ახალი ამბები

სემეკი: თუ კომპანია ვალდებულებებს არ შეასრულებს, აბონენტი კომპენსაციას მიიღებს

29 დეკემბერი, 2016 • 4323
სემეკი: თუ კომპანია ვალდებულებებს არ შეასრულებს, აბონენტი კომპენსაციას მიიღებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2017 წელი “მომხმარებლების იტერესების დაცვის წლად” გამოაცხადა და რამდენიმე ახალი პროექტი დააანონსა.

ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ კომისიის 2016 წლის საქმიანობის შეჯამებისას ისაუბრა.

მილორავას თქმით, 2017 წელს სემეკი რამდენიმე ახალ პროექტს განახორციელებს, მათ შორის, მისტიური მომხმარებლისა და მოსახლეობის კომერციული ხარისხის მონიტორინგის პროგრამებს.

სემეკი მონიტორინგს გაუწევს მომხმარებლის მიერ კომპანიაში შეტანილ საჩივრებს

სემეკმა 28 დეკემბერს წარადგინა მოსახლეობის კომერციული ხარისხის მონიტორინგის პროგრამა, რომელშიც აიტვირთება ყველა განცხადება, რაც მომხმარებლისა და გამანაწილებელი კომპანიის ურთიერთობას ეხება.

სემეკის განცხადებით, ონლაინ რეჟიმში გაუწევენ კონტროლს, დაიცავს თუ არა კომპანია მომხმარებლის წერილზე პასუხის გაცემის ვადებს და რას უპასუხებს მოთხოვნებზე.

ეს პროგრამა, სადაც მომხმარებლების მიერ შეტანილი განცხადებები აიტვირთება, არ იქნება საჯარო, რადგან, ირინა მილორავას განცხადებით, ინფორმაცია მოიცავს პერსონალურ მონაცემებს.

სემეკის წევრები განმარტავენ, რომ თუკი აბონენტი მიმართავს, მაგალითად, ენერგო პრო ჯორჯიას და მოითხოვს ქსელზე მიერთებას, ენერგო პრო ჯორჯიამ აბონენტიდან მიღებული განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა ატვირთოს მონიტორინგის ერთიან პროგრამაში. აბონენტის განაცხადთან ერთად იქვე  უნდა ატვირთოს, თავად კომპანიას რა რეაგირება ჰქონდა ამ განაცხადზე, როდის მიაერთა აბონენტი ქსელზე, თუ არ მიაერთა, რატომ არ მიაერთა და ა.შ.

“ჩვენ ჯერჯერობით არ ვლაპარაკობთ ავარიებზე. ის, რომ, მაგალითად, ენერგო პროს ქსელში ავარიები ნულამდე დავიდეს, არის 5-წლიანი და 10-წლიანი პერსპექტივა. ვერავის მოვატყუებთ, რომ ხვალ გვექნება ისეთი სისტემა, სადაც ავარიები არ გვექნება. ტექნიკური მდგომარეობის გამოსწორებას სჭირდება დრო, ფული, რესურსები და ძალისხმევა. მაგრამ კომერციული ხარისხი არის ისეთი თემა, რომელსაც სჭირდება პრინციპში მონდომება კომპანიების მხრიდან და ცოტა მეტი პასუხისმგებლობის აღება,”- განაცხადა ირინა მილორავამ.

სემეკის წევრების თქმით, პროგრამა სატესტო რეჟიმში უკვე ფუნქციონირებს, 2017 წელს კი სრულად შევა ძალაში.

რა მოხდება, თუ კომპანია მომხმარებლის განცხადებას არ უპასუხებს?

სემეკის წევრის, გიორგი ფანგანის განცხადებით, კომპანიის მიერ ლიცენზიის პირობების ნებისმიერი დარღვევა სანქციას ითვალისწინებს:

“მაგალითად, ჩვენ თუ მივწერთ კომპანიას, რომ არ ვეთანხმებით დავალიანებას, ან რომ გვინდა მრიცხველის შემოწმება, ან გადაგვინაწილოს არსებული დავალიანება, ან ჩაგვრთოს, თუ გამორთული ვართ ქსელიდან. ნებისმიერი, რაც არის განაწილების ლიცენზიანტის საქმიანობა და რაც უკავშირდება მის ლიცენზიას, მოხვდება ამ პროგრამაში. ყველა ამ წერილზე არის გარკვეული სანქციები დაწესებული მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში,”- ამბობს გიორგი ფანგანი.

