ახალი ამბები

სასამართლომ მაია რჩეულიშვილი პატიმრობაში დატოვა

21 დეკემბერი, 2016 • 2658
სასამართლომ მაია რჩეულიშვილი პატიმრობაში დატოვა

“ცენტრ-პოინტის” საქმეზე ბრალდებული მაია რჩეულიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლას რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვდა.

ადვოკატმა მარინე ცუცქირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსამართლე “ზემოქმედების ქვეშ” მოექცა.

“წარვადგინეთ უამრავი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მაია რჩეულიშვილის მდგომარეობა არის მართლაც მძიმე და მას სჭირდება უამრავი გამოკვლევა, მაშინ, როდესაც პროკურატურამ საპირისპირო დაგვიდო, პროკურატურაში შედგენილი დასკვნა. ჩვენთვის ნამდვილად ახალი აღმოჩნდა, პროკურორებს თუ ჰყავდათ ასეთი კვალიფიციური ექიმები, დადეს დასკვნა, რომ თურმე მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობს მდგომარეობა მძიმე არ ყოფილა,”- განაცხადა ადვოკატმა მარინე ცუცქირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პროკურორმა დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებთან საურისას განაცხადა, რომ მაია რჩეულიშვილის მდგომარეობა შეცვლილი და დამძიმებული არ არის.

“საფუძველი იმისი, რომ ამ კუთხით კიდევ ერთხელ სასამართლო პროცესზე განხილული იქნას მაია რჩეულიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხი, იქნება უსაფუძვლო,”- განაცხადა პროკურორმა.

მთავარმა პროკურატურამ „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს, გუკა რჩეულიშვილს, ,,ცენტრ პოინტი აჭარის“ დირექტორებს, ირაკლი მინდელს და სალომე ჩარკვიანს ბრალი 10 ივლისს წაუყენა. მათ გამოძიება დიდი ოდენობით, ჯგუფურად, სხვისი ქონების გაფლანგვას ედავება. ჯამური თანხა 21 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.  12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა, თუმცა სალომე ჩარკვიანი მოგვიანებით პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი