ბათუმში, „ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკური კოალიციის წევრებმა არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრეს. კერძოდ, ბათუმის N16 უბანზე „ქართული ოცნების” დამკვირვებელმა გამოავლინა პირი, რომელიც ყალბი პასპორტით აპირებდა ხმის მიცემას, ამომრჩეველი გიორგი კალანდაძე, პირადი ნომრით: 61002002805. „ქართული ოცნების” ოფისში მოიპოვეს ამომრჩეველთა სიაში მყოფი, მოქალაქე გიორგი კალანდაძის ფოტო და ასევე საარჩევნო უბანზე მყოფი პირის ფოტო, რომელიც თავს გიორგი კალანდაძედ ასაღებდა და ჟურნალისტებს წარუდგინეს. მურნან დუმბაძის განცხადებით, მათი ინფორმაციით, გიორგი კალანდაძე უშიშროების თანამშრომელია.
„ქართული ოცნების” წარმომადგენლების თქმით, ბათუმის N12-ე უბანზე ვინმე ირაკლი თავბერიძე ასევე ყალბი პასპორტით ცდილობდა ხმის მიცემას, მაგრამ გამოვლენის შემდეგ იგი უბნიდან გაიქცა.
N 22- ე უბანზე კი ამომრჩეველ ედნარ მიქელაძეს ხმა მის ნაცვლად სხვამ მისცა. ერთიან სიაში ასევე გაყალბებული იყო ალექსანდრე ტარიელაძის ხელმოწერა და ამომრჩეველმა ხმა დაკარგა, იგივე მოხდა N 32- ე უბანზე, სადაც ორი ამომრჩევლის ნაცვლად სხვას ჰქონდა ხმა მიცემული.
N 9-ე საარჩევნო უბანზე კი დემოკრატიის და ბიზნესის განვითარების ცენტრის დამკვირვებლის, მარიამ ხუხუნაიშვილის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ყალბი პასპორტებით ხმის მიცემას. ფრიდონ სურნამიძემ და დავით სვინტრაძემ ორჯერ მისცეს ხმა. ამავე უბანზე ასევე გამოვლინდა ფაქტი, როცა ამომრჩეველმა ზურაბ ართმელაძემ პირადობის მოწმობით მისცა ხმა და იგივე პირი რამოდენიმე ხმის შემდეგ მობრუნდა და უკვე საზღვარგარეთის პასპორტით აპირებდა ხმის მიცემას, თუმცა დამკვირვებლებმა ამის უფლება არ მისცეს.
N 52 უბანზე ამომრჩეველ სერგო ტუსკიამ ვერ შეძლო ხმის მიცემა, აღმოჩნდა, რომ მის ნაცვლად ხმა სხვა პირმა მისცა.