ფანგანის თქმითვე, დარღვევის შემთხვევაში, კომპანია თავად დაურიცხავს კომპენსაციებს აბონენტებს:

“აბონენტად დარეგისტრირება, ჩვენი წესებით, ხდება 5 დღეში. თუ მოხდა 7 დღეში, დარეგისტრირებასთან ერთად, მომხმარებელს ანგარიშზე დახვდება 5 ლარი მომდევნო ანგარიშსწორებისთვის, არასაყოფაცხოვრებო აბონენტის შემთხვევაში – 10 ლარი. გასაგებია, რომ ჯერ ძალიან დიდი არ არის ეს ოდენობები, მაგრამ მომავალში ეს გახდება დენადი, ანუ ყოველ გადაცილებულ დღეზე იქნება და არა ერთჯერადად. თუმცა ეს მოხდება რაღაც პერიოდის შემდეგ,”- ამბობს გიორგი ფანგანი.

ნეტგაზეთთან საუბრისას გიორგი ფანგანმა აღნიშნა, რომ თუკი კომპანია ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს, პროგრამა უკვე სემეკს მისცემს “სიგნალს”, რომ დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება და კომპანიის მიმართ გამოიყენოს სანქციები.

როგორ გააკონტროლებს სემეკი, რომ კომპანიამ ყველა განცხადება ატვირთოს?

“ნეტგაზეთთან” საუბრისას გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ კომპანია ვალდებულია, მომხმარებლის მიერ შემოტანილი ყველა წერილი სემეკის პროგრამაშიც გაატაროს.

დაცვის ერთ-ერთ მექანიზმად გიორგი ფანგანი ასახელებს იმას, რომ სემეკის შეუძლია გარკვეული პერიოდულობით შევიდეს კომპანიის შესამოწმებლად და კანცელარიაში გატარებული წერილების რაოდენობა პროგრამაში ასახულს შეადაროს.

“ამ პროგრამას აქვს რამდენიმე მხარე. ერთ მხარეა, რომლსაც იყენებს კომპანია, მეორე მხარეა, რომელსაც იყენებს კომისია. კომპანია რომელსაც იყენებს, იმას აქვს ინფორმაციის მიმაგრების ფუნქცია. შესაბამისად, წერილი როცა შევა კომპანიაში, ისევე გატარდება ამ პროგრამაში, როგორც კომპანიის შიდა საკანცელარიო აღრიცხვის სისტემაში. პრაქტიკულად, ყველა კომპანია გამორიცხავს გარკვეულ მანიპულაციებს, რადგან ერთი წერილის არატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს 5 000 ლარით დაჯარიმება, ხოლო იმ წერილის დროულად შეუსრულებლობა მხოლოდ 5 ლარით დაჯარიმება. ალბათ, არავინ წავა ასეთ რისკზე,”- განაცხადა გიორგი ფანგანმა.

 

რა თქმა უნდა, ეს კომპანიისთვის რთულია, მაგრამ აუცილებელია, რომ მომხმარებელმა თავი იგრძნოს დაცულად.

 

“მისტიკური მომხმარებლის” პროგრამა

სემეკის წევრების განცხადებით, დაიწყეს “მისტიკური მომხმარებლის” პროგრამა, რომელიც, თავის მხრივ, დაეხმარება მოსახლეობის კომერციული ხარისხის მონიტორინგის პროგრამის ფუნქციონირებასაც:

“ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომლის თანამშრომლები ივლიან კომპანიებში, შეიტანენ წერილებს, მიმართვენ თხოვნებით, კომპანიებს ეს არ ეცოდნებათ, მერე ისინი გააკონტროლებენ ჩვენთან ერთად, მოხვდა თუ არა მათი წერილები უკვე პროგრამაში,”- განაცხადა გიორგი ფანგანმა ნეტგაზეთთან საუბრისას.

სემეკის სხდომა. ფოტო: სემეკის ფეისბუკის გვერდიდან.

სემეკის სხდომა. ფოტო: სემეკის ფეისბუკის გვერდიდან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი