პირველ შუალედურ ანგარიშში შესულია ინფორმაცია კომისიის საქმიანობის წესის შესახებ, მიღებული რეკომენდაციები და მათი შესრულების მონიტორინგი, რეაგირებები ფაქტებზე, რომლებიც კომისიისათვის არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და სხვა დაინტერესებული პირებისგან, ასევე მედიის მეშვეობით გახდა ცნობილი.
კომისიაში შემოსული ოფიციალური წერილების გარდა, საანგარიშო პერიოდში კომისიას რეგულარული კონტაქტი ჰქონდა პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზნით.
აღნიშნულ პერიოდში კომისიაში შევიდა შეტყობინებები და წერილები კოალიცია ქართული ოცნებიდან, ახალი მემარჯვენეებიდან, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან; ასევე, „ქართული ოცნების“ აქტივისტებისგან; არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგან, სამართლიანი არჩევნების დემოკრატიული საზოგადოებისგან, საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოდან, ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციიდან.
ტვირთის განბაჟება
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა 24 მაისს უწყებათაშორის კომისიას მიმართა და 27 მაისს თბილისში დაგეგმილი აქციისთვის თურქეთიდან შემოტანილი ტვირთის დროულად განბაჟებაში ხელშეწყობა ითხოვა. კომისია ფინანსთა
სამინისტროს დაუკავშირდა და ტვირთის დაჩქარებული წესით განბაჟების თხოვნით მიმართა. განბაჟება ვადაზე ადრე განხორციელდა.
ოფისებთან დაკავშირებული საქმეები
ოფისებთან დაკავშირებით შექმნილ სირთულეებთან დაკავშირებით კომისიაში 3 შეტყობინება შევიდა:
თეთრიწყაროს ოფისის საქმე: უწყებათაშორისი კომისიის ცხელ ხაზზე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს რაიონში კოალიციის ოფისთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის თაობაზე შეტყობინება შემოვიდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოგვიანებით კოალიციამ კომისიას ოფიციალური წერილით მიმართა და თერთრიწყაროს საოფისე ფართით სარგებლობაში შექმნილი სირთულეების აღმოსაფხვრელად რეაგირება მოითხოვა. „ქართული ოცნების“ ცნობით, მითითებულ ოფისში, რომელიც კოალიციას კერძო პირისგან ჰქონდა ნაქირავები, მათ პოლიტიკური ღონისძიების ჩატარება იმის გამო ვერ შეძლეს, რომ კოალიციის სარგებლობაში არსებულ ფართში უკანონოდ იმყოფებოდნენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მათ ოფისში შესვლის და ფართით სარგებლობის საშუალებას არ აძლევდნენ.
უწყებათაშორისმა კომისიამ საქმე რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თეთრიწყაროს რაიონულმა სამმართველომ წინასაგამოძიებო საქმე PRE №148580 დაიწყო. პოლიციამ იძულებით გადაადგილებული პირი, მოქალაქე თ.ე. გამოკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ ის მითითებულ მისამართზე ფართის მესაკუთრესთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე (ქირით) ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიცია კოალიცია “ქართული ოცნების“ წარმომადგენელს მ. ჩომახაშვილსაც გაესაუბრა.
თეთრიწყაროს რაიონულმა სამმართველომ ფართის ქირავნობის დოკუმენტაცია შეისწავლა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან მოქალაქე
თ.ე.-ს ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება გამოითხოვა.
მოკვლეული მასალების საფუძველზე, 23 ივნისს მოქალაქე თ.ე. პოლიციამ კოალიცია “ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული ფართიდან გამოასახლა და იგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოყოფილ ალტერნატიულ ფართში გადაიყვანა.
31 მაისს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მიერ გამოცემული რეკომენდაციის შემდეგ, რომელიც საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მათდამი დაქვემდებარებულ უწყებებში, ასევე
საჯარო სკოლებში ოტპიმიზაციის პროცესის შეჩერებას ითვალისწინებდა, კომისიამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი.
რეკომენდაციის გამოცემიდან (31 მაისიდან 4 აგვისტომდე) კომისიისთვის ცნობილი გახდა, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების შეფასებით, სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით დათხოვნის 14 შემთხვევა. 2 შემთხვევაში
გათავისუფლების ფაქტი საერთოდ არ დადასტურდა, 2 შემთხვევაში გათავისუფლების საფუძველი დისციპლინარული გადაცდომა იყო, 7 შემთხვევაში, კომისიის რეკომენდაციით, სამსახურში შვიდივე ადამიანი აღადგინეს, 1 შემთხვევაში
საჯარო მოხელე თანამდებობიდან მოქალაქეთა მხრიდან საჯარო კრიტიკის საფუძველზე გადადგა; ხოლო 2 შემთხვევაში სამსახურებრივ როტაციას ჰქონდა ადგილი. ამავე პერიოდში კომისიამ სამსახურიდან გათავისუფლების მუქარის 2 შემთხვევის შესახებ მიიღო შეტყობინება; 1 შემთხვევაში კი რეორგანიზაცია კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შეჩერდა.
ანგარიშში არ შესულა ის საქმეები, რომლებიც 18 მაისამდე, კომისიის შექმნამდე, გათავისუფლებების ფაქტებს შეეხება. სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინტერნეტ-პორტალზე ასახულია სამსახურიდან გათავისუფლების 53 ფაქტი, რომელსაც 2011 წლის სექტემბრიდან 2012 წლის აგვისტომდე ჰქონდა ადგილი.
უწყებათაშორისი კომისიის ანგარიშში ასევე შევიდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ არსებული ფაქტებიც.
უწყებათაშორისმა კომისიამ 13 ივლისს გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს თხოვნით მიმართა, მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რამდენად სრულდება რეკომენდაცია, რომელიც საჯარო მოხელეებს დაქვემდებარებულ პირთა საარჩევნო კამპანიაში ჩართვის დავალდებულებას უკრძალავს; ასევე კონკრეტული ფაქტები, რომლებიც მსგავსი პრაქტიკის არსებობას დაადასტურებდა.
ერთ–ერთი საქმე ეხებოდა თბილისის მერიის მიერ სკოლებისთვის თანხის გადარიცხვას.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და “ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციამ კომისიას თბილისის მერიის მიერ დედაქალაქის საჯარო სკოლებისთვის მაის-ივნისის თვეში 5 000-დან 10 000 ლარამდე თანხის ჩარიცხვის მართლზომიერების გარკვევას შესწავლის თხოვნით მიმართა.
უწყებათაშორისი კომისია დაუკავშირდა როგორც თბილისის მერიას, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და გაარკვია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და საჯარო სკოლების რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნული ინსტიტუტები 2010 წლიდან ახორციელებენ პროექტს, რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და საჯარო სკოლების რეაბილიტაციას, ინსტიტუციონალურ განვითარებას, აღზრდის თანამედროვე სისტემების დანერგვას, თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.
განათლებისა და მეცნირების სამინისტრო და თბილისის მერია ამ მიზნით თანხებს გამოყოფენ სასწავლო დაწესებულებებისათვის, რომლებიც მიღებულ ფინანსებს საკუთარი საჭიროებისამებრ განკარგავენ. 2010 წელს ამ მიზნით ასიგნებები თბილისის მერიის ბიუჯეტიდან გამოიყო, 2011 წელს – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან; ხოლო 2012 წელს კი – როგორც სამინისტროს, ასევე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან. ვინაიდან სკოლები ავტონომიურ ინსტიტუტებს წარმოადგენენ, ისინი თავად წყვეტენ, რა საჭიროებით გამოიყენონ მიღებული ასიგნებები. რიგ შემთხვევაში ეს თანხები სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა, გარკვეულ შემთხვევაში – პედაგოგთა სტიმულირების მიზნით პრემიებს, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების შემუშავებას და სხვა ღონისძიებებს.
ანგარიშში ასევე მოხვდა სტუდენტური დასაქმების პროგრამა.
ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციამ კომისიას მიმართა, შეესწავლა, ხომ არ წარმოადგენდა სტუდენტური დასაქმების “Summer Job” ერთთვიანი პროგრამა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, რის საფუძველსაც, ორგანიზაციის
აზრით, იმდროინდელი განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის სტუდენტებთან შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადებები იძლეოდა.
აღნიშნული საკითხების შესწავლის მიზნით, უწყებათაშორისი კომისია დაუკავშირდა განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსა და ქალაქ თბილისის მერიას. კომისიამ ასევე შეისწავლა 2012 წლის 7 ივნისს სტუდენტებთან გამართულ
შეხვედრაზე განათლების და მეცნიერების ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის გამოსვლის ვიდეოჩანაწერი, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ბ-ნ დიმიტრი შაშკინს თავის გამოსვლაში არავითარი მინიშნება არ გაუკეთებია იმის შესახებ, რომ
დასაქმების პროგრამა მმართველი პარტიის ღონისძიებებში ჩართვას გულისხმობდა. გამოსვლის დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემოდათ, მიეღოთ ანაზღაურებადი
სამუშაო და კარიერული გამოცდილება, რაც სამომავლოდ მათი დასაქმების შესაძლებლობას გაზრდიდა. მან ასევე განმარტა, რომ აღნიშნული პროგრამა ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.
სამინისტროს განმარტებით, მსგავსს პროგრამას თბილისის მასშტაბით 2006 წლიდან დედაქალაქის მერია ახორციელებდა. აღნიშნულ პროექტებში მონაწილეობა 17 000-მა სტუდენტმა მიიღო. სტუდენტები სხვადასხვა საქალაქო სამსახურში მუშაობდნენ. თითოეული სტუდენტი ქალაქის ყველა უბანში: დასუფთავების, ტრანსპორტის, გამწვანებისა და კეთილმოწყობის სფეროში სხვადასხვა სამუშაოებს ახორციელებდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, აღნიშნული პროექტის მიმართ სტუდენტების მზარდი ინტერესის გამო, მიიღო გადაწყვეტილება, იგი საერთო ნაციონალური მასშტაბით განეხორციელებინა და მომავლაშიც გეგმავს
პროგრამის გაგრძელებას. ამასთანავე, იგეგმება დასასაქმებელ სტუდენტთა რაოდენობის გაზრდა, რათა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა უფრო მეტ რაოდენობას მიეცეს შესაძლებლობა,
დასაქმდეს ზაფხულის პერიოდში, მიიღოს სამუშაო გამოცდილება, განივითარონ ცოდნა და მიიღოს ანაზღაურება
უწყებათაშორისი კომისია საარჩევნო კოდექსის საფუძველზე შეიქმნა და მის საქმიანობას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში შინაგან საქმეთა, იუსტიციის, რეგიონალური განვითარების და
ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, საგარეო საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის წარმომადგენლები შედიან.