ახალი ამბები

TI: ხაშურში სპეც. დანიშნულების რაზმი არჩევნების შედეგებს აყალბებს

2 ოქტომბერი, 2012 •
TI: ხაშურში სპეც. დანიშნულების რაზმი არჩევნების შედეგებს აყალბებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით,  ხაშურის ოლქის რამდენიმე უბანზე სპეც. დანიშნულების რაზმები შევიდნენ და შემაჯამებელი ოქმები გადააკეთეს.

 

“46-ე უბანზე მყოფი ჩვენი დამკვირვებლის თქმით, ხმების დათვლის დროს შემჯამებელ ოქმში დაფიქსირდა, რომ „ქართულმა ოცნებამ” ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა მცირე ხნის შემდეგ უბანზე გამოჩნდნენ შეირაღებული პირები, რომლებმაც ყველა დამკვირვებელი შენობიდან გაყარეს. შედეგად, დაიწერა ახალი შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც უკვე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვა. საოლქო კომისიამ სწორედ ეს ოქმი ჩაიბარა. ჩვენი კიდევ ერთი დამკვირვებლის ცნობით, სპეც. დანიშნულების რაზმი ასევე შეიჭრა მე-19 უბანზე, სადაც დამკვირებლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და უბნიდან გამოაძევეს,”- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა აცხადებს, რომ ხაშურში მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მათ ეუთოს სადამკვირვებლო მისიამაც მიაწოდა და აცნობა, რომ მე-5 და მე-45 უბანშიც სპეც. დანიშნულების რაზმი შეიჭრა. 

 

ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს მყისიერი რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ დარღვევებზე და მიიღონ შესაბამისი ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მთლიანი ოლქის შედეგები.

 

ხაშურში საარჩევნო უბნებთან მობილიზებული სპეცდანიშნულების რაზმის საკიხს შსს-ც ეხმიანება განცხადებით:

 

“რამდენიმე საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს პოლიციის ქვედანაყოფებმა საარჩევნო უბნების მიდამოებში ძალა გამოიყენეს და ცეცხლი გახსნეს არის სიცრუე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.  პოლიციელები ახორციელებდნენ იმ უბნების გარე პერიმეტრების დაცვას სადაც დაფიქსირდა გარკვეული პრობლემები. ადგილი არ ქონია არავითარი იარაღის და სპეცსაშუალებების გამოყენებას. ყველა უბანზე საიდანაც შემოვიდა პოლიციასში განაცხადი და შესაბამისად მოხდა მობილიზება შეკრებილი აქტივისტები დაიშლნენ ყოველგვარი წინაარმდეგობის გარეშე.” 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი