“ნეტგაზეთის” მკითხველების აზრით, 2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ლარის რეკორდული გაუფასურებაა, მეორე ადგილი თსუ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა დაიკავა.
გამოკითხულთა ყველაზე მცირე რაოდენობამ, 0.87%-მა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიებიდან ლიდერების წასვლა დაასახელა, ხოლო 3-3%-მა მიიჩნია, რომ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლა და წასვლა და ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე შიდა დაპირისპირებებია.
“ნეტგაზეთის” მკითხველებს ასევე ჰქონდათ საშუალება, რომ თავად დაემატებინათ მათთვის სასურველი ვარიანტი. სულ ხუთმა გამოკითხულმა დაამატა თავისი ვარიანტი. ამათგან ერთმა მიუთითა, რომ 2016 წელს სოციოლოგიის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა, თუმცა ისევ უმუშევარია.
გამოკითხვა 6 დღის განმავლობაში, 26 დეკემბრიდან 31 დეკემბრის 12:00 საათამდე მიმდინარეობდა და მასში 229 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.