“ამავდროულად, გაკვირვებული ვართ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელი განცხადებით. უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატიური არხები ამ თანამშრომლობის არც ერთ ეტაპზე არ მონაწილეობდნენ. თანამშრომლობა განხორციელდა სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროსაბჭოს კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმადაც კომუნიკაცია და თანამშრომლობა ხორციელდება უშუალოდ ორი ქვეყნის შესაბამის სამსახურებს შორის.
2012 წლის 23 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართა უფლებამოსილ სასამართლოს, რათა ქართული მხარისათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო ფრანგული გამოძიების, კერძოდ, ეროვნული ჟანდარმერიის ხელთ არსებული მასალები. 2012 წლის 25 სექტემბერს სრულად დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნა.
გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება საჯარო პირების შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობას და სახელმწიფო უშიშროებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, ქართულ მხარეს საფრანგეთის შესაბამისი ორგანოების წინაშე არ აუღია ვალდებულება მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობის შესახებ. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ კონფიდენციალობის დაცვა არც საფრანგეთის ეროვნულ ჟანდარმერიას და უფლებამოსილ მოსამართლეს არ მოუთხოვიათ.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოსა და საფრანგეთის კომპეტენტურ უწყებებს შორის განხორციელებული თანამშრომლობა, ისევე როგორც თანამშრომლობით მოპოვებული ინფორმაციის გასაჯაროება, სრულად შეესაბამება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივ სტანდარტებსა და ნორმებს.
კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით საფრანგეთის ეროვნულ ჟანდარემრიას ეფექტური თანამშრომლობისათვის”, – განაცხადა თინა ბურჯალიანმა.