სასამართლო დღეს არჩევნებზე მედიის შემზღუდავი რეგულაციის გაუქმებაზე იმსჯელებს

დღეს, 27 სექტემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა დარასელია განიხილავს ცესკოს იმ დადგენილების გაუქმების საკითხს, რომელიც მედიას არჩევნების დღეს ფოტო–ვიდეოგადაღებაზე გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს.

ცესკოს დადგენილება სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, მედიაკლუბმა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ გაასაჩივრეს.

 

გარდა ამისა, ცესკოს დღეს, 18:00 საათამდე აქვს ვადა, გააუქმოს ან შეიტანოს ცვლილება მის მიერვე 25 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

 

მედიის წარმომადგენლები 26 სექტემბერს, ცესკოს წევრებს ორი საათის განმავლობაში უსაბუთებდნენ, თუ რატომ უნდა გააუქმოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 დღის წინ მიღებული დადგენილება, რომელიც მედიას არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო–ვიდეოგადაღებას უზღუდავს.

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, თამარ კორძაიას თქმით, მედიის წარმომადგენლები, რომელთა შორის თავადაც იყო, ცალსახად მოითხოვდნენ ცესკოსგან, გაეუქმებინა სადავო დადგენილება.

 

როგორც თამარ კორძაია ამბობს, ცესკოს წევრებმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ ცესკო მხოლოდ დადგენილების გარკვეული პუნქტების შეცვლაზე იმსჯელებს და პასუხს დაინტერესებულ მედიას რამდენიმე საათში აცნობებს.

 

ეთიკის ქარტიის აღამსრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ცესკო თანახმაა, რომ გარკვეული ცვლილება შეიტანოს პუნქტებში, რომელიც ზღუდავს საარჩევნო უბანზე ჟურნალისტების გადაადგილებას და საარჩევნო კაბინის გადაღებას.

 

 ჟურნალისტები უკვე მესამე დღეა მოითხოვენ ცესკოსგან, გააუქმოს 25 სექტემბერს, გამთენიისას მიღებული დადგენილება, რადგან ის მათ ფოტო–ვიდეოგადაღების უფლებას მნიშვნელოვნად უზღუდავს არჩევნების დღეს. მაგალითად, ამ დადგენილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, ჟურნალისტებს არ შეეძლებათ გადაიღონ საარჩევნო კაბინა, თუ ისინი კამერით დატოვებენ საარჩევნო უბანს, ვერ დაბრუნდებიან და გადაღებას ვერ გააგრძელებენ, ასევე ვერ ჩაწერენ ინტერვიუებს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, მათ თავისუფლად გადაღების საშუალება მხოლოდ 10 წუთის მანიძლე ექნებათ.

 

მედიის შემზღუდავი დადგენილების მიღებას ცესკოს სხდომაზე მხარი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაუჭირეს ქრისტიან–დემოკრატებმა.

 

მოსამართლე ნანა დარასელია, რომელმაც ცესკოს დადგენილების გაუქმების საკითხი უნდა გადაწყვიტოს, წლების მანძილზე არაერთი გახმაურებული ადმინისტრაციული საქმე აქვს განხილული, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლების წარმომადგენელთა სასარგებლოდ დასრულდა. მათ შორისაა მიმდინარე წელს ბიძინა ივანშვილის ორჯერ, ჯამში, 43 მილიონამდე ლარით დაჯარიმება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge