ახალი ამბები

მოქალაქეების მცირე ჯგუფი უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრალვას მოითხოვს

20 დეკემბერი, 2016 • 2721
მოქალაქეების მცირე ჯგუფი უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრალვას მოითხოვს

თბილისში, პარლამენტის ბალანსზე არსებულ შენობასთან, მოქალაქეებისს მცირე ჯგუფის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვას მოითხოვს.

აქცია “ქართული მისიის” მიერ არის ორგანიზებული. ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის, რამაზ გაგნიძის თქმით, ჯერ გაყიდვა უნდა აიკრძალოს, ხოლო შემდეგ, თუ საჭირო იქნება, რეგულაციები დაწესდეს:

“ჩვენ მოვითხოვთ ქართული მიწის უცხოელებისგან შესყიდვის აკრძალვას. ჯერ ავკრძალოთ და შემდეგ, თუ რამე ნიუანსები იქნება სარეგულაციო, შემოვიღოთ რეგულაციები. ქართული მიწა-წყალი ქართულ გენში ზის, ეს ქართული გენი არ უნდა დაიკარგოს. ძალიან გაბრაზებული ვარ ამ დეპუტატებზე, ერთი კაცი ვერ ვნახე გამოსული ამ აქციაზე ქართული მიწა-წყლის დასაცავად, რასაც ჩვენი მამა-პაპა შეეწირა 26 საუკუნე, ჩვენ წელთაღრიცხვამდე და წელთაღრიცხვის შემდეგ,” – აცხადებს რამაზ გაგნიძე.

2013 წელს საქართველოს პარლამენტმა უცხოელებზე მიწის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა, ხოლო 2014 წელს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხოელებისთვის საქართველოში მიწის ფლობაზე დაწესებული მორატორიუმი გაუქმდა.

ამჟამად პარლამენტში კიდევ ერთი კანონპროექტია ინიცირებული, რომლის თანახმად, უცხოელი მოიპოვებს საკუთრების უფლებას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, თუ: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მიღებული აქვს მემკვიდრეობის გზით; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეების მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი.

განქორწინების/კომლიდან გასვლის შემთხვევაში უცხოელი ინარჩუნებს წილს თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე, თუ ის აკმაყოფილებს უცხოელის მიმართ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებისთვის ამავე კანონით განსაზღვრულ პირობებს; გააჩნია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი