ცესკოს მონაცემებში კი, რომელიც საზღვარგარეთ გახსნილ უბნებს ეხება, დამატებულია ორი უბანი – #46 და #47, რომლებიც გახსნილი იყო ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, სადაც სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედროებმა მისცეს ხმა. შესაბამისად, ყველაზე მეტი ხმა “ნაციონალურ მოძრაობას” სწორედ ამ უბნებზე აქვს მიღებული. კერძოდ, #46 უბანზე “ნაცმოძრაობამ” 1008 ხმა მიიღო (“ოცნებამ” – 10), ხოლო #47-ზე ხმები ამ ორ პარტიას შორის 420/8 გადანაწილდა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნებიდან ყველაზე მეტი – 606 ხმა “ქართულმა ოცნებამ” ნიუ იორკში, #4 უბანზე მიიღო, სადაც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 223-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. ასევე, “ოცნებამ” ყველაზე მაღალი მხარდაჭერა მიიღო ათენის, სალონიკის, ბრიუსელის, ლონდონის საარჩევნო უბნებზე.
“ნაციონალურ მოძრაობას” კი საზღვარგარეთ გახსნილი უბნებიდან ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ბაქოს, მინსკის, ერევნის, ოდესის, დონეცკის, ლისაბონის საარჩევნო უბნებზე აქვს.
დაფიქსირდა ისეთი უბანი, სადაც “ნაციონალურ მოძრაობას” არც ერთი ხმა არ მიუღია და ეს გახლავთ თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში, საქართველოს გენერალური საკონსულოში გახსნილი საარჩევნო უბანი. ყველაზე ცოტა – 3 ხმა “ქართულმა ოცნებამ” ეგვიპტეში, ქაიროში გახსნილ უბანზე მიიღო, სადაც “ნაციონალურ მოძრაობას” 11-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.








