ახალი ამბები

მედვედევი: ‘ედინაია როსია’ მზადაა რუსეთ-საქართველოს მომავალ ურთიერთობებზე დიალოგისთვის

3 ოქტომბერი, 2012 •
მედვედევი: ‘ედინაია როსია’ მზადაა რუსეთ-საქართველოს მომავალ ურთიერთობებზე დიალოგისთვის

“საქართველოში ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები იმას მოწმობს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას სურს ცვლილებები. თუკი ეს შედეგები რეალობად იქცევა – საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტი უფრო მრავალფეროვანი გახდება. ეს მისასალმებელია იმდენად, რამდენადაც, როგორც ჩანს, ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში გაჩნდებიან უფრო კონსტრუქციული და პასუხისმგებლიანი ძალები,” – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

 

ამ დრომდე ამ საკითხზე რაიმე კომენტარი არ გაუკეთებია რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. მისმა პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჯერ ისინი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებას დაელოდებიან:

 

“არჩევნები საქართველოში ჩატარდა. იქ გრძელდება ხმების დათვლა. წინასწარი მონაცემებით, მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი არ არის მოქმედი მთავრობის სასარგებლოდ, დაველოდებით ოფიციალურ შედეგებს,” – განაცხადა პესკოვმა.

 

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერს ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ ის აპირებს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას და იმავდროულად საქართველოს ნატოში გაწევრიანების კურსის გაგრძელებას. შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2008 წლის იანვარში, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, ჩატარდა პლებისციტი, რომლის შედეგადაც ამომრჩევლების 77%-მა მხარი დაუჭია საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) გაწევრიანებას. ამავე, 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შედეგად კი საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყდა დიპლომატიული ურთიერთობები. რუსეთის საოკუპაციო ჯარები დღემდეა განლაგებული საქართველოს ტერიტორიაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი