ახალი ამბები

გაუქმდება თუ არა არჩევნების შედეგები სადავო ოლქებში

4 ოქტომბერი, 2012 •
გაუქმდება თუ არა არჩევნების შედეგები სადავო ოლქებში

ცესკოს ინფორმაციით, დღეს, 4 ოქტომბერს, სიღნაღის ერთი და ხულოს ერთი უბნის შედეგები გაბათილდა, თუმცა “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსა და საოლქო კომისიებს შორის ამ დროისთვის ათეულობით სადავო უბანი კიდევ რჩება. 

 

სადავოდ ითვლება ერთი უბანი თეთრიწყაროს ოლქში, სადაც ამ დროისთვის 2 უბანია (#23 და #31) გაუქმებული.

 

როგორც საოლქოს თავმჯდომარე, ზურაბ ჯაშიაშვილი ამბობს, 31-ე უბნის ოქმი არ იკითხებოდა და კომისია იძულებული იყო ბათილად ეცნო შედეგები. #23 უბნის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კი, მისივე განმარტებით, იმ ვიდეოჩანაწერების საფუძველზე მოხდა, რომელმაც არჩევნების დღეს აღნიშნულ უბანში ბევრი დარღვევა დააფიქსირა. 

 

ყველაზე სადავოდ კი თეთრიწყაროელები მე-40 უბანს მიიჩნევდნენ და მისი შედეგების გაბათილებას მოითხოვდნენ. 

 

თეთრიწყაროს მე-40 უბანი სოფელ კოდაში, დევნილთა დასახლებაში მდებარეობს. არჩევნების დასრულებისთანავე აღნიშნული უბნიდან ოქმის შედეგები საოლქოს ნაცვლად თბილისში, როგორც საოლქოს თავმჯდომარე განმარტავს, პირდაპირ ცესკოში წაიღეს.

 

ზურაბ ჯაშიაშვილი, საოლქოს კომისიის თავმჯდომარე ამ უპრეცენდენტო ფაქტს იმით ხსნის, რომ “კომისიის ზოგიერთ წევრს მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს საოლქომდე მისასვლელ გზაზე გარკვეული შეფერხებები იყო და შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, ოქმის უსაფრთხოების მიზნით ის პირდაპირ თბილისში, ცესკოში ჩამოეტანათ.” 

 

“კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და გადაწყდა, რომ არ უნდა გაგვეუქმებინა ამ მიზეზის გამო ეს უბანი,”- ამბობს ჯაშიაშვილი. 

 

სადავო ოლქად მიიჩნევა მარნეულის ოლქიც, რომელსაც ამ დროისთვის ორი პოლიციელი იცავს. ოლქის თავმჯდომარის თქმით, მრავალი საჩივრის მიუხედავად, კომისიამ სხდომებზე არც ერთი მათგანი არ დააკმაყოფილა. როგორც იაკობ ასაკიძე, მარნეულის ოლქის თავმჯდომარე აცხადებს, საჩივრები ყველა უბნის შედეგების გაუქმებაზე, “ქართული ოცნების” წარმომადგენელბის გარდა, “სამართლიანმა არჩევნებმა” და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიტანეს. 

 

“რა თქმა უნდა, არც ერთი არ დავაკმაყოფილეთ. უსაფუძვლო იყო მათი არგუმენტები. ჰქონდათ მხოლოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ გაყალბებას ჰქონდა ადგილი,”- ამბობს თავმჯდომარე. 

 

ყვარლის ოლქთან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები გუშინ შეიკრიბნენ. კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მთავარი მოთხვნა 5 უბნის მაჟორიტართა არჩევნების შედეგების გაბათილებაა, სადაც “ქართული ოცნება” აგებს. 

 

გარდაბნის ოლქის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებთან ერთად გუშინ, 3 ოქტომბერს ოლქში შეიჭრა თავად მამუკა არეშიძე, მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” და 3 სპეცუბნის შედეგების გაუქმება მოითხოვა. აღნიშნული უბნების შედეგებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დაახლოებით 3-4 ჯერ უსწრებს “ქართული ოცნებას”. 

 

ამ დროისთვის არ არის გაუქმებული ხაშურის იმ უბნების (#3, #5, #8, #10, #19, #45 #46 და #26)  შედეგები, რომელთა გამოც შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოთქვამენ.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ხაშურის უბნებთან დაკავიშრებით განცხადებაც გაავრცელა ხაშურის #35 საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მოუწოდებს უფლებამოსილ ორგანოებს ადეკვატური და ეფექტური რეაგირებისაკენ.

 

საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სადავო უბნების მონაცემები არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე ხაშურის საარჩევნო ოლქში.

 

“ადგილი ჰქონდა საარჩევნო კანონმდებლობის არაერთ უხეშ დარღვევას, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოქალაქეთა მიერ გამოვლენილი ნების სათანადო ასახვაზე და  არსებითად შეცვალა უბნებზე დაფიქსირებული შედეგები. აღნიშნული კი თავის მხრივ გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე მთელი ოლქის მასშტაბით. ამასთან, ცალკეულ შემთხვევაში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რაც სათანადო შესწავლას საჭიროებს შესაბამისი ორგანოების მხრიდან,”- აცხადებენ საიაში. 

 

ცესკოს პრესსპიკერის, ეკა აზარაშვილის განმარტებით, ძალიან ბევრ ოლქში ამჟამადაც მიმდინარეობს სხდომები და შესაძლოა ისევ გაუქმდეს რომელიმე სადავო უბნის შედეგი. 

 

იმის მიუხედავად, რომ “ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მხარდამჭერებს საოლქო კომისიებთან გამართული აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდა, ზოგიერთი ოლქის კომისიის სხდომები აქციების ფონზე მიმდინარეობს. 

 

“ვთხოვთ ჩვენს მხარდამჭერებს, ქუჩის აქციებით ნუღარ შეეცდებიან სამართლის აღდგენას, ჩვენ უნდა გადავინაცვლოთ შენობებში, სასამართლოებში, პარლამენტში და ყველა გაუგებრობა შეგვიძლია იქ გავარკვიოთ,”- განაცხადა ივანიშვილმა დღეს, 4 ოქტომბერს. 

 

ქუჩის აქცია ამ დროისთვის ზუგდიდში, ოლქში სხდომის პარალელურად მიმდინარეობს. როგორც საოლქო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს,  “ქართული ოცნების” მხარდამჭერები 59 უბნის შედეგების გაბათილებას მოითხოვენ, სადაც ხმათა რაოდენობით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი, როლანდ ახალაია “ქართული ოცნების” კანდიდატს, ირაკლი ალასანიას უსწრებს. 

 

ზუგდიდის საოლქო კომიისიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული უბნის შედეგები არ გაუქმდება. 

 

“თუმცა, მაინც ვერ გეტყვით ზუსტად, როგორ განიხილავს კომისია,”- ამბობს ნანა ოკუჯავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი