ახალი ამბები

მოლაშვილი მოსალოდნელ საფრთხესა და ციხეში მისი წამების დეტალებზე ალაპარაკდა

29 სექტემბერი, 2012 •
მოლაშვილი მოსალოდნელ საფრთხესა და ციხეში მისი წამების დეტალებზე ალაპარაკდა

ამის შესახებ სულხან მოლაშვილმა “მეცხრე არხის” ეთერში განაცხადა:

 

„უნდა გავამხილო და გავახმაურო ინფორმაცია, რომელიც ჩემთვის ცნობილი გახდა რამდენიმე საათის წინ. მაღალი თანამდებობის პირმა, რომელმაც დიდ თანამდებობებზე მუშაობდა ინტერპოლში, დაზუსტებული ინფორმაცია მომაწოდა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება გეგმავს 2 ოქტომბერს საშინელი ციფრების გამოქვეყნებას. ამ ინსპირირებული არეულობის ფონზე, სასწაულებრივ ზღაპრებს ვერც ერთი ჭკუათმყოფელი კაცი ვერ მოითმენს და გააპროტესტებს“.

 

მოლაშვილის თქმით, არეულობის ფონზე შეეცდებიან ოპოზიციონერების წინააღმდეგ გალაშქრებას: „არა მარტო ინტრიგანული ჩანაწერების და სხვადასხვა მიკიბმოკიბული ჭორების გავრცელების მეშვეობით, არამედ უკვე ფიზიკურად შეეხებიან. როგორც ეს კაცი ბრძანებს, არ არის გამორიცხული ამ არეულობის ფონზე იერიში მიიტანონ ივანიშვილის გარემოცვაზე და თვითონ ბატონ ბიძინაზე.“

 

მოლაშვილი აცხადებს, რომ მან ამ განცხადების გასაკეთებლად, მეცხრე არხის ეთერი გამოიყენა, რადგან ივანიშვილის გარემოცვას ვერ დაუკავშირდა:  „საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ თუკი ხელისუფლებამ ასეთი ნაბიჯები გადაგა და შეეცადა ინსპირირებას არეულობის, ის დაისახავს მხოლოდ ერთ მიზანს, ხალხის დაბეჩავების და კიდევ ერთხელ წელში გატეხვას. ასევე ოპოზიციური ლიდერების და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის ანგარიშსწორების მიზანს. ალბათ დაცვის სამსახურები შესაბამის დასკვნებას გააკეთებენ.” 

 

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი თანამდებობის უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით 2004 წელს დააკავეს. დაკავებიდან მალევე საზოგადოებამ იხილა ფოტოები, რომელზეც ნაწამები სულხან მოლაშვილი იყო აღბეჭდილი. მას მთელი ზურგი სიგარეტით ჰქონდა ამომწვარი, სხეულზე უამრავი ჩაქცევა და სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა. მოლაშვილის წამების საქმე დღემდე გამოუძიებელია:

 

სულხან მოლაშვილმა “მეცხრე არხის” ეთერში განაცხადა, რომ ხალხის დაჭერა ბოკერიას და რამიშვილის სიებით მოხდა, მან ასევე დაასახელა ის პირები, რომლებიც ციხეში მის წამებას ესწრებოდნენ და ამაში მონაწილეობდნენ:

 

“ესენი გახლავთ გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი, გრიგალაშვილი და სხვები. არყით გაჟღენთილი, მთვრალი, ელექტროშოკით და სიგარეტის გამოყენებით მაწამეს. ისინი მოითხოვდნენ მხოლოდ ერთი წინადადება დაწერე, რომ სააკაშვილის მიერ იუსტიციის მინისტრობისას გაფლანგული ფულის შესახებ, კონტროლის პალატის მიერ გაკეთებული დასკვნები თითქოსდა შევარდნაძის პოლიტიკური შეკვეთა ყოფილიყო. მხოლოდ ამ ერთ ფრაზას ითხოვდნენ. როცა ეს ამბავი გახმაურდა, სტრასბურგის წყალობით ეს შეწყდა”.  

 

მოლაშვილმა ციხეში 3 წელზე მეტი გაატარა, ბოლოს პატრიარქის თხოვნით შეიწყალეს. გათავისუფლების შემდეგ, მან ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანა და საქართველოს ხელისუფლება მის უკანონო და პოლიტიკური ნიშნით დაკავებაში დაადანაშაულა. ამჟამად სულხან მოლაშვილი ემიგრაციაში საფრანგეთში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი