ინფორმაციას მისი თანამდებობიდან დათხოვნის თაობაზე არც კოდუას დედა – ლაურა ღაჭავა ფლობს. მისი თქმით, ის ტელეფონით ვერ უკავშირდება ერეკლეს, თუმცა ესაუბრა მეორე ვაჟს – გიორგი კოდუას, რომელმაც განუცხადა, რომ გუშინ ესაუბრა ძმას, რა დროსაც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, რომ თუკი მოსთხოვდნენ, დატოვებდა თანამდებობას.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, 2007 წლის 23 დეკემბერს საქართველოს ხელისუფლების დამხობის გეგმის დეტალების განსახილველად ერეკლე კოდუა ლონდონში ჩავიდა და არკადი პატარკაციშვილს შეხვდა, სადაც კოდუას კონკრეტული დავალება შინაგან საქმეთა მინისტრის ნეიტრალიზების გეგმის ჩათვლით განისაზღვრა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმადვე, სანაცვლოდ კოდუამ პატარკაციშვილისგან ფინანსური და პოლიტიკური გარანტიები მიიღო, საუბარი კი ერეკლე კოდუამ ფარულად ჩაიწერა.
შემდეგში პატარკაციშვილისა და კოდუას საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი დაედო საფუძვლად ბადრი პატარკაციშვილისა და ვალერი გელბახიანის ბრალდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების მომზადების ფაქტზე.
მაშინდელმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა რეკომენდაციითაც მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს იმის გამო, რომ არ მოხდეს დაუშვებელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვალერი გელბახიანის ბრალდება, კოდუა-პატარკაციშვილის საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი არ დაედოს საფუძვლად ვალერი გელბახიანის საბრალდებო დასკვნას.
გარდა ამისა, ივანიშვილის კუთვნილი “ქართუ ბანკი” ერეკლე კოდუას დედის – ლაურა ღაჭავას კომპანიებისთვის გაცემული სესხების შედეგად ბოლო თვეების განმავლობაში 27 მილიონი დოლარით აზარალა.