ახალი ამბები

ინა გუდავაძე: “მაესტროს” საკონტროლო პაკეტი შევიძინეთ, სრულდება მოლაპარაკება GDS-თან

27 დეკემბერი, 2016 • 3125
ინა გუდავაძე: “მაესტროს” საკონტროლო პაკეტი შევიძინეთ, სრულდება მოლაპარაკება GDS-თან

მედიაჰოლდინგ “იმედის” მფლობელი ინა გუდავაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკვშირებით წარმატებით დასრულდა. ინა გუდავაძის თქმით, ასევე დასასრულს უახლოვდება მოლაპარკაებები ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით.

“მედიაჰოლდინგი “იმედ”ი მოხარულია გაცნობოთ, რომ ჩვენი მოლაპარაკებები ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკვშირებით წარმატებით დასრულდა და 2017 წლის იანვრიდან ტელეკომპანია მაესტრო გახდება ჰოლდინგ იმედის შემადგენელი ნაწილი. ასევე დასასრულს უახლოვდება მოლაპარკაებები ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სულ მალე ეს მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდება. უნდა აღვნიშოთ, რომ ეს გარიგება არ ეხება Georgian Dream Studio-ს, რომელიც დარჩება მისი დღევანდელი მსფლობელის საკუთრებაში”, – ნათქვამია მედიაჰოლდინგ “იმედის” მფლობელის, ინა გუდავაძის განცხადებაში.

ტელკომპანია “მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ ინა გუდავაძის ამ განცხადებამდე ნეტგაზეთს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ “ფაქტობრივად მიღწეულია” შეთანხმება მედია-ჰოლდინგის შექმნაზე, რომელშიც ტელეკომპანიები: იმედი, მაესტრო და ჯი-დი-ესი გაერთიანდებიან. თუმცა, როგორც გაჩეჩილაძემ ნეტგაზეთს მაშინ განუცხადა, საუბარი არ იყო იმის შესახებ, რომ იმედი მაესტროსა და ჯი-დი-ესის წილებს ყიდულობდა. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში ტელეკომპანიების მესაკუთრეები არ იცვლებოდნენ.

ინა გუდავაძის განცხადების შემდეგ ნეტგაზეთი კვლავ დაუკავშირდა გაჩეჩილაძეს, რომელმაც ამჟამად უკვე განაცხადა, რომ მან ინა გუდავაძეს თავისი აქციები გადასცა და სწორედ ეს გვითხრა თავის დროზეც. კითხვას, უსასყიდლოდ გადასცა თუ არა არა მან აქციები მედიაჰოლდინგ იმედს, გაჩეჩილაძემ უპასუხა “უსასყიდლოდ რამე ხდება?”.

მასალების გადაბეჭდვის წესი