ახალი ამბები

აგიტაცია ‘ნაცმოძრაობის’ სასარგებლოდ და დამკვირვებელთა შეზღუდვა საარჩევნო უბნებზე

1 ოქტომბერი, 2012 •
აგიტაცია ‘ნაცმოძრაობის’ სასარგებლოდ და დამკვირვებელთა შეზღუდვა საარჩევნო უბნებზე

ჟურნალისტებს მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ მედიაცენტრში 13:30 საათზე მიაწოდა.

 

ნინო ლომჯარიას თქმით, ამომრჩეველთა აქტივობა 2008 წელთან შედარებით მაღალია. 2008 წელს არჩევნების დღეს, 12 საათზე, აქტივობა 22% იყო.

 

“სამართლიანი არჩევნების” ცნობით, აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებს უფლებები შეეზღუდათ კიდევ სამ უბანზე – გლდანის#33, ისნის #23 და ქუთაისის #70 უბნებზე. გარდა ამისა, ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა ჩოხატაურის #18, მარტვილის #2, გლდანის #54 და დმანისის #4 უბნებზე. ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ მარკირება არ მოწმდება ოზურგეთის #45, საბურთალოს #13 და მარნეულის #68 უბნებზე. სხვადასხვა უბანზე ასევე ფიქსირდება არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემისა და საარჩევნო დოკუმენტაციის არასწორად შევსების ფაქტები.

 

“სამართლიანი არჩევნები” განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ახალქალაქის #9 უბანზე, სადაც არ კეთდებოდა მარკირება, საარჩევნო უბანზე შეინიშნებოდა ქაოსი, ხმის მიცემა ხდება პირადობის მოწმობის გარეშე, კომისიის წევრები აგიტაციას უწევენ ნაციონალურ მოძრაობას, ბიულეტენში რეგისტრატორები თავად ხაზავენ სუბიექტს და ისე აძლევენ ბიულეტენებს ამომრჩეველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ კენჭისყრის პროცესის შეჩერებას და დარღვევის აღმოფხვრას, ასევე, შესაბამისი კომისიის წევრების პასუხისმგებლობას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

13:30 საათის მონაცემებით, “სამართლიან არჩევნებს” ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიაში 11 საჩივარი აქვს დარეგისტრირებული, საუბნო კომისიებში კი – 34.

მასალების გადაბეჭდვის წესი