალ ანჯაფარიძის შემდეგ საკუთარი მოსაზრებები საბჭოს  თინათინ ბერძენიშვილმა წარუდგინა საბჭოს. ბერძენიშვილი აპირებს, 5-საფეხურიანი გეგმით იხელმძღვანელოს. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ უკვე რამდენიმე წელია საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში მუშაობს, საშუალებას აძლევს, მაუწყებლის პრობლემებს უკეთ იცნობდეს და, შესაბამისად, მათთან გამკლავების გზებიც იცის. მან ასევე ისაუბრა მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის შექმნის მნიშვნელობაზეც.

ბერძენიშვილი ამჟამად გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს. მანამდე მაუწყებლის მედიის და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორი იყო.

გასაუბრებაზე ვრცლად ისაუბრა თავის სამოქმედო გეგმებზე ნათია კუპრაშვილმაც, რომელიც 2009 წლიდან დღემდე საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია. კუპრაშვილმა წარმოადგინა სტატისტიკური მონაცემები საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგსა და გავლენის შესახებ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მაუწყებელმა დაიბრუნოს ფუნქცია და დააგინოს “დღის წესრიგი” სხვა მედიებისათვის. შექმნილი პროდუქციის დიდი ნაწილი კი უნდა იყოს ორიგინალური და წინასწარ უნდა მოხდეს სამუშაო სტრატეგიის შემუშავება.

ყველაზე დიდხანს გასაუბრება ვასილ მაღლაფერიძესთან გაგრძელდა, რადგან საბჭოს წევრებს უფრო მეტი შეკითხვა მის პოლიტიკურ წარსულთან დაკავშირებით ჰქონდათ. საბჭოს წევრის, ქეთევან სხილაძის თქმით, მაღლაფერიძის პოლიტიკური საქმიანობა წარსულში კითხვის ნიშნებს აჩენს – რამდენად შეძლებს დაძლიოს გავლენები, თუმცა მაღლაფერიძე დარწმუნებულია, რომ ზეგავლენისაგან თავისუფალი იქნება.

მაღლაფერიძე 2016 წლის აგვისტომდე GDS-ის გადაცემა 2030-ის გენერალური პროდიუსერი იყო. 2012 წელს კი, ტელეკომპანია “მეცხრე არხის” დირეტორის მოადგილე. 1999-2004 წლებში- საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 2005-2008 წლებში- სახელმწიფო რწმუნებული.

გადაცემა “რეალური სივრცის” ავტორმა და წამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა ასევე ისაუბრა კადრების შესაძლო შემცირებაზე – ზაუტაშვილი თვლის, რომ მაუწყებელში არ არის იმ ადამიანების ადგილი, ვინც საქმეს არ გააკეთებს. მისი თქმით, ასევე გადასახედია რეკლამის შესახებ კანონი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი