ახალი ამბები

რა ბედი ეწია შსს-ს მიერ არჩევნების დღეს დაანონსებულ საქმეს ‘ოცნების’ წინააღმდეგ

3 ოქტომბერი, 2012 •
რა ბედი ეწია შსს-ს მიერ არჩევნების დღეს დაანონსებულ საქმეს ‘ოცნების’ წინააღმდეგ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სალიის, ფარცხანაყანების, მუხიანის პოლიციის უფროსმა მალხაზ მჟავიამ ნეტგაზეთს დაუდასტურა, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” სამი კოორდინატორი – მამუკა ფხაკაძე, შალვა გოდუაძე და თემურ იამანიძე პირადად დაიბარა დასაკითხად 2 ოქტომბერს პოლიციაში. 

 

“მაგრამ არ ვიცი, დაიკითხნენ თუ არა, გამომძიებელთან უნდა მოსულიყვნენ,”- ამბობს პოლიციის უფროსი. 

 

წყალტუბოს პოლიციის გამომძიებელი, მალხაზ ბასილაძე, რომელიც ასევე ადასტურებს “ქართული ოცნების” კოორდინატორის, ნანა ქუთათელაძის პოლიციაში დაბარების ფაქტს, ამბობს, რომ დეტალური ინფორმაციისთვის შსს-ს პრესსამსახურს უნდა მივმართოთ. 

 

შსს-ს პრესსამსახურში აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით პასუხი არ აქვთ. 

 

“ამასთან დაკავშირებით რამე თუ აქვს სათქმელი შსს-ს, უკვე გაავრცელებდა განცხადებას. თუმცა, მაინც დაგიზუსტებთ და დაგირეკავთ,”- განუცხადა ნეტგაზეთს შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა, სალომე მახარაძემ დღეს, 3 ოქტომბერს, მაგრამ მას ჩვენთვის აღარ დაურეკავს. 

 

განცხადება იმის შესახებ, რომ რეგიონებში ფულის დარიგების მასობრივი ფაქტებს აქვს ადგილი და პოლიცია ინფორმაციის გადამოწმებას ახორციელებს, შსს-მ 1 ოქტომბერს, გამთენიისას გაავრცელა. 

 

განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ შსს-ს მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მონაწილე პირები  ფულის დარიგებისას კონკრეტული   პოლიტიკური სუბიექტის სახელით მოქმედებენ.

 

“პოლიცია აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას  –  გააკონტროლონ საკუთარი პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები, რათა არ დაუშვან კანონის უხეში დარღვევა. იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ ტარდება საპარლამენტო არჩევნები, პოლიცია თავს იკავებს პარტიათა წარმომადგენლების დაბარებისა და დაკითხვისაგან,”- ნათქვამი იყო შსს-ს განცხადებაში, რომელიც მან არჩევნების დღეს გაავრცელა. 

 

არჩევნების დღესვე, შსს-ს განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, კოალიცია “ქართული ოცნების” წყალტუბოს მაჟორიტარმა კანდიდატმა პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ  აღნიშნულ ოლქში კოალიციის კოორდინატორებსა და ქვეკოორდინატორებზე პოლიციის თანამშრომლები ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ სატელეფონო ზარებით იმის თაობაზე, რომ თითქოს მათ ფულადი თანხა აიღეს და ამის გამო დაბარებულები არიან პოლიციაში.

 

ზაქარეიშვილმა მაშინ კონკრეტული პიროვნებები დაასახელა, ვინც დაბარებული იყო პოლიციაში. 

 

ზაქარეიშვილის განაცხადითვე, ყველა ეს პირი კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო.

 

“ისინი არჩევნების დღეს უნდა იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნებზე და ახორციელებენ მათზე კანონით დაკისრებულ მოვალეობებს. მათთან განხორციელებული სატელეფონო ზარები მკაფიოდ შეიძლება შეფასდეს, როგორც ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფორმა, რათა ხვალისთვის პოლიციაში დაბარებულმა პირებმა დღეს (არჩევნების დღეს) თავიანთი მოვალეობის შესრულებისას კორექტირება გაუკეთონ თავიანთ მოქმედებებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ მათთვის არანაირი ფორმით არ მომხდარა არანაირი თანხის გადაცემა. აქედან გამომდინარე, 30 სექტემბრის ღამეს პოლიციის მასირებული შეტევა განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზე ზემოქმედების მოტივით და მას აქვს პოლიტიკური დატვირთვა,” – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი