ახალი ამბები

შსს-ს პასუხი ყიფიანის მკვლელობის დაკვეთაში კუდის უფროსის მონაწილეობის შესახებ ვიდეომასალაზე

28 სექტემბერი, 2012 •
შსს-ს პასუხი ყიფიანის მკვლელობის დაკვეთაში კუდის უფროსის მონაწილეობის შესახებ ვიდეომასალაზე

შსს-ს ცნობით, თეიმურაზ პატარიძის ძმა – ოთარ პატარიძე ქ. მოსკოვში მართლაც ჰყავდათ გატაცებული ფულის გამოძალვის მიზნით, რაზედაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2010 წელს დაწყებულია გამოძიება.

 

“გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ სპეცსამსახურებს არ ჰქონდათ საშუალება, ჩართულიყვნენ ამ საქმეში და გაეთავისუფლებინათ გატაცებული,  ხოლო ოთარ პატარიძის სიცოცხლეს ემუქრებოდა რეალური საფრთხე, გატაცებულის ოჯახის მოთხოვნით გადაწყდა, რომ გატაცებულის ნათესავს, კერძოდ კი, მის სიმამრს, რომელიც ცხოვრობს მოსკოვში, გადაეხადა გამტაცებლების მიერ მოთხოვნილი თანხა, რათა გაეთავისუფლებინათ ოთარ პატარიძე,” – აცხადებენ შსს-ში.

 

შსს-ს ცნობით, გავრცელებულ კადრებში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, გარდა სასტიკად ნაწამები ოთარ პატარიძის იძულებითი საუბრისა, რომლებიც მიუთითებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიმე სახით მონაწილეობას მკვლელობის დაკვეთაში:

 

“ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ტელეკომპანია „მაესტრო”  ქართველი კრიმინალების და რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ ერთობლივ ოპერაციას იყენებს ჩვენი უწყების დისკრედიტაციისთვის”, – აცხადებენ შსს-ში.

 

ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ოთარ პატარიძე, რომელიც იმ დროისთვის მოსკოვში იმყოფება, ჩეჩნურ დაჯგუფებას ყიფიანის მკვლელობას უკვეთავს. აღნიშნული მასალების მიხედვით, ყიფიანის მკვლელობაში აჭარის კუდის უფროსი 100 ათას დოლარს იხდის.

„ამ ზაფხულში რომ ვიყავი ბათუმში ჩასული, ძმამ მითხრა, სერიოზული საქმე მაქვსო, ვატო ყიფიანი რომ არისო და ჩეჩნები ხომ გყავსო, გავიგოთ, თუ მოაწერენ ხელს ჩეჩნები, რომ დაბრიდონო. მე წამოვედი მოსკოვში, ვნახე ჩეჩნები. სკაიპით გადმოვაგაზვნინე სურათი. საქმე გაიწელა, ჩეჩნებმა ფული აიღეს, 100 ათასი, მომატყუეს, ვატო მოკლესო,“ – ამბობს ოთარ პატარიძე ვიდეომასალაში.

ოთარ პატარიძე ძმას ტელეფონით ატყობინებს, რომ ჩეჩნებმა ვატო ყიფიანი მოკლეს და მან „ტრუპი“ თავისი თვალით ნახა და დავალების შესრულებისათვის დაპირებული 100 ათასი დოლარი უნდა გადაუხადოს საღამოს 8 საათამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი საქმე ცუდად იქნება.

აჭარის კუდის უფროსი თემურ პატარიძე თანხის გადაცემის შესახებ ჩეჩნებს ესაუბრება. სატელეფონო საუბრისას პატარიძე ამბობს, რომ ჩეჩნებს თანხას მოსკოვის ცენტრში უცნობი გადასცემთ.

უცნობი ჩეჩნებს ურეკავს და ატყობინებს, რომ თანხას იმ შემთხვევაში გადასცემს, თუ გარანტიებს მიიღებს, რომ დავალება შესრულებულია. ჩეჩნები თემურ პატარიძეს უკავშირდებიან და თანხის გადაცემას დაუყოვნებლივ სთხოვენ. უცნობს ჩეჩნებთან თანხა მიაქვს და ახცადებს, რომ ფული თემურ პატარიძის სატელეფონო ზარის შემდეგ მიიტანა.

შემდეგ ვიდეო ~კადრებში ოთარ პატარიძე უცნობთან საუბარში ამბობს, რომ მის ძმას ვატო ყიფიანის მკვლელობა ვანო მერაბიშვილმა დაუკვეთა:

 

„ვანო იქნება მერაბიშვილი დამკვეთი. ეგ არის ჩემი ძმის უფროსი. ეს მთავრობიდან უნდა მოდიოდეს. ესენი აძლევენ ჩემს ძმას ფულს.“

აჭარის კუდის უფროსი თემურ პატარიძე ვახტანგ გორგასლის პირველი ხარიხსის ორდენით დააჯილდოვეს  ოპერაცია „ენვერის“ წარმატებით შესრულების გამო.

 

ოპერაცია „ენვერის“ შედეგად, 2010 წლის 5 ნოემბერს შსს-ს მიერ 15 პირი იქნა დაკავებული, რომლებიც, პოლიციის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან (ე.წ. „გრუ“-სთან) იყვნენ ფარულ კავშირში. მათ შორის იყო ბათუმში მცხოვრები ბიზნესმენი პეტრე ნურის ძე დევრიშაძე, რომელიც მალევე საპროცესო გარიგების შედეგად გაათავისუფლეს.

 

„ენვერის“ საქმესთან დაკავშირებით „მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის” 2010 წლის 15 ნოემბერს მიცემულ ინტერვიუში აჭარის ყოფილმა პირველმა ვიცე-პრემიერმა ბადრი მელაძემ განაცხადა, რომ „მთელი ეს ჯაშუშობის საქმე დევრიშაძემ და პატარიძემ მოაწყვეს. პატარიძემ ვარსკვლავი მიიღო, დევრიშაძე კი ცოტა ხნით ჩასვეს ციხეში და გამოუშვებენ“.

 

მისივე თქმით, ამას წინ უძღვოდა ის, რომ „პატარიძესა და დევრიშაძეს ერთობლივი ბიზნესი აქვთ – ცოტა ხნის წინ მათ აიღეს თევზსაჭერი გემი. პატარიძის ძმა რუსეთში იჯდა ციხეში და დევრიშაძე დაეხმარა მის გათავისუფლებაში. პატარიძესთან ერთად დევრიშაძე ამარაგებდა ქართულ არმიას კონსერვირებული ხორცით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი