ახალი ამბები

იმედი, მაესტრო და GDS ერთ მედია-ჰოლდინგში ერთიანდებიან – გიორგი გაჩეჩილაძე

27 დეკემბერი, 2016 • 6402
იმედი, მაესტრო და GDS ერთ მედია-ჰოლდინგში ერთიანდებიან – გიორგი გაჩეჩილაძე

ტელეკომპანია “მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელის, გია გაჩეჩილაძის განცხადებით, “ფაქტობრივად მიღწეულია” შეთანხმება მედია-ჰოლდინგის შექმნაზე, რომელშიც ტელეკომპანიები: იმედი, მაესტრო და ჯი-დი-ესი გაერთიანდებიან.

როგორც გაჩეჩილაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, საუბარი არ არის იმის შესახებ, რომ იმედი მაესტროსა და ჯი-დი-ესის წილებს ყიდულობს. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში ტელეკომპანიების მესაკუთრეები არ იცვლებიან:

“ტყუილია ეგ ინფორმაცია, არაფერს არ ყიდულობს იმედი, უბრალოდ, კეთდება დიდი მედია-ჰოლდინგი, სადაც მარტო ტელევიზიები არ იქნებიან გაერთიანებული. ამ მოლაპარკაებებში ვართ ახლა, რომ გავაკეთოთ დიდი მედია-ჰოლდინგი და ფინანსებიც შესაბამისად ერთი წყაროდან მოდიოდეს, ეს წყარო კი ქალბატონი ინა გუდავაძეა. [ეს საჭიროა იმისათვის, რომ ] ახალი, საინტერესო სიტუაცია დაიწყოს ქართულ ტელესივრცეში, რადგან, მე მგონი, ძალიან დაძველდა ეს ყველაფერი და ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება, თუ ეს ჰოლდინგი და გაერთიანება შედგება. მესაკუთრეები არ იცვლებიან. უბრალოდ, მედიაჰოლდინგზეა საუბარი რათა, ძალები გავაერთიანოთ და სინერგია მოვახდინოთ ძალების”, – განუცხადა გაჩეჩილაძემ ნეტგაზეთს და დასძინა, რომ ჰოლდინგს ეყოლება ერთი მენეჯმენტი – დირექტორთა საბჭო.

მისივე თქმით, შემდეგ ეტაპზე განიხილება ჰოლდინგში რადიოებისა და გაზეთების გაერთიანებაც:

“მედია-ჰოლდინგი  გააერთიანებს რამდენიმე ტელევიზიას, ამ ეტაპზე ჯი-დი-ესს, იმედს დ მაესტროს, რამდენიმე რადიოს, რამდენიმე გაზეთს. ეს ყველაფერი ეტაპობრივად მოხდება და ექნება [ერთი] დაფინასნება. ყველაფერი დალაგდება, მათ შორის ფინანსები. თქვენ იცით, სარეკლმო ბაზარზე რა სიტუაციაა, რეკლამის ამბავიც დალაგდება, წელში გაიმართება ეს ყველაფერი. გაუმჯობესდება  ეთერის ხარისხი, წამოვა ახალი გადაცემები და საზოგადოების მოთხოვნილებებსაც უფრო დავაკმაყოფილებთ”.

გიორგი გაჩეჩილაძე რამდენიმე რადიოსაც ასახელებს, რომლებიც, მისი თქმით, სამომავლოდ ჰოლდინგში მოიაზრებიან: რადიო იმედი, რადიო უცნობი.

გაჩეჩილძეს ვკითხეთ, შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მედია-ჰოლდინგის შექმნის შემდეგ საინფორმაციო გამოშვება მხოლოდ იმედზე გავა, რაზეც მან გვიპასუხა, რომ ამ ტიპის საკითხებზე მსჯელობა არ მიმდინარეობს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა იმედის დირექტორს, გიორგი ბახტაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ამ საკითხზე ტელეკომპანია ოფიციალურ განცხადებას 17:00 საათზე გააკეთებს. ტელეკომპანია ჯი-დი-ესშიც განგვიცხადეს, რომ განცხადება დღის განმავლობაში გაკეთდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი