ამ დროისათვის აჭარის ექვსი ოლქიდან ჯერჯერობით სრულად დათვლილი მხოლოდ ქედის სარჩევნო ოლქია. ხუთი ოლქის მონაცემი კი სრულად უსკოს ჯერჯერობით არ მიუღია. აჭარის მასშტაბით, ბოლო მონაცემებით, 55,7% „ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო კოალიცია ქართულ ოცნებას 38,8 % აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციული სიით „ქართული ოცნებიდან“ უმაღლეს საბჭოში სავარაუდოდ 9 დეპუტატი შევა. ესენი არიან: ავთანდილ ბერიძე, გია მასალკინი, მედეა ვასაძე, სულხან ღლონტი, ჯემალ ფუტკარაძე, დავთ ბაციკაძე, ალექსანდრე ჩიტიშვილი, ირაკლი ჯაში და სვეტლანა კუდბა.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ კი დეპუტატები სავარაუდოდ გახდებიან: რობერტ ჩხაიძე, ასმათ დიასამიძე, ირაკლი კვერღელიძე, ფრიდონ სირაბიძე, პეტრე ზამბახიძე, ეკატერინე თარგამაძე. სია ბათუმის ყოფილ მერზე, მურმან ბერიძეზე შეჩერდება.
რიგით მერვე უმაღლეს საბჭოში ჯერ კიდევ მოქმედი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გელა დეკანაძე დეპუტატი ვეღარ გახდება.
მაჟორიტარული ოლქების მანდატები კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად შუაზე გაიყვეს.
„ქართული ოცნებიდან” უმაღლეს საბჭოს მაჟორიტარულ მანდატებს კაკო ძნელაძე (ბათუმი), ანზორ თხილაიშვილი (ქობულეთი) და თემურ კახიძე (ხელვაჩაური) მოიპოვებენ.
„ნაციონალური მოძრაობიდან” კი მაჟორიტარები იქნებიან: ქედის ყოფილი გამგებელი ირაკლი ბარამიძე (ქედა), მიხეილ მჟავანაძე (შუახევი) და თემურ ბოლქვაძე (ხულო).
ბათუმის ოლქში ამ დროისთის 108 უბნიდან მხოლოდ 66 უბანია დათვლილი. ამ მონაცემის მიხედვით, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 64,35 %, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“– 31 ,04%.
ქობულეთში 65 უბნიდან დათვლილია 36 უბანი. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 55,7% „ნაციონალი მოძრაობამ“ –39,83%.
ხელვაჩაურის 44 უბნიდან 42 უბანია დათვლილი და ხმები ასე გადანაწილდა; „ქართული ოცნება“ – 64,35%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 30,69 %.
შუახევის ოლქში 49 უბნიდან 46 დათვლილია. ამ ოლქის შედეგები ასე გამოიყურება: კოალიცია „ქართული ოცნება“ – 28,56%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 61,61 %.
ქედის ოლქი სრულად არის დათვლილი. ამ მინიციპალიტეტში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ 44,7% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 48,16 %.
ხულოში ოთხი უბანია დასათვლელი. ამ ოლქის მონაცემი ამ დროისთვის ასეთია: „ნაციონალური მოძრაობა“ – 58,06%; „ქართული ოცნება“ – 38, 73%.
„ქრისტიან-დემოკრატიულმა” პარტიამ აჭარის მასშტაბით ხმების 3% მიიღო. „ლეიბორისტურმა პარტიამ“ კი ხმების 1,3% მოაგროვა.
საბოლოო შედეგებს უსკო 20 ოქტომბერს გამოაცხადებს. წინასწარი შედეგები კი სრულად დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
კანონის თანახმად, არჩევნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას ნიშნავს. პირველივე სხდომაზე ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო თავმჯდომარეს აირჩევს.
„ქართული ოცნების“ ოფისში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, იქნება თუ არა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი ავთანდილ ბერიძე. მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ კანდიდატურა შეთანხმდება ბიძინა ივანიშვილთან და ჯერჯერობით კონსულტაციები ამ თემაზე არ გამართულა.
მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, კანონის თანახმად, უმაღლეს საბჭოს პრეზიდენტი წარუდგენს, ერთი და იგივე კანდიდატურის წარდგენის საშუალება მას ორჯერ აქვს. თუ უმაღლესი საბჭო ორივეჯერ ჩააგდებს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, მაშინ პრეზიდენტს აქვს უფლება, დაითხოვოს უმაღლესი საბჭო. მიუხედავად ამისა, რეგიონში არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ კრიზისს არ ელოდებიან.