ახალი ამბები | , , , ,

გაუარესებული მედიაგარემო – შეფასებები სამი მაუწყებლის გაერთიანების შესახებ

27 დეკემბერი, 2016 | | 2013
გაუარესებული მედიაგარემო – შეფასებები სამი მაუწყებლის გაერთიანების შესახებ

პლურალიზმისა და თავისუფალი მედიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი- ასე აფასებენ სამი ტელეკომპანიის გაერთიანებას ის ჟურნალისტები, რომლებსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა. ტელეკომპანია “იმედის”, “მაესტროს” და GDS-ის გაერთიანება ნაკლებად წარმოუდგენიათ, როგორც მხოლოდ ბიზნესგარიგება, ხოლო მედიასივრცე, მათი აზრით, კვლავ პოლარიზებული ხდება.

დღეს, 27 დეკემბერს, მედიაჰოლდინგ “იმედის” მფლობელმა ინა გუდავაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკვშირებით წარმატებით დასრულდა. მისივე თქმით, ასევე დასასრულს უახლოვდება მოლაპარკაებები ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, დადასტურდა მისი ეჭვი, რომ ზემოთ ხსენებულ სამ არხს ერთი დამფინანსებელი ჰყავდა, თუმცა, ვინ არის ეს დამფინანსებელი, სახელს არ აკონკრეტებს, რადგან ამისთვის მტკიცებულებები არ აქვს:

“ვეჭვობ, რომ ისედაც ერთი დამფინანსებელი ჰყავდა და ბარემ გაერთიანდნენ. თუ გაფართოება უნდოდა “იმედს”, შეეძლო გადაცემები შეემატებინა. ერთი ფულის წყარო არსებობდა და რატომ უნდა ყოფილიყო გაბნეული?! ასე უფრო იაფი დაუჯდება პატრონს. […] მაქვს ჩემი ეჭვი, ვინც ფულს იხდის ამ ქვეყანაში მედიაში, მაგრამ სახელსა და გვარს ვერ გეუბნებით, რადგან კონკრეტული ფაქტი ხელში არ მიჭირავს”,- ამბობს ზურიაშვილი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორისთვის, ნატა ძველიშვილისთვის კი ამგვარი გარიგებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ მედია, როგორც მდგრადი სისტემა არ არსებობს და ასეთი გადანაცვლებები ყოველთვის პოსტსაარჩევნო პერიოდს ემთხვევა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც სწორედ ტელეკომპანია “იმედი” დაუბრუნდა ამჟამინდელ მფლობელს, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს. ქარტიის დირექტორი ასევე ამბობს, რომ ასეთი კონფიგურაცია მოსალოდნელი ისედაც იყო:

“ქარტიის მიერ ჩატარებული მონიტორინგები მიუთითებდა იმაზე, რომ ამ არხებს მსგავსი სარედაქციო პოლიტიკა ჰქონდათ და ისინი უფრო ლოიალურად იყვნენ განწყობილი “ქართული ოცნების” მიმართ და პრინციპში ამგვარი გადალაგება მოსალოდნელიც იყო და ახლა უკვე ოფიციალურად გაფორმდა ის, რაც ეჭვის დონეზე არსებობდა. ეს, ერთი  მხრივ, შეიძლება კარგიც იყოს. უკვე ვიცით, ვინ, სად არის და ვის, ვისთან აქვს  კავშირი. თუმცა, საერთო სურათს თუ შევხედავთ, მედიაბაზრისთვის ეს არის ძალიან ცუდი. პირველ რიგში, აჩვენებს იმას, რომ მედია, როგორც მდგრადი სისტემა, ჩამოყალიბებული არ არის ქვეყანაში და ყოველი არჩევნების შემდეგ პირველი ცვლილება სწორედ მედიაში ხდება ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ წრეზე ვტრიალებთ, დავუბრუნდით ისევ 2012 წელს, როდესაც  ორპოლუსიანი მედიაბაზარი გვქონდა და ერთ მხარეს გვაქვს “რუსთავი 2″, რომელიც კრიტიკულადაა განწყობილი მთავრობისადმი და მეორე მხარეს- ეს სამი მააუწყებელი. ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადებრივ მაუწყებელს, რომლის ბედი ასევე გაურკვეველია და ველოდებით, ვინ იქნება გენერალური დირექტორი”- ამბობს ის.

ნატა ძველიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ შესაძლო რეალობაზე, რომლის მიხედვითაც,  შესაძლოა, იმედის და რუსთავი 2-ის სარეკლამო დრო ერთმა კომპანიამ გაყიდოს, რაც ამ კუთხით არსებულ სტატუსკვოს შეცვლის.

“ეს ასევე მიანიშნებს და აჩვენებს იმას, რომ კვლავ გადადგილებას ექნება ადგილი, თუ გარიგება შედგა, ეს კიდევ უფრო დააზიანებს პატარა მაუწყებლებს, რომლებსაც სარეკლამო ბაზარი პრინციპში აღარ დარჩებათ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი